4.10.2014

„ეძიებდე და ჰპოვებდე“: გამაძლიერებელი კითხვები.

წარმატების 365 დღე
26–ე დღე
კითხვები ცნობიერების ლაზერული შუქია და მას დიდი ძალა აქვს.   „ეძიებდე და ჰპოვებდე“ – გახსოვდეთ ეს ბიბლიური გამონათქვამი: კითხვები ძიებას გამოხატავს, რაც პასუხს გაპოვნინებს (აქ ისიც მინდა გავიხსენო, რომ არსებობს ამ ბიბლიური ფორმულის 2 ანტითეზა, რომელთაგან ერთი ეკუთვნის ფრანც კაფკას და მეორე პიკასოს; ფრანც კაფკა: “ეძიებდე და ვერ ჰპოვებდე“. პიკასო: “მე არ ვეძებ, მე ვპოულობ“).   ისიც ცნობილია, რომ კაცობრიობის ყოველი პროგრესული მოვლენის ძირი თვისობრივად ახალი კითხვების დასმასა ან ძველი კითხვების ახლებურად დასმაშია. ბავშვები მართლაც საოცარი ოსტატები არიან კითხვების დასმაში და ამიტომაც ესოდენ სწრაფია ზრდასრულებთან შედარებით მათი განვითარების ტემპები.  ბავშვების მიერ დასმული კითხვები უმეტესწილად გამაძლიერებელი კითხვებია.  დღეს სწორედ გამაძლიერებელ კითხვებს შევეხებით. გამაძლიერებელია ის კითხვები, რომლებიც წამახალისებელია და შეიცავენ ახლებურად მოქმედების სტიმულს, ქმნიან ახლებურ ხედვებს და მიდრეკილნი არიან პრობლემის ნაღდ გადაწყვეტაზე და არა პრობლემის მიჩუმათებაზე.
მთავარი პრინციპი გამაძლიერებელ კითხვებში არის ის, რომ კითხვის მეოხებით ნეგატივი უნდა შეიცვალოს პოზიტივით. ამდენად სასურველია ხშირად დასვათ კითხვა: „რა არის ამაში ყველაზე მაგარი? დიდებული? ყველაზე ფანტასტური?“ და სხვა...(რაგინდ მიუღებელიც არ უნდა ჩანდეს თქვენთვის ესა თუ ის სიტუაცია). ან კიდევ: „ როგორ შეიძლება გამოვიყენო შექმნილი ვითარება?“ (რაგინდ უსარგებლოცა და უვარგისი არ უნდა ჩანდეს სიტუაცია). თქვენი ტვინი, რომელიც თქვენი განუსაზღვრელი სიძლიერის მენტალური კომპიუტერია, მზადაა ყოველთვის გემსახუროთ. რაგინდ კითხვებიც არ უნდა დაუსვათ მას, იგი აუცილებლად მოგართმევთ შესაბამის პასუხს. თუ  დასვამთ უვარგის კითხვას – „რატომ უნდა მეჭიროს თავი მაგრად?“, მიიღებთ შესაბამის უვარგის პასუხს (მაგალითად, „თუ მაგრად დავიჭერ თავს, ხალხს ეგონება კარგად ვარ და არ ამომიდგებიან მხარში“). მაგრამ თუ დაუსვამთ თქვენს თავს კითხვას „ როგორ შეიძლება შექმნილი მძიმე მდგომარეობა გამოვიყენო ჩემთვის სასარგებლოდ?“, მაშინ ავტომატურად წახვალთ პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით. მოდით ჩამოვთვალოთ კითხვები, რომლებიც გაგაძლიერებთ პრობლემის სწორედ რომ გადაწყვეტის ( და არა პრობლემის პრობლემად დატოვების და მისი დაგროვების) მიმართულებით.
·         რა არის ამ პრობლემაში მაგარი? დადებითი?
·         რა არ არის კარგად გაკეთებული და რისი გაუმჯობესება შეიძლება?
·         რის გაკეთებას მოვისურვებდი ამ სიტუაციაში, რათა ისე გამომივიდეს ყველაფერი, როგორც მე მინდა?
·         როგორ შემიძლია ეს არახელსაყრელი სიტუაცია ისე გამოვიყენო, რომ სწორედ ამან მიმიყვანოს ამ პრობლემის გადაწყვეტამდე?
·         როგორ შემიძლია ვისიამოვნო და გავიხარო იმის კეთებით, რაც სრულიად აუცილებელია სასურველი შედეგის მისაღწევად?
პრობლემის გადასაწყვეტად ეს კითხვები უმჯობესია, ვიდრე „რა მეშველება“, „რაღა მაინცადამაინც მე შემემთხვა?“, „რა იყო ამის მიზეზი ან ვისი და რისი ბრალია?“, „ყველას ასე მოსდის?“, „ხალხი რას იტყვის?“ და სხვა ამგვარი; ეს უკანასკნელნი პრობლემას კი არ წყვეტენ, არამედ მას აღრმავებენ ან, სულ ცოტა, ინახავენ მაინც. ზოგიერთ ადამიანს, ალბათ, პრობლემების დაგროვება უფრო ეხერხება ან აწყობს კიდეც, ვიდრე პრობლემათა  გადაწყვეტა. რას იზამ? თქვენ რას ირჩევთ, ჩემო მკითხველო?
ცოტა რამ ემოციათა მართვაზე, რაზეც შემდგომ დღეებში უფრო ვრცლად გვექნება საუბარი. დადექით ცუდ ხასიათზე ან მთელი დღე მძიმე ფიქრები შემოგესიათ? გადართვის საუკეთესო საშუალებაა კითხვები: რა არის ჩემი ტკბილად მოსაგონარი დღეები? კიდევ რომელი დღე შეიძლება გავიხსენო, როგორც წარმატების მიღწევით გახარების დღე?  ვისი მადლიერი შეიძლება ვიყო? რითი ვარ მადლიერი? რით ვარ ბედნიერი დღეს? როგორ შემიძლია ჩემს თავს ბედნიერად ვაგრძნობინო თავი? ვინ შემიძლია და რით შემიძლია გავაბედნიერო? ვის მივანიჭე სიხარული?  ამდაგვარ კითხვებს შეუძლია ყურადღების ფოკუსი შეცვალოს და შესაბამისად უკეთესი  ემოციური მდგომარეობა გამოიწვიოს.    
თუ თქვენ გინდათ დაიკლოთ წონაში, ხომ არ უსვამთ თქვენს თავს შემდეგ უსარგებლო და უშედეგო კითხვებს: “ რა მასუქებს ყველაზე უფრო? რა ტკბილეული ან კალორიანი კერძი არ უნდა მივიღო არავითარ შემთხვევაში?“.  ამას სჯობია დასვათ შემდეგი გამაძლიერებელი კითხვები: „ რა საკვებია ჩემთვის მართლაც სასარგებლო?“; ”რა არის ჩემთვის სრულიად სამყოფი საკვების ოდენობა?“; „რა მსუბუქი და გემრიელი კერძი შეიძლება მივირთვა, რაც მომცემს საკმაო ენერგიას?“; „ეს კერძი გაწმენდს ჩემს კუჭ–ნაწლავს თუ კიდევ უფრო დაანაგვიანებს?“. თუკი ბევრის ხარბად შეჭმის ცდუნების წინაშე დგახართ, დასვით კითხვები: „რა არის ის გარდაუვალი საზღაური, რასაც ახლა უკვე ვიხდი იმით, რომ ცდუნებას ავყევი? თუკი ამ ცდუნებას ავყევი, ხომ არ დადგა დრო უარი ვთქვა წონის დაკლების მიზანზე?“. მართალია ვინმე მეტყვის, რომ მარტო კითხვების დასმა არ შველის ამ საქმესო, და მეც დავეთანხმები, მაგრამ იქვე გავუმეორებ, რომ გამაძლიერებელი კითხვების დაბეჯითებით და რეგულარულად დასმა გააძლიერებს არსებულ გადაწყვეტილებასა და მიზანდასახულობას, ხოლო ეს უკანასკნელი საქმეს მაინც ლოგიკური სასრულისაკენ წაიყვანს.
იმუშავეთ თქვენს თავზე გამაძლიერებელი კითხვებით და ღმერთი გაგაძლიერებთ!
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ  მომწეროთ nodarsar@gmail.com  ტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.



Комментариев нет :

Отправить комментарий