7.07.2014

არასრულფასოვნებისა და არაადექვატურობის კომპლექსი და მისი ტრანსფორმაცია მუდმივი თვითსრულყოფისკენ სწრაფვაში


წარმატების 365 დღე

53-ე დღე

არასრულფასოვნების კომპლექსის ცნება ზ. ფროიდის ერთ დროს თანამოაზრის და შემდგომში განდგომილის ალფრედ ადლერის შრომების შემდეგ გავრცელდა როგორც მეცნიერებაში, ისე ყოველდღიურ სიტყვათხმარებაში. იგულისხმება ის მდგომარეობა, როცა თვითშეფასება დაქვეითებულია, პიროვნება საკუთარ ნაკლოვანებებზე აკეთებს აქცენტს და ნაკლულობის გრძნობის თვალით უყურებს სამყაროს, ხშირად ავლენს არაადექვატურობას გარეშემყოფებთან ურთიერთობაში. ბუნებრივია, რომ ამ მდგომარეობას არათუ წარმატების მიღწევისაკენ, არამედ მუდმივი ფიასკოსაკენ მიჰავს ინდივიდი. ყველაზე მკაფიოდ ეს იგრძნობა მაშინ, როცა გრძნობთ, რომ არ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც წარმატებული ქმედებისათვის საჭიროა  გააკეთოთ, თუმცა ობიექტურად ძალგიძთ ამ ქმედების განხორციელება; ან კიდევ გსურთ და ობიექტურად შეგიძლიათ კიდეც მომხიბლავად გამოიყურებოდეთ, მაგრამ გრძნობთ და თვლით, რომ  არ შეგიძლიათ და არც იმსახურებთ მომხიბლველობას ასხივებდეთ. ისე გამოდის, რომ საკუთარ შესაძლებლობებს მარწუხებს თვითონ უჭერთ.  რა უნდა იღონოთ? პირველ რიგში საჭიროა ისევ და ისევ ამოვიკითხოთ ის შეტყობინება, რასაც გვაწვდის ეს დამთრგუნველი გრძნობა. შეტყობინება კი ასეთია: მოცემულ მომენტში თქვენ არ გაქვთ სათანადო უნარ–ჩვევები და ცოდნა, რათა ესა თუ ის ქმედება (მაგალითად, თავის გალამაზება ან ამა და ამ სავარჯიშოს ან ამოცანის შესრულება...) განახორციელოთ წარმატებულად და ეფექტურად. არასრულფასოვნების გრძნობა ღაღადებს, გიბიძგებთ და მოგიწოდებთ,  რომ მოიპოვოთ მეტი ინფორმაცია და საკუთარ ძალებში რწმენა, შეითვისოთ საჭირო უნარები, დაეუფლოთ სათანადო ხერხებსა და სტრატეგიებს; თქვენ უნდა ჩაერთოთ პერმანენტული თვითსრულყოფის პროცესში,რაც თვითსრულყოფისაკენ სწრაფვის შინაგანი ძახილია მოცემულ სფეროში.

გთავაზობთ გადაწყვეტილებებისა და ქმედებების წყებას არასრულფასოვნებისა  და არაადექვატურობის კომპლექსის დასაძლევად, რათა უზრუნველჰყოთ მისი ტრანსფორმაცია მუდმივი თვითსრულყოფისკენ სწრაფვაში.

1)      დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „ არასრულფასოვნების და არაადექვატურობის ეს განცდა შეესაბამება სიტუაციას?  მართლაც ასე უვარგისი  ან არაადექვატური  ვარ  თუ უნდა  შევცვალო  ჩემი  ხედვები?’’ იქნებ თქვენ თვლით, რომ   თქვენი დაფასებისათვის აუცილებელია თავი შეადაროთ ვინმე სხვას და თქვენზე ძალზედ ამაღლებულს, მაგალითად, აზროვნებაში აინშტეინს, ქანდაკებაში მიქელანჟელოს, პოლიტიკაში ჩერჩილს,  ან მომხიბვლელობაში ანჯელინა ჯოლის? ცხადია ასეთი შედარება არაადექვატურია. უფრო მეტიც, ხშირად ზიანის მომტანია საკუთრივ  შედარების ჩვევა, ვისთანაც არ უნდა ადარებდეთ თავს – მეზობელს, მეგობარს, ნათესავს, ოჯახის წევრს, თანამშრომელს თუ ვინმე გენიოსს. გამუდმებული სხვასთან შედარების ჩვევა კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ თქვენ გაურბიხართ თვითკმარობას, გაურბიხართ იმას, რომ ერთხელ მოხვედით ამ ქვეყნად და თქვენი ფასი თქვენსავე უნიკალობასა და განუმეორებლობაშია. რაც უფრო გაექცევით თქვენს უნიკალობას და თავს შეაფარებთ „მე“–ს სხვასთან  შედარებას, მით უფრო გააღრმავებთ არასრულფასოვნების განცდას; ხოლო რაც უფრო ფასს დაადებთ სხვებისაგან განსხვავებულობას და განუმეორებლობას, საკუთარ ძალებში რწმენა მოგემატებათ.

2)      საკუთარი უნიკალობის ასეთი ძიების დროს დაუსვით თავს კიდევ ერთი კითხვა: „რა შემიძლია ვაკეთო უკეთ, ვიდრე ადრე ვაკეთებდი?“ რაღაცის უკეთ წარმოჩენა ან უკეთ კეთება უკლებლივ ყველას შეუძლია. მოცემულ კითხვაში ხაზგასმულია, საკუთარ  თავთან შედარების კომპონენტი, როცა ვამბობთ „ვიდრე ადრე ვაკეთებდი’’ და არა სხვასთან შედარება. არასრულფასოვნების ტრანსფორმაციისათვის სრულყოფილებისაკენ სწრაფვაში გაცილებით ეფექტურია  საკუთარი თავთან შედარება და გაჯიბრება, ვიდრე სხვებთან საკუთარი „მე“–ს შედარება.

გაჰყევით არასრულფასოვნების გრძნობის ქვემდებარე იმპულსს – ისწრაფვო თვითსრულყოფისაკენ  და აკეთოთ უკეთ; ამით გზას მისცემთ პიროვნული ტრანსფორმაციის სასიკეთო პროცესს!

 

 

Комментариев нет :

Отправить комментарий