7.29.2014

რასაც დასთეს, იმას მოიმკი ანუ წარმატება და კარმის კანონი

წარმატების 365 დღე
66–ე დღე
მიზეზ–შედეგობრიობა  უნივერსალური კანონია.  ამ კანონს ექვემდებარება არა მხოლოდ  მატერიალური  სამყაროს მოვლენები,  არამედ ჩვენი ქცევებიც, შინაგანი სამყარო,  სულიერი ცხოვრება  და,  ცხადია,  საზოგადოებრივი პროცესებიც. ამ მომენტში მიზეზ–შედეგობრიობის  ის ნაირსახეობა გამოვყოთ, რომელიც გამოითქმის ფორმულით „რასაც დასთეს, მასვე მოიმკი“.  ეს ანდაზა მრავალი ხალხის ანდაზათა არსენალში შედის, მაგრამ პირველად იგი გაჟღერდა სოლომონის ბიბლიურ ტექსტში. ეს იმ სახის მიზეზ–შედეგობრიობა ანუ კაუზალობაა, როცა მიზეზის როლში გამოდის საკუთრივ სუბიექტის ქმედება, რომლის შედეგებიც  უკუკავშირის სახით თვითონ სუბიექტს ან მის უახლოეს გარემოცვას უბრუნდება. „დასთეს, მოიმკი“  მიზეზ–შედეგობრიობა სულ სხვა ტიპისაა, ვიდრე, მაგალითად, გენეტიკური ფაქტორებით რაიმეს ახსნა ან გარემოს ზემოქმედებაში მიზეზების ძიება. ეს არის დეტერმინაციის ის ნაირსახეობა, როცა მიზეზი ჩვენსავე არჩევანში და ქცევებში იღებს სათავეს.   ამ სახის მიზეზ–შედეგობრიობას კარმიული კანონი ჰქვია აღმოსავლეთის მოძღვრებებში.  კარმა არის ის ენერგო–ინფორმაციული მუხტი და წინასწარ–დასახულობა ან მზაობა, რაც ერთდროულად მოიცავს ქმედებას როგორც მიზეზს და შედეგსაც, რაც უახლოეს ან შორეულ, განვადებულ განზომილებაში მოჰყვება ამ ქმედებას. ასე და ამგვარად, ყველა ქმედებაში დევს მარცვლებისა და თესლის სახით განმაპირობებელი მიზეზი, ხოლო ყველა დამდგარ შედეგში თავს ავლენს განმსაზღვრელი ქმედება–მიზეზი. ამდენად თუ გვინდა ვიყოთ ბედნიერი, უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქმედებების სახით ვთესოთ ბედნიერების თესლები და მარცვლები.
ჩვენს ყველა ქმედებას წინ უძღვის რაიმე არჩევანი, ჩვენ გამუდმებით ვაკეთებთ ცნობიერად თუ არაცნობიერად რაიმე არჩევანს. ჩვენი ამ სამყაროში ყოფნის  ყოველ წამს ჩვენ ვიმყოფებით უსასრულო შესაძლებლობათა ველში, სადაც ჩვენ გვაქვს უსასრულო რაოდენობის არჩევანი, მაგრამ ჩვენ ცნობიერად თუ არაცნობიერად ვახორციელებთ მხოლოდ ერთ, ორ ან სამ არჩევანს ამ უსასრულო მოცემულობიდან.  შემდგომში კი შედეგის სახით უკან გვიბრუნდება ეს ჩვენივე არჩევანი, რაც ესოდენ დიდი რაოდენობიდან  შევარჩიეთ. კარმის კანონის გაცნობიერებისა და ამავე დროს კარმისეული კანონზომიერების ჩვენდა სასარგებლოდ გამოყენების საუკეთესო გზაა ის, რომ გავაცნობიეროთ ის არჩევანი, რაც გავაკეთეთ და ერთგვარად გავაანალიზოთ კიდეც იგი.  თქვენ გინდათ თუ არ გინდათ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, აქ მუშაობს ერთი კანონი: რაც მოცემულ მომენტში, აწმყოში ხდება თქვენს ცხოვრებაში, წარმოადგენს იმ არჩევანისა და ქმედებების რეზულტატს, რაც თქვენვე განახორციელეთ წარსულში;  წარსული განაპირობებს აწმყოს. ამიტომაც თუკი ყოველი აწმყო კარმიულად შედეგია წინარე და წარსული არჩევანისა და ქმედებების და  ამავე დროს  რახან ის წარსული ოდესღაც თქვენი აწმყო იყო, როცა ამ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს მიმართავდით,  ამით ჩვენ გვაქვს შანსი შევცვალოთ ჩვენი მომავალი; ამისათვის ჩვენ  უკვე ამ მომენტში, მოცემულ აწმყოში უნდა გავაკეთოთ თვისობრივად განსხვავებული არჩევანი და მივიღოთ ახალი ქმედების გადაწყვეტილება;  ეს კი  მომავალში ახალი სახის რეზულტატების სახით მოგვევლინება. სწორედ აწმყო და არა წარსული განსაზღვრავს მომავალს. რახან ჩვეულ ქცევებს ჩვეული შედეგები მოაქვს, ამიტომაც ჩვენივე ქცევა და არჩევანი უნდა შევცვალოდ უკვე ახლა და გადაუდებლად, რათა სახვალიოდ და საზეგაოდ ახალ–ახალი შედეგები მივიღოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გახლავთ კარმის ტრანსფორმაციის ელემენტარული კანონი, რაც ბედისწერის მართვას, მისი სცენარის ხელახლა გაწერასა და შეცვლას გულისხმობს.
ჩვენ ჩართული ვართ ცხოვრების ნაკადში, ერთ აზრს მეორე მოსდევს, ერთ ქცევას სხვა ქცევები მოჰყვება, ამ სხვას კი ახალი სხვა აზრები და ქცევები და ასე დაუსრულებლად. ქცევათა და მათი ქვემდებარე არჩევანისა და გადაწყვეტილების უმეტესობა ავტომატურად და არაცნობიერად ხორციელდება. ამიტომაც ადამიანთა  უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლია.  ცვლილების რეალური წინაპირობაა ადამიანმა გააცნობიეროს თავისი არჩევანი და მიღებული გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები. ამიტომაც კარმიული ცვლილების გამოწვევის პირველი ნაბიჯია არჩევანისა და ქმედებების რეგულარული გაცნობიერება. მეორეს მხრივ, ადამიანთა დიდ ნაწილს აქვს ილუზორული დაშვება, თითქოს წარსული ავტომატურად ახდენს ზეგავლენას მომავალზე. სინამდვილეში ჩვენი წარსული ქცევები ზეგავლენას ახდენს ჩვენს აწმყოზე, ხოლო აწმყოს ქცევები თავის მხრივ საფუძვლად ედება ხვალინდელ დღეს, სამომავლო შედეგებს.  პირდაპირი გადასვლა წარსულიდან მომავალზე   ილუზიაა. წარსული უშუალო ზეგავლენას ახდენს მომავალზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანმა აწმყო „გამოტოვა“ იმ გაგებით, რომ იგი აქ არის ამ წუთას ფიზიკურად, მაგრამ გონებითა და ფიქრით სადღაც „იქ“ არის და თანაც „იმჟამად“. ადამიანები წარამარა კარგავენ აწმყოს, ისინი ხან წარსულში არიან ჩარჩენილები, ხან კიდევ ოცნებების სახით მომავალში გადაისვრიან თავს. ისინი გაურბიან იცხოვრონ  პრინციპით „აქ და ამჟამად“, გააიგივონ თავი აწმყოსთან და იმ ამოცანებთან, რაც ვიზუალურად ჩანს, სმენითად ისმინება,  გრძნობითად შეიგრძნობა და გონებრივად მოიაზრება აწმყოში მოცემულ დროსა და სივრცეში. ისინი მუდმივად სხვაგან არიან, მათ ახასიათებთ აწმყოდან ესკაპიზმი (გაქცევიზმი). სპეციალური გავარჯიშების შედეგად, ცხადია,  შეიძლება ადამიანმა აითვისოს ყოფნის სისავსის უნარ–ჩვევები, რაც „აქ და ამჟამად“ პრინციპით ხორციელდება, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. აქ კი ისევ დავუბრუნდეთ კარმის მართვის თემას. თუკი შენ აწმყოს კარგად გაუსწორებ თვალებს, ნახავ, რომ მასში კონცეტრირებული სახით ის წარსულია მოცემული, რამაც ამ მომენტამდე მოგიყვანა. და აი, ამ მომენტში შენ გზაგასაყარზე ხარ – ერთის მხრივ, შეგიძლია ძველებურად გააგრძელო მოქმედება, მოაზრება, არჩევა და გადაწყვეტილების მიღება, რაც იგივე ჩვეულ და ამ მომენტში უკვე ისედაც  მიღებულ შედეგებს მოგიტანს ხელახლა, ხოლო მეორეს მხრივ, შენ შეგიძლია თვისობრივად ახლებურად გადადგა ახალი ნაბიჯები და  შეაბიჯო ჯერჯერობით უცნობ, ნაკლებად პროგნოზირებად და შედარებით არაგანტირებულ შესაძლებლობათა სამყაროში, რითაც ახალ რეზულტატებს მოიმკი სამომავლოდ. ჩვენი აწმყო წარსულში, ხოლო მომავალი ჩვნსავე აწმყოში იღებს სათავეს. ამდენად ჩვენს აწმყო ვითარებასა, არჩევანსა და ქმედებებში მცირეოდენი ცვლილებებიც კი უკვე იწვევს ცვლილებებს იმ რეზულტატებში, რასაც ხვალ მივიღებთ. ამდენად, ჩვენ ვიმკით ცვლილებებს სამომავლოდ, თუკი რაიმეს ვცვლით აწმყოში და ამით ვმართავთ ჩვენსავე კარმას სასურველი ცვლილებების მიმართულებით და, პირიქით, ჩვენ ვაკონსერვებთ ჩვენსავე კარმას, თუკი აწმყოში ვაგრძელებთ ძველებური და ჩვეული გზით მსვლელობას და განწირული ვართ იგივე წრეში ვიტრიალოთ, რაშიც აქამდე ვტრიალებდით.  არჩევანი თქვენზეა!
მაგალითად, თქვენ განიცდით ფინანსურ ხელმოკლეობას. თქვენი თვიური შემოსავალი ის საცოდავი  საარსებო მინიმუმია, რაც ამ ქვეყანაშია მოცემულ მომენტში – 150 ლარი. დაფიქრდით ამაზე, კარგად გააცნობიერთ როგორ შეეგუეთ ამ ვითარებას; როგორ დგას ამ მდგომარეობის უკან ეს ბოლო 25 თუ 30 წელი; როგორ არასდროს არ მოგსვლიათ გონებაში, რომ მიუხედავად ასეთი მწირი შემოსავლისა მაინც გაგეკეთებინათ ის ნაბიჯი, რასაც ფინანსურად შემძლე ადამიანები აკეთებენ, მაგალითად  დანაზოგებს; როგორ უყურებდით  უპერსპექტივობის თვალით ცხოვრებას. დაიწყეთ  ისეთი რაიმის მოფიქრება, რაც შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას ფულის მიმართ; მაგალითად, განიხილეთ იგი როგორც დაგროვებითი კატეგორია, რომელიც არასდროს არ გაქვთ თუკი მას არ აგროვებთ და დაზოგავთ. მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვენ  მწირი შემოსავლიდან – 150 ლარიდან – ყოველთვიურად გადაინახოთ ამ თანხის 10 პროცენტი  ანუ 15 ლარი, შეიტანოთ იგი, ვთქვათ, ლიბერტი ბანკში სადეპოზიტო დაგროვებით ანაბარზე ერთი წლით, სადაც არის დეპოზიტზე 6-8 %–იანი დარიცხვა. თქვენ ყოველთვიურად გექნებათ სახარჯოდ 135 ლარი ნაცვლად 150–ისა, რაც სრულიად შეგიძლიათ დაახლოებით იმდაგვარად განხარჯოთ, როგორც განკარგავდით აქამდე 150 ლარს. სამაგიეროდ ერთი წლის თავზე მიიღებთ დაახლოებით ერთი დამატებითი (მე–13 თვის) პენსიის ან შემწეობის თანხას, რამაც პროცენტული დანარიცხებიანად შეიძლება შეადგინოს 200 ლარი ანუ უფრო მეტი, ვიდრე თქვენი 150 ლარია. ამის შემდეგ თქვენ უკვე დაგროვებით დეპოზიტზე  შეგიძლიათ ჩასდოთ უკვე არა 15 ლარი, რამაც 200–მდე მიგიყვანათ, არამედ ეს 20 ლარი და მომდევნო სადეპოზიტო  წელს უკვე გაცილებით მეტი შემოსავალი გექნებათ ბანკიდან. თქვენ მართალია არ გამდიდრდებით, მაგრამ შესაძლოა გაგიჩნდეთ ერთგვარი პერსპექტივის განცდა, რაც უკვე თქვენს კარმას ცვლის: შემოსავლების ზრდა „ემართებათ“ არა უპერსპექტივობით შეპყრობილ პესიმისტებს, არამედ მათ, ვისაც პერსპექტივის განცდა გააჩნიათ.
ან კიდევ, მაგალითად, თქვენ გაქვთ შემაწუხებელი დეპრესიული განწყობა. გაანალიზეთ რა გზა გამოიარეთ, რამაც ამ დღემდე მოგიყვანათ, როგორ წარამარა რეაგირებთ და იჭერთ ნეგატიურ და არასასიამოვნო ამბებს და ინფორმაციას. ერთ წუთას გააჩერეთ აწმყო, ნუ განაგრძობთ ძველებურად მოქმედებას, არამედ აიღეთ ერთი რვეული და ყოველდღიურად დაიწყეთ  ჩაწერა, თუ დღის განმავლობაში რა მოხდა პოზიტიური თუნდაც მცირეოდენი მასშტაბით. მაგალითად, გაიგეთ, რომ თქვენს ახლობელს გრიპმა გაუარა, ან დაგირეკათ მეგობარმა, რომელსაც დიდი ხანია არ ჰქონდა თქვენთან კონტაქტი, ან თქვენმა შვილმა თუ დისშვილმა თუ მეზობლის საყვარელმა ბავშვმა რაღაც მეტად სასაცილო და ამავე დროს ჭკვიანური თქვა, ან უბრალოდ სახალისო ამინდია და ცოტათი ისეირნეთ...... ერთი კვირის შემდეგ გადახედეთ თქვენს რვეულს და ნახავთ, რომ თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში ამდენი პოზიტივია, შემდეგი კვირეების განმავლობაში თუ გააგრძელებთ, ნახავთ რომ ირგვლივ მართლაც გამრავლდა პოზიტივი... ხოლო ერთი თვის თავზე დამირეკეთ ან მომწერეთ, როგორ ჩაიარა სავარჯიშომ და რა მოგცათ მან უარყოფითი განცდების შემცირებისა და დადებითის მომრავლების თვალსაზრისით. იმედია, სასიხარულო ამბავს შევიტყობ თქვენგან!
დაგროვილ წარსულ კარმასთან დაკავშირებით  ადამიანს შეუძლია განახორციელოს 3 სტრატეგიული ნაბიჯი:
·         გაისტუმროს თავისი კარმიული ვალები;
·         უარყოფითი კარმის დადებით ცხოვრებისეულ გამოცდილებად  ტრანსფორმაცია;
·         წარსული დაგროვილი კარმის საზღვრებს გარეთ გასვლა.
განვიხილოთ ეს სტრატეგიები ცალკ–ცალკე.
1.კარმიული ვალების გასტუმრება
სამყაროში მოქმედებს დახვეწილი ბუღალტრული სისტემა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ენერგიების პერმამენტული ურთიერთგაცვლა. იგივე ეხება კარმიულ ენერგიასაც. ჩვენ ყველაფრისთვის გვიწევს საზღაურის გაღება და წარსულის კარმიულ ვალებს ვისტუმრებთ, თუმცა ეს შეიძლება გაუცნობიერებლად ხდებოდეს.  ხშირად კარმიული ვალების გასტუმრება მტკივნეული პროცესია, მაგრამ მთავარი არის გვახსოვდეს, რომ სამყაროში არც ერთი ვალი არ რჩება გაუსტუმრებელი. თუ ჩვენ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენეთ და იმ ადამიანმა ვერფრით ვერ გიპასუხათ, არ გეგონოთ ეს შეგრჩათ: რამენაირად მაინც მოგიწევთ საზღაურის გაღება ამ შეურაცხყოფისათვის, მაგრამ სხვა ფორმით.
2.დადებით ცხოვრებისეულ გამოცდილებად  ტრანსფორმაცია
კარმის ტრანსფორმაცია უკავშირდება ცხოვრების ახალი საზრისის ან დანიშნულების გამოკვეთას. ინდურ ფილოსოფიაში  ამას დჰარმას (ცხოვრების დანიშნულება, საზრისი) ეწოდება. ეს პროცესი იმით იწყება, რომ კარმიული ვალის გასტუმრებისას საკუთარ თავს უსვამ კითხვას: „რას ვიძენ როგორც ახალს ამ კარმიული ვალიდან და ტკივილიდან? რატომ ხდება ასე და რა შეტყობინებას მაძლევს სამყარო? როგორ შეიძლება ეს გამოცდილება გამოვიყენო ადამიანთა მსახურების, მათთვის სარგებლობის მოტანის თვალსაზრისით?“ ასე და ამგვარად, კარმიული ვალების გასტუმრებისას ცდილობ გამოძებნო სამყაროს  ალტერნატიული შესაძლებლობები,  ცდილობ ტკივილები  და დარღვევები გადააქციო საკუთარი თავისადმი და სხვებისათვის სასიკეთო საქმეებად, რითაც, ცხადია, მომავალში მოიმკით უკეთეს ყოფას მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით.
3.წარსული დაგროვილი კარმის საზღვრებს გარეთ გასვლა
ეს ნიშნავს წარსული კარმისაგან განთავისუფლებას, მის გაწმენდას. მედიტაციის მეოხებით ხორციელდება წარსული დაგროვილი კარმის ჩამორეცხვა და ამის საფუძველზე ახალი კარმიული ენერგიის შემუშავება ჩვენს ენერგო–ინფორმაციულ სისტემაში. ჩვენ ხომ განსაკუთრებულად ორგანიზებულ ენერგო–ინფორმაციულ  სისტემას წარმოვადგენთ, რომელიც  ჩართულია სამყაროს უნივერსალურ ენერგო–ინფორმაციულ ველში.
შეჯამებისათვის გთავაზობთ კარმის მართვის 3 ნაბიჯოვან გზას:
1.აიღეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ რეგულარულად გააცნობიერებთ თქვენს არჩევანს. აიღეთ ვალდებულება, რომ შეიმუშავებთ სასარგებლო ჩვევას მუდმივად აცნობიერებდეთ აწმყოს, არ კარგავდეთ მასთან კონტაქტს და ახორციელებდეთ „აქ და ამჟამად“ პრინციპს;
2.არჩევანის გაკეთებისას შეეცადეთ  საკუთარ თავს დაუსვათ კითხვები: „ როგორი იქნება ჩემი არჩევანიდან მომდინარე ახლომდებარე და შორეული შედეგები? მომიტანს თუ არა ეს არჩევანი ბედნიერებას და მოუტანს თუ არა იგი სარგებლობასა და სიკეთეს ადამიანებს, ვინც ჩემს ირგვლივაა?“
3.დაეკითხეთ თქვენს სხეულს,  განსაკუთრებით კი გულს, ღებულობს თუ არა იგი გაკეთებულ არჩევანსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. სთხოვეთ მას მოგცეს კომფორტის გამომხატველი რაიმე რეაქცია ან შეგრძნება, თუკი სხეული ან  გული კმაყოფილია გაკეთებული არჩევანითა და მიღებული გადაწყვეტილებით , ხოლო მოგცეს  დისკომფორტისა და უსიამოვნების გამომხატველი რეაქცია ან შეგრძნება არ–მიმღებლობისა და უკმაყოფილების შემთხვევაში. იცოდეთ: გონება შეიძლება ტყუოდეს, მაგრამ სხეული და გული არასოდეს არ ტყუის და ყოველთვის იძლევა სწორ შეტყობინებას; ასევე, სიტყვები შეიძლება ტყუოდენ, მაგრამ შეგრძნებები უტყუარია თავიანთ შეტყობინებაში, უბრალოდ ამ უტყუარობას ამოკითხვა და აღიარება სჭირდება. თუ თქვენ მიიღეთ  დადებითი იმპულსი სხეულიდან, უყოყმანოდ დაადექით  არჩეულ გზას. თუკი სხეულმა დისკომფორტი გაგრძნობინათ, მაშინ კიდევ ერთხელ დაფიქრდით მიღებული გადაწყვეტილების ახლომდებარე და შორეულ  შედეგებზე, გადახედეთ მას, ჩაუტარეთ რევიზია ან დაუმატეთ რაიმე ახალი ინგრედიენტები სანამ არ მიიღებთ დადებით რეაქციას „სხეულის ენის“ თვალსაზრისით.

თუკი დაგაინტერესათ  კარმის კანონის მიმართებამ წარმატებასთან, თუკი გსურთ გაიაროთ პიროვნული ტრანსფორმაციის პროცესში, გიწვევთ „ბედისწერის მართვის“ ტრენინგში; წინასწარი ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელეფონებით 2 14 12 12 ან 577 76 45 80 ან კიდევ ელ–ფოსტით  nodarsar@gmail.com                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

Комментариев нет :

Отправить комментарий