7.24.2014

წარმატება და მოლოდინი

წარმატების 365 დღე
62–ე დღე
„იდგნენ და ელოდნენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი“ – ამბობს  ვაჟა მთების მისამართით. დიდმა პოეტმა ანთროპომორფულად მთებს მიაწერა ადამიანთა ერთერთი მეტად მნიშვნელოვანი თვისება. ადამიანისთვის მართლაც დამახასიათებელია უსაზღვრო მოლოდინი იმ გაგებით, რომ ყველა მის მოქმედებას, იქნება ის დიდი თუ მცირე, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო, წარმართავს რაიმე მოლოდინი. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ვგრძნობდეთ ან ვეხებოთ, ვხედავდეთ და მოვიაზრებდეთ, თან გვდევს კონკრეტული მოლოდინი თუ რა მოხდება ან რასთან გვექნება საქმე. როცა დილა თენდება გაღვიძებისთანავე უკვე ველით, რომ ამას და ამას გავაკეთებთ, ასე და ამგვარად გაივლის ეს დღე; როცა სამსახურში ან სასწავლებელში მივდივართ, გვაქვს მოლოდინი, რომ ამასა და ამას შევხდებით, ესა და ეს გვექნება გასაკეთებელი, ამა და ამ სირთულეს წავაწყდებით.... მოკლედ, ჩვენს ყოველდღიურ ქცევასა და საქმიანობას არა მარტო ჩვენი განწყობა, წარსული გამოცდილება და აწმყოში აღმოცენებული მოთხოვნილებები განსაზღვრავს, არამედ მომავლისადმი და შესაძლო სამომავლო ხდომილებებისადმი ჩვენი მზაობა–მოლოდინიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩვენს ცხოვრებას. და აი, სწორედ მომავლისადმი ორიენტაცია მოლოდინებში იკრებს თავს და ამდენად მოლოდინები თავისებური „კომპასია“, რაც გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს განუსაზღვრელ და გაურკვეველ  სამომავლო სიტუაციაში. ამდენად მოლოდინების სახით ადამიანს წინასწარ აქვს მოცემული მომავალი. ადამიანის ფსიქიკაში მომავლის ასეთ წინასწარ მოცემულობას ეწოდება ანტიციპაცია. ანტიციპაციის უნარი თან სდევს ყველა ჩვენს აღქმას, სააზროვნო პროცესს, ურთიერთობებს ადამიანებთან, ყველანაირ საქმეს. ეს ანტიციპაცია ანუ მომავლის წინასწარ ხედვა მოლოდინების მეოხებით  ხორციელდება და ამდენად ჩვენს ფსიქიკას გარდა იმისა, რომ შეუძლია არსებული ვითარება ასახოს, პროგნოსტული ფუნქციაც აქვს. მომავლის ასეთი პროგნოზი, როგორც წესი, ალბათურია ანუ ადამიანი უშვებს, რომ მისი მოლოდინი გამართლდება ან 100%–ით ნ ნაწილობრივ, ვთქვათ 60%–ით,  ან 40%–ით და ა.შ. ცხადია, ეს მოლოდინები გამოცდილების მეოხებით ყალიბდებიან, ასე ვთქვათ, ცხოვრება მათ თვითონ აყალიბებს; მაგრამ ჩვენი არჩევანის როლიც დიდია, თუ რისი მოლოდინი გვექნება. იმავდროულად მოლოდინები ჩვენი რწმენებითა და საბაზო დაშვებებით იკვებება, ხოლო თავის მხრივ რწმენანი მოლოდინთა საფუძველზე ყალიბდებიან. მოლოდინებსა და რწმენას შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთკავშირი ფაქტობრივი მოცემულობაა. მოლოდინების უმეტესობა ავტომატურად და გაუცნობიერებლად მოქმედებენ და მხოლოდ მაშინ ცნობიერდებიან, როცა მოულოდნელი რამ მოხდება. მაგალითად, ორი მეგობრის ურთიერთობა შეიცავს ურთიერთ–მოლოდინებს და მათ ხშირად წინასწარ იციან თუ ამა და ამ სიტუაციაში რას მოიქმედებს მეგობარი, ხოლო მოქმედებისა და ურთიერთობის პროცესში ეს მოლოდინები თითოეულ მათგანს ყურადღებისა და ცნობიერების გარეთ აქვს გატანილი ანუ ისინი გაუცნობიერებლად მოქმედებენ. საკმარისია, ჩვენმა მეგობარმა რაიმე ისეთი მოიქმედოს, რასაც ჩვენ მისგან არ მოველით, იმ წუთშივე ამოტივტივდება და გაცნობიერდება: „ მე შენგან ამას არ ველოდი;  სულ სხვა წარმოდგენა მქონდა შენზე“. ასე ხდება ცხოვრების სხვა სფეროებშიც: გარემოსთან ურთიერთობაში, რთულ თუ მარტივ სიტუაციებში, საგამოცდო სიტუაციაში თუ ბიზნეს –გათვლების დროს, სპორტული შეჯიბრის თუ  პოლიტიკური არჩევნებისას, ცოლ–ქმრულ ურთიერთობაში თუ მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულებაში და ა.შ. სპეციალურად მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მოლოდინები გვაქვს არა მხოლოდ ჩვენი გარეშემყოფებისა და გარე სამყაროს მისამართით, არამედ ჩვენივე საკუთარი თავისადმიც. საკუთარი თავისადმი მოლოდინები ჩვენი „მე“–კონცეპციის შემადგენელი ნაწილია და იგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს, მხიარულებას თუ დეპრესიას, სიმდიდრეს თუ სიღარიბეს, წარმატებას თუ წარუმატებლობას.
შევაჯამოთ: ჩვენ ისეთი არსებები ვართ, ვინც არაცნობიერად და გამუდმებით ჩვენივე ბედისწერის წინასწარმეტყველებას და მის ახდენას ვახდენთ ჩვენივე მოლოდინების საფუძველზე. ამიტომაცაა მნშვნელოვანი, რომ გვქონდეს პოზიტიური მოლოდინები. წარმატებული მეცნიერების, ბიზნესმენების, პოლიტიკოსების, ხელოვანებისა თუ სპორტსმენების ბიოგრაფიათა ანალიზიდან ხშირად იკვეთება, რომ ისინი დიდი ალბათობით ელიან წარმატებას თავიანთ სფეროში და ეს მოლოდინი მათთვის საალბათო კი არ არის, არამედ თავიანთი მოლოდინის ახდენის სრული რწმენა აქვთ. ამისაგან განსხვავებით წარუმატებელი ადამიანებისათვის დამახასიათებელია პესიმიზმი და უარყოფითი მოლოდინები, ცინიზმი და წარმატება–მიღწეული ადამიანების განქიქება, რის გამოც ადამიანთა ამ კატეგორიის ცხოვრებაში სწორედ ის ხდება, რასაც ელიან რომ მოხდეს მარცხის ან წარუმატებლობის სახით.
მოლოდინისა და თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების კანონის შესახებ სპეციალურ გამოკვლევათა 2 მაგალითს მოვიყვან: პირველი ეხება საგანმანათლებო სფეროს, ხოლო მეორე მედიცინასა და წარმატებული მკურნალობის თავისებურებებს.
1. მე–20 საუკუნის 70–იან წლებში არვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ როზენტალმა კალიფორნიაში აატარა გამოკვლევა, სადაც ემპირიულად დაასაბუთა თუ რა დიდ გავლენას ახდენენ მასწავლებლების მოლოდინები მოსწავლეებისადმი ამ უკანასკნელთა სწავლის ხარისხზე. შემთხვევითი შერჩევით შერჩეულ იქნა 3 მასწავლებელი, რომლების დაიბარა სკოლის დირექტორმა და აუხსნა დაახლოებით შემდეგი: „თქვენზე ვაწარმოებდით დიდი ხნის განმავლობაში დაკვირვებას და სპეციალურად შეგარჩიეთ როგორც საუკეთესო მასწავლებლები, რომ თითოეულ თქვენგანს ჩაგაბაროთ მაღალი ინტელექტუალური მონაცემების მქონე მოსწავლეთა კლასი და იმედი გვაქვს მაღლა ასწევთ აკადემიურ მიღწევათა დონეს. ამ ბავშვებმა გაიარეს სპეციალური ინტელექტუალური ტესტები და ხასიათდებიან ძალიან მაღალი მონაცემებით. მაგრამ იმისათვის, რომ თქვენ არ დაგწამონ დისკრიმინაცია, ეს უნდა შეინახოთ საიდუმლოდ. ჩვენ არ ვეტყვით მშობლებს, ხოლო თქვენ არ უნდა უთხრათ ბავშვებს, რომ ისინი სპეციალურად იყვნენ შერჩეული მაღალი აკადემიური მოსწრების კლასში“. სინამდვილეში ბავშვებს არ გაუვლიათ არავითარი სატესტო გადარჩევა, ესენი არაფრით არ განსხვავდებოდნენ სხვა მათი თანატოლებისაგან, მასწავლებლებიც არ ყოფილან შერჩეული  როგორც საუკეთესონი, არამედ ისინი იყვნენ რიგითი მასწავლებლები, რომელთაც რიგითი გავრცელებული პროგრამით უნდა წარემართათ სწავლება კლასებში. ამის შემდეგ კი მკვლევარები მთელი ერთი წლის განმავლობაში გულდასმით აკვირდებოდნენ მასწავლებლებლებს და სასწავლო პროცესს. მასწავლებლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ მათი მოსწავლეები მაღალ მაჩვენებლებს გამოავლენდნენ. ისინი მთელი არსებით იყვნენ ჩართული პედაგოგიურ პროცესში. ისინი ავლენდნენ დიდი მოთმინების უნარს, თუკი ბავშვები ვერ ითვისებდნენ რაიმე იდეას ან ჰქონდათ პრობლემები მასალის ათვისებაში და თვლიდნენ, რომ პრობლემა იყო თვითონ მასწავლებლის ცოდნის გადაცემის უნარში, თორემ მაღალი მონაცემების ბავშვები (ასეთი იყო მათი მოლოდინი) როგორ ვერ შეძლებდნენ მასალის ადვილად ათვისებას. სასწავლო წლის ბოლოს გამოირკვა, რომ ამ კლასების მოსწავლეები არა მარტო მოცემულ სკოლაში, არამედ მთელ რაიონში მაღალი მონაცემებით გამოირჩეოდნენ სტანდარტული ტესტების მაჩვენებლების მიხედვით. ამას გარდა, აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით ამ ბავშვების სწავლის ხარისხი 20–30%–ით გაუმჯობესდა წინა წელთან შედარებით. სკოლის დირექტორმა ხელახლა შეკრიბა აღნიშნული მასწავლებლები და მიულოცა მათ სასწავლო წლის ასეთი წარმატებით დამთავრება. მასწავლებლებმა მადლობა გადაიხადეს, რომ მათ წილად ხვდათ მაღალი მონაცემების მქონე მოსწაავლეებთან მუშაობა. დირექტორმა მათ აუხსნა, რომ მოსწავლეები იყვნენ ჩვეულებრივი ბავშვები, რომლებიც თაანატოლთაგან არაფრით არ გამოირჩეოდნენ და შერჩეულ  იყვნენ ლატარიის და ე.წ. როტოტრონის პრინციპით. ასევე შემთხვევით იყო მასწავლებლების შერჩევა. ამას ეწოდება ორმაგი ბრმა ექსპერიმენტი. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რათა წარმატების ერთადერთი ცვლადი ყოფილიყო მასწავლებლის მოლოდინთა სისტემა. ექსპერიმეტის დასაწყისში მათ დირექტორმა ხომ უთხრა, რომ  ეს მასწავლებლები შეარჩიეს როგორც საუკეთესონი და მათი იმედი ჰქონდათ, რომ საუკეთესოდ გაუძღვებოდნენ ექსპერიმენტულ ამოცანას, რომ აკადემიური მოსწრება ამაღლებულიყო. მეორეს მხრივ მასწავლებლებს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხომ შეექმნათ მოლოდინი, რომ მთელი წლის განმავლობაში საქმე ექნებოდათ მაღალი ინტელექტუალური მონაცემების ბავშვებთან. ამდენად, მთელი ეს წარმატებული სასწავლო პროცესის ძირითადი ფაქტორი იყო მასწავლებელთა მოლოდინი სასწავლო პროცესისადმი და მოსწავლეთა მაღალი მონაცემებისადმი. აი, რა დიდი გავლენა აქვს ბავშვთა აღზრდაში მშობელთა და მასწავლებელთა მოლოდინებს.
2. ამჯერად, მოლოდინებისა და რწმენის როლი მინდა განვსაზღვროთ მედიკამენტოზური მკურნალობის დროს. აურაცხელი მასალებია დაგროვილი პლაცებო ეფექტის შესახებ, როცა კურნავს არა წამალი, არამედ მოლოდინი და რწმენა, რომ ამა და ამ მედიკამენტის მიღებას აუცილებლად ექნება სამკურნალო ეფექტი. პლაცებოს გამოყენების დროს პაციენტს აძლევენ რაიმე ნეიტრალურ ხსნარს (ვთქვათ, ფიზიოლოგიურ ხსნარს) და თანაც ეუბნებიან, რომ ეს არის ძლიერ მოქმედი პრეპარატი, რომელიც მკურნალობს იმ დაავადებას, რაც პაციენტს აქვს. პლაცებოს ზეგავლენაზე აურაცხელი ლიტერატურაა და ძირითადი დასკვნა ისაა, რომ წამლის დადებითი სამკურნალო ეფექტი პაციენტის მოლოდინზეცაა დამოკიდებული. ერთხელ, ჩემი ახალგაზრდული ალპინისტური გატაცების დროს, პამირში 4 800 მეტრის სიმაღლეზე ყოფნისას ჩემს კარავში მყოფ მეგობარ მთასვლელს (ღმერთმა აცხონოს, ცოცხალი არ არის) კბილი ატკივდა. საშინლად წუხდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სიმაღლეზე ტკივილები კიდევ უფრო მძაფრდებიან. მე ჯიბეში  არავითარი ტკივილ–გამაყუჩებელი არ მქონდა. მქონდა მხოლოდ  ე.წ.სტრეფტოციდის ფხვნილი, რომელსაც არავითრი ტკივილ–გამაყუჩებელი ძალა არა აქვს. მე ვუთხარი მას, რომ მაქვს სუპერ–ძლიერი გამაყუჩებელი ანალგინი, რაც ნებისმიერ კბილის ტკივილს მომენტალურად აყუჩებს და ხანგრძლივი მოქმედების ძალაც აქვს. შემდეგ ავუხსენი სწორი მიღების წესი, რომ საჭიროა თბილი წყლით დავლიოთ, რისთვისაც პრიმუსით თოვლი  გავადნეთ და გავათბეთ, მხოლოდ ჭამის შემდეგ უნდა მივიღოთ და ამისათვის რამდენიმე ლუკმა უნდა გადაეყლაპა, თუმცა აპეტიტი საოცრად დაქვეითებული ჰქონდა. და ამის შემდეგ დიდის ამბით დავალევინე ჩემი სტრეფტოციდი. სულ რაღაც 15–20 წუთის შემდეგ მახარა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამდაგვარი ფაქტები აურაცხელია. მაგრამ მე ყველაზე უფრო გამაოცა ექსპერიმენტმა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტელმა ჰენრი ბიჩერმა ჩაატარა. მან 100 სტუდენტ–მედიკოსს სთხოვა მონაწილეობა მიეღოთ ახალი ნარკოტიკების შემოწმებაში. ერთი ნარკოტიკი ჩადებული იყო წითელ კაპსულებში და სტუდენტებს აუხსნეს, რომ იგი ზე–სტიმულატორია, ხალისს მატებს და მოძრაობისკენ უბიძგებს ადამიანს, ხოლო მეორე ნარკოტიკი ჩადებული იყო ლურჯ კაპსულაში და იგი სტუდენტებს აღუწერეს როგორც სუპერ– ტრანკვილიზატორი, რაც ძალზე ამშვიდებს და ძილსა გვრის ადამიანს. შემდეგ ჩუმად შეუცვალეს სტუდენტებს ეს კაპსულები და წითლში მოათავსეს ბარბიტურატი (ტრანკვილიზატორი), ხოლო ლურჯში ამფეტამინი (სტიმულატორი). სტუდენტებს უნდა დაელიათ ეს კაფსულები;  ანუ სტუდენტებს ეგონათ, რომ სვამდნენ სტიმულატორს, ხოლო სინამდვილეში დალიეს ტრანკვილიზატორი, ხოლო მეორე შემთხვევაში ეგონათ სვამდნენ ტრანკვილიზატორს და რეალურად კი მიიღეს სტიმულატორი. ამ შემთხვევაში კითხვა ასე ისმებოდა: სტუდენტთა რეაქცია შესაბამისი იქნებოდა მოლოდინის თუ რეალური ქიმიური პროცესის, რაც ორგანიზმში მიმდინარეობდა? აღმოჩნდა, რომ სტუდენტთა რეაქცია ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესის საწინააღმდეგო იყო და შეესაბამებოდა იმ მოლოდინს, რაც სტუდენტს ჰქონდა ექსპერიმენტატორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მაგალითად, სტუდენტს წამლის დალევის შემდეგ ჰქონდა ზე–დამამშვიდებელი  რეაქცია, რადგან ელოდა, რომ ტრანკვილიზატორი დალია, თუმცა სინამდვილეში სტიმულატორი დალია და მის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესის თანახმად უნდა ჰქონოდა აგზნება, მოძრაობის სურვილი, მომეტებული აქტიური განწყობილება და ხალისი.
ასე და ამგვარად, ჩვენი მოლოდინები ზეგავლენას ახდენენ სხეულებრივ დონეზე, ჩვენს საქმიანობაზე, სწავლაზე, წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე, სიჯანსაღესა თუ ავადმყოფობაზე და ა.შ.

აირჩიეთ პოზიტიური მოლოდინები, რათა პოზიტიურად წარმართოთ თქვენი ცხოვრება! 

Комментариев нет :

Отправить комментарий