2.11.2013

თქვენი ცხოვრების ნახატი და წერილი საკუთარ მომავალს



წარმატების 365 დღე

თქვენი წარმატების მე–8  დღე


დღეს თქვენი წარმატების მე–8 დღეა. მადლობა ღმერთს, რომ წინა 7 დღესა და რჩევების წერილებში განვიხილეთ თუ როგორ განსაზღვროთ თქვენი ძირეული სურვილი, აიღოთ მიზანზე სრული პასუხისმგებლობა, აღიაროთ თქვენი აზრების–ქცევების–ჩვევების–ხასიათის განმსაზღვრელი როლი ბედისწერაში, თვითშთაგონების როლი, აითვისოთ ცვლილებების მართვა და თვითმართვა, გააცნობიეროთ არჩევანისა და გადაწყვეტილებათა გადამწყვეტი როლი, დაიწყოთ წარმატების მიღწევის გარდაუვალობის თვით–დაპროგრამირება. სწორედ ამ უკანასკნელს ეხება დღევანდელი სავარჯიშოც.




აიღეთ თქვენი 3 მიზანი: ერთი დროში ახლომდებარე ანუ მოკლევადიანი (ერთ წლამდე ვადით), მეორე საშუალო ვადიანი (2–3 წლის ვადიანი) და გრძელვადიანი მიზანი ( 3 წლის ზემოთ – 5–10–20 წლის). თითოეულ მათგანზე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ განხორციელებას დაუყონებლივ დაიწყებთ.  გამოჰყავით ამ სამეულიდან, თუ რომელია თქვენთვის ყველაზე მეტად პრიორიტეტული და გამორჩეული თავისი მნიშვნელობით. როცა გამოჰყოფთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს მიზანს, ამის შემდეგ განახორციელეთ სამი ქმედება:
  1. დასვით კითხვა: რა შემიძლია ახლავე, დღესვე გადაუდებლად გავაკეთო ამ მიზნის მიღწევისათვის? რა იდეაც არ უნდა მოგივიდეთ თავში, ძალიანაც უმნიშვნელო ან აბსურდულიც კი  რომ მოგეჩვენოთ, მაინც გადადგით რაიმე ნაბიჯი ან განახორციელეთ რაიმე ქმედება, რაც ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. აიღეთ  დაუყონებლივ და განუხრელად მოქმედების სტარტი, რაც ხვალაც, ზეგ, მაზეგ და მომდევნო დღეებსა, თვეებსა თუ წლებშიც უნდა გაგრძელდეს უწყვეტი და გადაუდებელი ქმედებების სახით.
  2. აიღეთ ქაღალდი და ფანქრები, დახატეთ თქვენი ცხოვრება იმ დროში, როცა უკვე მიაღწიეთ მიზანს. ვინ არის თქვენს გვერდით, სად ხართ, რა ხდება ნახატში, რას საქმიანობთ, რა ხასიათზე ხართ, რა პრობლემებს აგვარებთ, როგორია გარემოცვა, რას ფიქრობენ და გრძნობენ ადამიანები? დაარქვით ნახატს: „ჩემი ერთი დღე მიზნის მიღწევის შემდეგ“. შეინახეთ ეს ნახატი, ხშირად დაუბრუნდით მას და, თუ მოგესურვებათ, დრო და დრო ჩაახატეთ და დაამატეთ კიდეც რაიმე დეტალები.
  3. მისწერეთ თქვენს თავს წერილი იმ მიზან–მიღწეულ ვარიანტში. დაარქვით წერილს: „წერილი მომავალს“. თქვენ სრულიად თავისუფალი ხართ თუ რას მისწერთ თქვენს მომავალ, მიზან–ახდენილ „მე“–ს, მაგრამ გირჩევდით არ გამოტოვოთ: 1) რას გრძნობთ და სად, როგორ მდგომარეობაში იმყოფებით, როცა ამ წერილს წერთ; 2) როგორ ჩანს იმ მიზან–ახდენილი მდგომარეობიდან, თუ რა გზები და რესურსები უნდა გამოიყენოთ, რათა იქამდე მიხვიდეთ. რას გირჩევთ ამ მხრივ თქვენი მიზან–ახდენილი „მე“? რა რჩევას გაიზიარებდით და რას უკუაგდებდით?

ამ სავარჯიშოთი კიდევ უფრო წინ წავა წარმატების გარდაუვალი მიღწევის თვითდაპროგრამირების პროცესი. იბედნიერეთ!
თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ  მომწეროთ nodarsar@gmail.com


Комментариев нет :

Отправить комментарий