4.10.2014

„ტვინის შტურმი“ ანუ წარმატებული აზროვნების კიდევ ერთი ინსტრუმენტი

წარმატების 365 დღე
21–ე დღე 
წარმატებული აზროვნების ინსტრუმენტებიდან ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ SWOT-ანალიზზე ვისაუბრეთ. ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ინსტრუმენტი კი არის ე.წ. „ტვინის შტურმის“ (Brain-Storming) მეთოდი. ამ მეთოდის შესახებ ბევრ თქვენთაგანს სმენია და ბევრიც რეგულარულად იყენებს მას პრაქტიკაში. მაგრამ მაინც მინდა მას შევეხო, განსაკუთრებით კი მათ გასაგონად, ვისაც პირველად ესმის ამის შესახებ. მის სასწაულებრივ ძალაზე ერთ ანეკდოტურ ამბავს ჰყვებიან. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა ტორპედოები ეჯახებოდნენ და სძირავდნენ ინგლისელთა და ამერიკელთა გემებს. ვერავინ ვერ ხედავდა ტექნიკურ საშუალებას, თუ როგორ მოეცილებინათ ტორპედო, რომელიც გემისაკენ პირდაპირ მოექანებოდა. არასპეციალისტ ადამიანებთან ჩაატარეს „ტვინის შტურმი“ და ერთმა დალაქმა თქვა, რომ ეს ამოცანა შეიძლება გადაწყდეს თუკი მეზღვაურები ერთად დადგებიან გემბანზე და სულს შეუბერავენ გამოქანებულ ტორპედოსო. ინჟინრებმა ამ იდეას მისცეს ტექნიკური განხორციელება და დაიწყეს სპეციალური მილით ჰაერის მძლავრი ჭავლის მიშვება გამოქანებულ ტორპედოზე. პრობლემა გადაწყდა: ტორპედომ გვერდი აქცია გემს. ცნობილია ჰენრი ფორდის, მილიონერისა და მანქანათმშენებლობის კორიფეს, გატაცება იმით, რომ სპეციალურად ხელფასს უხდიდა თანამშრომელთა ერთ მცირე ნაწილს, რომელთაც სხვა არაფერი ევალებოდათ, თუ არა იდეების გენერირება დაეწყოთ და ხანდახან უცნაურ იდეათა კორიანტელიც კი დაეყენებინათ. ის ამბობდა: „ვერ ვიტან ექსპერტებს, რადგან მათ კარგად იციან თუ რა არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ არ უწყიან, თუ რა უნდა გაკეთდეს“–ო. მაინც რა არის „ტვინის შტურმის“ (Brain-Storming) მეთოდი? ეს გახლავთ აზრების თავისუფლად, სწრაფად, უშუალოდ და სპონტანურად წარმოთქმის და დაფიქსირების პროცესი. თუ ჯგუფში ტარდება „ტვინის შტურმი“, ინსტრუქცია ასეთია: „თქვენს წინაშე დგას ესა და ეს პრობლემა ან ამოცანა; იგი უნდა გადაიჭრას. გთხოვთ თავისუფლად და სპონტანურად, ყოველგვარი თავშეკავებისა და შეზღუდვის გარეშე წარმოთქვით ის აზრი, რაც თავში უშუალოდ მოგდით. არ შეაფასოთ ან არ გააკრიტიკოთ სხვისი ნათქვამი. დაე, იყოს აზრი მოკლე და ლაკონური. დაე, იყოს იგი უცნაური, ერთი შეხედვით აბსურდული, ფანტასტური, თუნდაც გიჟური ან სულელური; მთავარია მოხსნათ აზრთა ონკანი და აზრმა ლაღად იდინოს როგორც წყლის ნაკადმა“. ამასთან ერთად, ყველა სპონტანური იდეა ფიქსირდება და მოკლედ იწერება. იგივე ინსტრუქციით შეიძლება იმოქმედოთ ინდივიდუალურად. ვისაც „წარმატების 365 დღის“ პირველი დღის სავარჯიშო გახსოვთ, იქ მე გთხოვდით მიზნების შესახებ ჩაგეტარებინათ „ტვინის შტურმი“ და გთხოვეთ: „აიღეთ სუფთა რვეული ან ფურცლები  და დაიწყეთ თქვენი სურვილების ნუსხის შეუჩერებლად წერა,შეეცადეთ არ  გააკეთოთ პაუზა. იყავით სპონტანური, თავში პირველად მოსული აზრით წერეთ თუ რა გინდათ გქონდეთ, რას გინდათ მიაღწიოთ სასწავლებელში–ოჯახში–ადამიანებთან ურთიერთობაში–ემოციურ, მატერიალურ , ფინანსურ სფეროებში; რა და ვინ გსურთ გახდეთ, რა საზოგადოებრივი ფუნქციები გსურთ განახორციელოთ, როგორ გსურთ გამოიყურებოდეთ, ვისთან–ვისთვის–რისთვის გსურთ ცხოვრება,  სად გინდათ იყოთ  და ა.შ.წერეთ მოკლე სიტყვებით. დაუშვით, რომ ხართ უზომო შესაძლებლობების მქონე, არ გაქვთ ლიმიტები და შეზღუდვები“. მხოლოდ „ტვინის შტურმის“ შემდეგ შეგიძლიათ შეკრიბოთ თქვენი იდეები, დაალაგოთ, გამოჰყოთ პრიორიტეტები, დაამიწოთ და მიუყენოთ რეალობას, გამოძებნოთ რესურსები, გაატაროთ იდეები ლოგიკის „საცერში“ და სხვა. „ტვინის შტურმი“ ზრდის შემოქმედებითობის (დღეს რომ უყვართ თქმა – „კრეატიულობის“) დონეს, არჩევანის დიაპაზონს, ალტერნატივათა ოდენობას. არ გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით: სწორედ არჩევანისა და ალტერნატივათა სიმწირეში არის დეპრესიის, სიღარიბის, სასოწარკვეთის, წარუმატებლობისა და სხვა უბედურობათა წყარო. დეპრესიაში ხართ? ან გაიჭედეთ და შექმნილი ფინანსური მდგომარეობიდან ვერ ხედავთ გამოსავალს? – თქვენ გჭირდებათ ალტერნატიული ხედვები და არჩევანის დიაპაზონის გაზრდა. ამას ვერ უზრუნველჰყოფს ლოგიკური აზროვნება, აქ საჭიროა ე.წ. ლატერალური აზროვნება. ლოგიკა ზღუდავს არჩევანს და მკაცრ ჩარჩოში მოაქცევს არსებულს, მაგრამ ლოგიკა ვერ ქმნის ახალ იდეებს თუ არ ამოქმედდა ინტუიცია. „ტვინის შტურმის“ მეთოდი კი ინტუიციის გააქტიურების კარგი გზაა. მე რომ მკითხოთ (სხვები უბრალოდ ვერ ხვდებიან),  „ტვინის შტურმის“ მეთოდის მიკვლევა ისევ და ისევ ძია ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზში იღებს სათავეს. ზ. ფროიდის ფსიქოანალიტიკური მეთოდი თავისუფალი ასოციაციებით პიროვნების არაცნობიერი და ღრმად დაფარული ლტოლვების მიკვლევას გულისხმობს.  „ტვინის შტურმის“ მეოხებით სწორედ აზრთა თავისუფალი ასოცირებითა და სპონტანური გამოთქმით გადაიხდება დაფარული ან თვისობრივად ახალი რეალობის ფარდა, მოდის ახალი და უფრო ეფექტური გადაწყვეტილება. გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტიც: თუ სხვებს გამოადგათ, თქვენც გამოგადგებათ წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.comტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.



Комментариев нет :

Отправить комментарий