4.14.2014

ოცნება–რეალობა–კრიტიკა ანუ უოლტ დისნეის წარმატების სტრატეგია

წარმატების 365 დღე       
22–ე დღე 
ცხადია, ყველას გვსმენია ლეგენდარული უოლტ დისნეის შესახებ: გენიალური მულტიპლიკაციური ფილმების ინდუსტრიის მამა, დისნეი–ლენდის შემქმნელი, რომელმაც აშშ–დან სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა (მე , მაგალითად, ტოკიოში ვეწვიე იქაურ დისნეი–ლენდს), დიდი ბიზნესმენი და ხელოვანი. მაგრამ ალბათ, ძალზე ცოტამ თუ იცით, რომ მის სახელთანაა დაკავშირებული წარმატების მიღწევის ერთი ტექნოლოგია, რომლის სახელწოდება შეიძლება ასე დავაფორმულიროთ –  მეოცნებე–რეალისტი–კრიტიკოსი. უ. დისნეი თვლიდა, რომ ყველა შემოქმედებით და წარმატებულ პიროვნებას ან ადამიანთა ჯგუფს აქვს სამი ნაწილი: მეოცნებე, რეალისტი, კრიტიკოსი. მეოცნებე ნაწილის ფუნქციაა შექმნას „ტვინის შტურმითა“ თუ სხვა საშუალებებით ფანტასტურ იდეათა კასკადი, დაახვავოს რაც შეიძლება მეტი ისეთი შემოქმედებითი იდეა, რაც ოცნებებისა და ფანტაზიის სფეროა; რეალისტი ნაწილის ფუნქციაა –  რეალობის პრინციპიდან (ზ. ფროიდის ტერმინოლოგიით) გამომდინარე მოხაზოს ის რეალური პირობები, რესურსები  თუ გარემოებები, რაც ხელს უწყობს ან ხელს უშლის ოცნებების ახდენას, მათ ცხოვრებაში რეალურ გატარებას; ხოლო კრიტიკოსი ნაწილის ფუნქციაა – წამოაყენოს კრიტიკული არგუმენტები როგორც ოცნებათა მიმართულებით, ისე მათი ცხოვრებაში რეალურად გატარების ხერხების მიმართ ანუ კრიტიკა წარიმართება როგორც მეოცნებე ნაწილის, ისე რეალისტური ნაწილის მისამართით. უ.დისნეი რაიმე ამოცანის გადაწყვეტის დროს თავის თანამშრომელთა ერთ ნაწილს ანიჭებდა მეოცნების როლს, მეორეს – რეალისტისა, ხოლო მესამეს კრიტიკოსის როლს. ადამიანთა ეს სამი ჯგუფი თავიანთი როლური პოზიციებიდან გამომდინარე ერთმანეთთან დისკუსიისა და იდეების ან არგუმენტების ურთიერთგაცვლის შედეგად აგნებდა პრობლემათა გადაწყვეტის ყველაზე შემოქმედებით, რეალისტურ და კონკურენტუნარიანი იდეებს. ამის საფუძველზე უ.დისნეი და მისი თანამშრომლები ღებულობდნენ შებამის ეფექტურ გადაწყვეტილებებს. თქვენ ეს მეთოდი შეგიძლიათ თქვენს პირად ცხოვრებაში გამოიყენოთ: ჯერ ააგეთ ოცნებათა კოშკები; შემდეგ დაძებნეთ ამ ოცნებათა განხორციელების რეალური გზები; ხოლო ამის შემდეგ, კრიტიკულად შეხედეთ როგორც ოცნების საგანს და ღირებულებებს, ისე მისი განხორციელების რეალურ გზებსა და საშუალებებს. სცადეთ, აუცილებლად გამოგივათ: ამოდენა გენიოსმა ხომ თქვენთვისაც შეიმუშავა ეს საინტერესო ინსტრუმენტი! დააკვირდით რა მოხდა ქართულ სინამდვილეში: ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ახდენის სლოგანით მოვიდა ხელისუფლებაში თავის გუნდთან ერთად, ხოლო ახლა დგება დრო ამ ოცნებათა რეალიზაციის რელური გზები გაიკვალოს და კრიტიკული დამოკიდებულების საფუძველზე კეთილდღეობის დონის ამაღლების კონკურენტუნარიანი იდეები დაინერგოს.
ბოლოს აქაც მინდა ამ მეთოდის იდეურ საწყისებზე ვთქვა ორიოდე სიტყვა. აქაც პირველ რიგში ძია ზ.ფროიდის ფსიქოანალიზი მახსენდება. ამ მოძღვრების თანახმად ხომ პიროვნებაში 3 ინსტანცია გამოიყოფა: არაცნობიერი („იგი“), ცნობიერი („ ეგო“) და ზე–ცნობიერი („სუპერ–ეგო“). ასევე მახსენდება ცნობილი ტრანზაქციული ანალიზის ავტორი ერიკ ბერნე, რომელმაც პიროვნებაში  როგორც სხვა პიროვნებებთან ურთიერთობაში ჩართულ არსებაში გამოჰყო ასევე სამი პოზიცია: მშობლის, ზრდასრულისა და ბავშვის პოზიციები. ე. ბერნემ პიროვნებათაშორისი ურთიერთობები განიხილა თამაშის პრინციპზე და აღმოაჩინა 200–ზე მეტი ტრანზაქციული თამაში; ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა ჯონ აპდაიკმა ტრანზაქციულ კონცეპციაზე დაყრდნობით თქვა, რომ მწერალთა მთელ თაობებს ეყოფათ რომანების საწერად თამაშთა სიუჯეტური ხაზის ის სახეები, რაც ასე უხვად აღწერა ე. ბერნემ. ოდესმე, თუ დრო მექნა და თუ დაინტერსებაც იქნა, შეიძლება ამ კონცეპციის შესახებაც მოგიყვეთ. ახლა კი, გმადლობთ!!
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.comტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.



1 комментарий :