7.05.2014

იმედგაცრუების გადალახვა და ხელახლა ფეხზე დადგომა

წარმატების 365 დღე
50–ე დღე
ჩვენი მიზნები, იმედები, გეგმები, ჩანაფიქრები და სურვილები გამუდმებით ეჯახება სირთულეებსა და  წინაღობებს. ამ დაჯახების შედეგია იმედგაცრუებისა და გეგმების ჩაშლის გრძნობა. ამან თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ან ისეთი აქტიური ქმედება, როგორიცაა აგრესია, ან კიდევ ისეთი პასიური რეაქცია, როგორიცაა ფარ–ხმალის დაყრა, წყენა და გულისტკივილი ან აპათია.  თანაც სირთულეები და დაბრკოლებები, რომლებიც ჩვენს მიზნებსა და სურვილებს აღუდგება წინ, შეიძლება იყოს ათასგვარი. ყოველთვის, როცა ჩვენს ძალისხმევას ჩავაქსოვთ რაღაცის მიღწევაში, მაგრამ გადაულახავი დაბრკოლებების გამო ვერ ვღებულობთ სათანადო სასურველ შედეგს, ჩვენ გვეუფლება იმედგაცრუების გრძნობა , რომ ყველაფერი ჩაიშალა.
და მაინც რა სიგნალის მომცემია იმედგაცრუება და რა შეტყობინებას გვიგზავნის ის  ინფორმაციის სახით? იმედგაცრუებისა და გეგმების ჩაშლის გრძნობის ძირითადი ინფორმაცია გახლავთ შემდეგი: თქვენი არსება იმაზე ღელავს, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაცა გააკეთოთ სხვანაირად ან უკეთ და ეს რესურსი ჯერჯერობით გამოუყენებელია; თქვენი პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია და სულაც არ განეკუთვნება შეუძლებელის სფეროს: უბრალოდ იმ დაბრკოლებების პირობებში, რასაც ეჯახებით, ვერ ამართლებს ის ხერხები, რითაც ცდილობთ პრობლემის გადაწყვეტასა და მიზნის მიღწევას; ამიტომაც თქვენი იმედგაცრუებისა და ყველაფრის აშლის მძიმე გრძნობა შეიცავს სიგნალსა და მოწოდებას: გახდი უფრო მოქნილი და სცადე მიზნის მიღწევისა და პრობლემის გადაწყვეტის ახალი, ალტერნატიული გზები. ზუსტად იმისათვის, რომ შეასრულოთ იმედგაცრუების ეს პოზიტიური გზავნილი –„გახდი უფრო მოქნილი და არ მიეჯაჭვო პრობლემის გადაწყვეტის ერთ, თუნდაც ძალიან ჭკვიანურ გზას, თუკი ამ გზას სასურველ შედეგებამდე არ მიჰყავხარ“ – გთავაზობთ შემდეგი ახალი გზების გაკვალვას.
1.      შეეცადე დაიმეგობრო შენი იმედგაცრუება. შეეცადე წარმოიდგინო, რომ სწორედ იმედგაცრუება გაძლევს იმის სტიმულს, რომ გაერთო „გონებრივი შტურმით“ (გაეცანი „წარმატების 365 დღის“პროგრამის 21–ე დღის მასალებს „ტვინის შტურმი“ ანუ წარმატებული აზროვნების კიდევ ერთი ინსტრუმენტი”? თუ უკვე გაეცანი, მაგრამ ვერ იხსენებ, მაშინ ერთხელ კიდევ გადაიკითხე იგი). და სწორედ „გონებრივი შტურმის“ მეთოდით  შეიმუშავეთ  თქვენი მიზნის მიღწევის ახალი ალტერნატიული გზები, შეიმუშავეთ იმ დაბრკოლებათა დაძლევის გზები (და სწორედ დაძლევის გზები), რამაც ხელი შეგიშალათ, ჩაშალა თქვენი გეგმები და გამოიწვია თქვენი იმედგაცრუება. რაც უფრო მეტ ახალ ვარიანტს მოიფიქრებთ, მით უკეთესია მოქნილობის გავარჯიშების თვალსაზრისით. მოფიქრებული ახალი ვარიანტებიდან სამოქმედოთ შეარჩიეთ 1–2 ვარიანტი და დაიწყეთ მისი დანერგვა ცხოვრებაში. იმედგაცრუების გადალახვის ყველაზე კარგი გზაა მოქნილი მიდგომების შემუშავება და ალტერნატივების დახვავება, არჩევანის გაფართოება.
2.      თუ ვინიცობაა თქვენმა ალტერნატიულმა ვარიანტებმა არ იმუშავა, გამოძებნეთ რეალურ ცხოვრებაში ადამიანები, რომელთაც ანალოგიური დაბრკოლებების მიუხედავად შეძლეს თქვენნაირი პრობლემის გადაწყვეტა. გამოჰკითხეთ ამ ადამიანებს გზა, რაც მათ გაიარეს და შეეცადეთ თქვენც იგივე მოიმოქმედოთ. თუ თქვენს ირგვლივ ვერ მოიძიეთ რეალური მოდელი, შეეცადეთ მოიძიოთ ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან შესაბამისი მაგალითები. შეეცადეთ გადმოიტანოთ ეს გზები თქვენს ცხოვრებაში და აქციოთ იგი თქვენს სამოქმედო ინსტრუმენტებად.
3.      თუ ამ ერთი პრობლემის გადაწყვეტაზე მიღებული იმედგაცრუება დაძლიეთ ჩემს მიერ მითითებული გზებით, შეეცადეთ სხვა დროს მომავალში, როცა დაბრკოლებები ჩაშლიან თქვენს გეგმებსა და მიზნებს, ხელახლა გამოიყენოთ ზემოთ მითითებული ორი გზა ან მათი კომბინაცია.
იმედგაცრუება და გეგმების ჩაშლა ცხოვრების პოზიტიური უკუკავშირია, იგი დადებითი ემოციური სტიმულია, რათა უფრო მოქნილი გახდე პრობლემათა გადაწყვეტის გზაზე.

თუ გსურთ წინსვლა და წარმატება, მაშინ ამ პრინციპით სჯობს იმოქმედოთ. ხოლო თუ გსურთ ამ იმედგაცრუებას დაემატოს ახალი იმედგაცრუება და იმას კიდევ ახალი იმედგაცრუება და ასე უსასრულოდ, თუ გსურთ თქვენი ცხოვრება ჩაიძიროს წარუმატებლობათა მორევში, მაშინ უარჰყავით ზემოთმითითებული შემოთავაზებანი, მაგრამ მერწმუნეთ – ამ უარყოფით ბევრს ვერაფერს მოიგებთ, რის გამოც  გული ნამდვილად დამწყდება.  

Комментариев нет :

Отправить комментарий