2.02.2014

ფინანსური წარმატება, დაზოგვები და რაციონალური ხარჯვა

წარმატების 365 დღე
მე–14 დღე
დანაზოგები
მოვიდა დრო დავსვა მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ გგონიათ, რა განსაზღვრავს სიმდიდრეს და მატერიალურ კეთილდღეობას? პირველი აზრი, რაც თავში მოგდით, რა არის?  დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა უკვე გაიფიქრა: დიდი შემოსავლებიო, ბევრი ფულის კეთებაო... და სხვა მსგავსი. არა, ბატონებო, სიმდიდრე განისაზღვრება არა დიდი შემოსავლებით, არამედ დიდი დანაზოგებით, დიდი რაოდენობის დაგროვილი თანხებით. ერთი ჩინური ანდაზა ზუსტად ამ აზრს გადმოსცემს. მეც ამ დებულებას ვიზიარებ. დიდი შემოსავლებს დიდი გასავლები მოსდევს. რაც არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლები დანახარჯსა და სხვადასხვა გასავალს, მაინც ვერ შექმნის იგი სიმდიდრეს, თუ საქმეში არ ჩაერია დაგროვება და დაზოგვები. სიმდიდრე არის რაღაც ისეთი მდგომარეობა, რომელიც თანხებისა და მატერიალური რესურსების აკუმულირებას ანუ დაგროვებას გულისხმობს. ამიტომაც თუ გინდათ დაიწყოთ სიმდიდრისაკენ და მატერიალური კეთილდღეობისაკენ სვლა, საჭიროა დაიწყოთ ფულის დაგროვება და აითვისოთ მისი ანა–ბანა. სიმდიდრე ცოდნასავითაა: როგორც ცოდნას სჭირდება დაგროვება, ასევე ფინანსური კაპიტალიც დაგროვების შედეგია.
რა არის ის უმცირესი ოდენობა, რაც ადამიანმა უნდა დაზოგოს მისი ნებისმიერი შემოსავლიდან –ხელფასი იქნება ის, ბიზნეს–მოგება თუ ვინმეს ნაჩუქარი ფული? ითვლება, რომ ეს ოდენობა არის 10%. რატომ? ამას აქვს თავისი ბიბლიური ძირები. გახსოვთ, ცხადია, რომ ბიბლიურმა მოსემ უდაბნოში თავის თანამოძმეებს აუწყა სინას მთიდან ჩამოტანილი  განგების უწყება: ყოველი მეათე სალოცავისათვის გადაინახეთო. აქედან იღებს სათავეს მინიმალური 10%–იანი დაზოგვის თეორია. ნებისმიერი ქონების ან შემოსავლის 10% უმტკივნეულოდ გადანახვადია, რაც საგრძნობ ზარალს ან ზიანს არ შეადგენს დამგროვებლისათვის. მაგალითად, თუ დიასახლისს დღის განმავლობაში სურსათზე განსაკარგავად ეძლევა  10 ლარი, მას შეუძლია 9 ლარად დაახლოებით იგივე სანოვაგე შეიძინოს, რასაც 10 ლარად შეიძენდა: ყოველ შემთხვევაში, განსხვავება იქნებოდა უმნიშვნელო. მას შეუძლია 1 ლარი გადაინახოს ყულაბაში. იგივე ითქმის 100 ლარზე, როცა 90 ლარადაც გახვალ ფონს, და 10 ლარი შეიძლება გადაინახო საქონლის შეძენის დროს და ა.შ. თუკი ვინმეს აქვს მინიმალურზე გაცილებით მეტი შემოსავლები, მას შეუძლია გადაინახოს არა 10%, არამედ 11%, 12%, 13% და უფრო მეტიც. მაგრამ გადანახვაცაა და გადანახვაც. ყველაზე უმჯობესი ფორმა არის ე.წ დაგროვებადი ანუ ზრდადი ანაბარი. და აი, ნახეთ, ასეთი მაგალითი: მოქალაქე X-ს, ვთქვ, აქვს ყოველთვიური 300 ლარი სტაბილური ხელფასის სახით. მან გადაწყვიტა შეიტანოს ერთერთ ბანკში ყოველთვიურად ამ ხელფასის 10% ანუ 30 ლარი ზრდად სადეპოზიტო ანაბარზე. ბანკში საპროცენტო დანარიცხის განაკვეთი არის წლიური 8%. მაშინ მას პირველი თვის ბოლოს ანაბარზე დაერიცხება 30 ლარის 8% წლიური განაკვეთით, მეორე თვეს უკვე დაემატება 30+30=60 ლარის 8% წლიური განაკვეთით, მესამე თვეს – 30+30+30=90 ლარის 8% წლიური განაკვეთით და ა.შ., ხოლო წლის ბოლოს 30 x 12=360 ლარის 8% წლიური განაკვეთით, ანუ წლის ბოლოს მას გამოუვა ბევრად უფრო მეტი თანხა, ვიდრე მისი თვიური ხელფასია. თუკი იგი ამ დეპოზიტს გააგრძელებს, უკვე 30 ლარიდან კი არ დაიწყებს 8% სარგებლის მატებას ყოველთვიურად, არამედ 360 ლარიდან გაემართება უფრო დიდი მოგებისაკენ. ამას ეწოდება შედგენილი სარგებელი, რაზეც ალბერტ აინშტეინი წერდა: „ შედგენილი სარგებელი სამყაროს მერვე საოცრებაა და ეს არის ერთერთი ყველაზე ძალმოსილი რამ, რაც კი ოდესმე შემხვედრია“.
მაშ, ასე: გაქვთ გახსნილი ზრდადი ანაბარი ბანკში? თუ არ გაქვთ, როდის გახსნით? რატომ არ უნდა ისარგებლოთ 10%–ის მაგიური კანონითა და შედგენილი სარგებელის ძალმოსილებით? რატომ არ  უნდა ენდოთ ა.აინშტაინის გენიას?
აი, კიდევ რას ამბობენ დაზოგვების შესახებ.
ხუთი უპირატესობა , რაც ფულის დაზოგვას მოაქვს:
·         დამოუკიდებლობა – თუკი ფულს ზოგავთ, აღარ დაგჭირდებათ სხვას სთხოვოთ თანხა;
·         გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა – დაზოგილი ფული თქვენ გეკუთვნით და თქვენ წყვეტთ, თუ როგორ გამოიყენებთ მას;
·          თავდაჯერებულობა – ფული არ გვაბედნიერებს, მაგრამ შეუძლია მოგვიტანოს სიმშვიდე. დაზოგილი თანხა შეიძლება გამოიყენოთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის. ამას გარდა, იგი შეიძლება თქვენი განვითარებისათვის გამოიყენოთ, რაც თავდაჯერებულობას გმატებთ;
·         დაცულობა – ბანკის ანგარიშზე დადებული თანხის მოპარვას ქურდი ვერ შესძლებს, ან ცეცხლი და წყალი ვერ დააზიანებს;
·         ფულს მოაქვს ფული – ბანკში შენახულ ფულს დაერიცხება სარგებელი, ხოლო ზრდადი დეპოზიტის გამოყენებით კიდევ უფრო იზრდება სარგებლის ოდენობა.
რაციონალური ხარჯვა
გონივრული ხარჯვის წესების გასარკვევად ჯერ ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ საჭიროებისა და სურვილის ცნებები. ისინი შესაძლოა ერთმანეთს არ ემთხვეოდნენ. საჭიროება არის ის მდგომარეობა, როცა საქმეში ერთვება აუცილებლობა და გარდაუვალობა: აქ ლაპარაკია იმ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს,თორემ   წინააღმდეგ შემთხვევაში ან ჯანმრთელობა, ან ზრდა–განვითარება, ან   დაცულობა, ან ადამიანის უფლებები და ღირსებები იქნება დარტყმისა და საფრთხის ქვეშ. ადამიანს საჭიროება აქვს  წყალზე, ჰაერზე, ავადმყოფობის დროს მედიკამენტზე, ელემენტარულ განათლებაზე, უსაფრთხოებაზე, მისი საკუთრების ან სხვა უფლებების რეალიზაციაზე და სხვა. სურვილი არის მდგომარეობა, რომელიც არ არის დაკმაყოფილების აუცილებლობით პირობადებული, ის რომ არ დაკმაყოფილდეს, ამით ქვეყანა არ დაინგრევა და ადამიანს განსაკუთრებული ზარალი ან ზიანი არ ემუქრება; მაგრამ იგი მომდინარეობს ადამიანის ნებიდან და მისწრაფებიდან, სუბიექტური ზრახვებიდან. როცა გაქვთ რაიმე ფულადი შემოსავალი, პირველ რიგში იგი უნდა განიხარჯოს იმ საჭიროებებში, რაც ადამიანის წინაშე დგას. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს დარჩენილი თანხიდან ერთი ნაწილის გადანახვა დანაზოგის სახით, ხოლო მეორე ნაწილის განხარჯვა სურვილების დასაკმაყოფილებლად. ასე და ამგვარად, რაციონალური ხარჯვის მოდელი ასეთია: ჯერ ფულის გადახდა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ამის შემდეგ  დარჩენილი თანხიდან მინიმალური 10%–ის პრინციპიდან გამომდინარე დანაზოგისთვის გადანახვა, ხოლო დანარჩენი ფულით სურვილების აღსრულება. ცხადია, რომ ცხოვრება ვერ ჩაეტევა რაიმე სქემაში და ძნელია ამ გონივრულობის პრინციპების ბოლომდე დაცვა, მაგრამ ეს მოდელია და მის განხორციელებას უნდა ვესწრაფოდეთ, რათა ფინანსური მართვისა და წარმატების მიღწევის გზაზე სწორად ვიდგეთ.
ფინანსური წარმატების სამება  
ფინანსური წინსვლა ეფუძვნება სამი პროცესის ერთიანობას: შემოსავლები – დანაზოგები – ინვესტირება. შემოსავლების ზრდა იწვევს დანაზოგების ზრდას, ხოლო თავის მხრივ დანაზოგების ზრდა შეიძლება საფუძვლად დაედოს შემოსავლების ზრდას. როცა დანაზოგები კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, შეიძლება ფული ჩაიდოს ინვესტირებაში, რაც თავის მხრივ ზრდის დანაზოგებს, ხოლო ეს უკანასკნელი ახალი ინვესტირების შესაძლებლობას იძლევა. ასეთია ფინანსური წინსვლის დიალექტიკა. გისურვებთ ეფექტურად ჩაერთოთ მასში!
თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com



Комментариев нет :

Отправить комментарий