7.18.2014

გახდით ბავშვივით ცნობისმოყვარე და გაეხსენით ახალ შესაძლებლობებს

წარმატების 365 დღე
58–ე დღე
პლატონი ამბობდა შემეცნება და აზროვნება გაკვირვებით იწყებაო. გაკვირვება კი ცნობისმოყვარეობის გარეგამოვლენაა. ცნობისმოყვარეობა და გაკვირვება ფრიად მნიშვნელოვანი ემოციაა. იგი ცოდნის წადილში გადადის და ადამიანი იწყებს ცოდნის შეძენა–დაგროვებას, უნარ–ჩვევების შემუშავებას. ცოდნა და გამოცდილება დაგროვებითი ბუნებისაა. იგი ფინანსურ კაპიტალს წააგავს იმაში, რომ ისიც ფულსავით დაგროვება–დაზოგვისკენ და დახარჯვაში  ავლენს თავს. ცოდნა–გამოცდილება  გროვდება და შემდეგ იგი მოიხმარება ცხოვრებაში. ასევეა გამოცდილებაც. განსხვავება ცოდნასა და გამოცდილებას შორის ისაა, რომ ცოდნის შეძენისას დაგროვება ინფორმაციას ეხება, ხოლო გამოცდილების გამდიდრებისას გროვდება და იხვეწება უნარ–ჩვევები და ხედვები. მაგრამ ასეა თუ ისე, ყველაფერი რაც აზროვნებას, ცოდნასა და გამოცდილებას ეხება  – ცნობისმოყვარეობითა და გაკვირვებით იწყება. სწორედ გაკვირვება და ცნობისმოყვარეობაა ის ბიძგი და იმპულსი, რითაც მოძრაობაში მოდის შემეცნებით ფუნქციები, რასაც  ფსიქოლოგები მეორენაირად კოგნიტურ ფუნქციებს უწოდებენ.
ცნობისმოყვარეობასა და გაკვირვებას, ისევე როგორც სხვა პოზიტიურ გრძნობებს, კულტივირება ესაჭიროება. იგი მუდმივად უნდა გაღვივდეს და არ უნდა ჩაკვდეს. წარმატებული ადამიანების ერთი ნიშან–თვისება სწორედ ისაა, რომ მათ გამუდმებით რაღაც უკვირთ, რაღაცას ეძიებენ, ბავშვივით ცნობისმოყვარენი არიან და ღიანი არიან სიახლისადმი. ისინი თვლიან, რომ იციან ის, რომ არაფერი არ იციან; მათ მიაჩნიათ, რომ არცოდნა არცოდვაა. მაგრამ  არსებობენ მოჩვენებითად მცოდნენი და ერუდიტები, მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი იციან და არაფერიც არ უკვირთ, კითხვებს ნაკლებად სვამენ თუ რამეს ვერ გაიგებენ და მიაჩნიათ, რომ შერცხვებიან თუკი უცოდინრობასა და არაინფორმირებულობას გამოხატავენ. ამიტომაც ისინი კარებს კეტავენ სიახლეთა მიმართ.  ისინი მოიგებენ დოგმატურობასა და სტანდარტულობაში, მაგრამ წარმატების კარები მათ მიმართ იხურება იქ, სადაც მეფობს კრეატიულობისა და სიახლეთა სამყარო.
დააკვირდით ბავშვებს: როგორ უხდებათ ცნობისმოყვარეობა, რა ლამაზები არიან ისინი სწორედ ცნობისმოყვარეობისა და გამუდმებული გაკვირვებისა გამო. და როგორც პოეტი იტყოდა:
„ეხ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს,
 ჩვენი ბავშვობა და სილამაზე“.

ის პატარა ბავშვი, რაც პატარაობაში იყავით,  არსადაც არ გამქრალა, მას თქვენში ძინავს, საჭიროა მისი გაღვიძება და აქტუალიზაცია. ამისათვის მიბაძეთ ბავშვებს ცნობისმოყვარეობაში და სიმბოლურად მაინც დაბრუნდებით ბავშვობაში. მაგრამ რაც მთავარია, გამუდმებული ცნობისმოყვარეობა აღმოგაჩენინებთ სიახლეებს, ახალ შესაძლებლობებს ცხოვრებაში, ბიზნესში, პროფესიაში და ადამიანებთან ურთიერთობაში. თუ გსურთ მოერიოთ სიზარმაცეს, გახდით ცნობისმოყვარე. თუკი იქნებით ცნობისმოყვარე, არაფერი აღარ მოგეჩვენებათ დაუძლეველად და მიუღწეველად. სწორედ ცნობისმოყვარეობა გიბიძგებთ, რომ რაღაც ახალი ისწავლოთ თვით უკიდურესად რთულ და გამოუვალ სიტუაციებში. ცნობისმოყვარეობა ევოლუციური თვალსაზრისით გადარჩენისა და განვითარების მნიშვნელოვანი მექანიზმია.

Комментариев нет :

Отправить комментарий