11.10.2016

ხელმოკლეობისა და სიღარიბის დაძლევის ფსიქოლოგია


წარმატების 365 დღე
104 დღე

1.აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა
ელმოკლეობასა და სიღარიბეში მყოფნი საკუთარ ხელმოცარულობაში ხშირად           სხვებს   ადანაშაულებენ და ნაკლებად იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.
დაისწავლეთ თავი შეიკავოთ დამნაშავეთა ძიებისაგან თქვენს ირგვლივ. ჩამოიფერთხეთ ილუზია, თითქოსდა სხვათა ბრალია თქვენი წარუმატებლობა და ფინანსური ხელმოკლეობა. ნუ განიკიხავთ სხვებს; როგორც კი მოვა სხვათა დადანაშაულების იმპულსი, შეეცადეთ თქვენს თავს უთხრათ „სდექ“ ან სულაც ხელზე იპწკინეთ, რათა გადაერთოთ. ასეთი „სდექ“ ან პწკენა სხვა აზრებზე სწრაფად გადართვის „ღუზის“ ან „გამშვები“ სასიგნალო  მექანიზმის სახით შეგიძლიათ  ჩამოაყალიბოთ მისი მრავალჯერადი გამეორების მეოხებით. კერძოდ, სწრაფად გადაერთეთ და დაუსვით საკუთარ თავს 2 კითხვა:
·       რა გაკვეთილი მივიღე წარუმატებლობისგან და სიღარიბისაგან, რა მომცა მან და რა შეიძლება გავაკეთო ახალი, რათა ჩემი ცხოვრება სასიკეთოთ შევცვალო?
·       როგორ ავიღო პასუხისმგებლობა მასზედ, რომ ჩემი ცხოვრება მე თვითონ ვმართო და გამოვიყვანო ხელმოკლეობიდან?
·       ეცადეთ იყოთ ჯიუტი ამ კითხვების დასმაში. ასეთი ჯიუტობა კარგი ჯიუტობაა, რათა გაზარდოთ თქვენი შეუპოვრობის ინდექსი.

2. არ გადადოთ, დაუყონებლივ იმოქმედეთ                                                                            ხელმოკლეობასა და სიღარიბეში მყოფნი ხშირად დროს წელავენ, დღეს გასაკეთებელს სახვალიოდ გადადებენ. მათ არ უწყიან, რომ ერთხელ გადადებული საქმე განწირულია აღარასოდეს აღარ შესრულდეს. ისინი საკუთარ უმოქმედებას და საქმის გადადებას მიაწერენ ან სხვებს ან გარემოსეულ ზოგად ფაქტორებს; სახვალიოდ გადადების წყარო კი საკუთრივ ადამიანის შიგნითაა.
ერთი იგავი მინდა შემოგთავაზოთ.  ერთმა ახალგაზრდა კაცმა ღმერთს შესთხოვა: „ღმერთო, სანუკვარი ოცნებების ასრულება და ბედნიერების მოპოვება მასწავლეო“. ღმერთი გამოეცხადა. პაპანაქება სიცხე იდგა. ღმერთმა უთხრა კაცს: „გასწავლი ოცნებების ასრულებასა და ბედნიერების წვდომას, მაგრამ მწყურია და წყალი მომიტანე, მერე კი პირდაპირ შევუდგეთ საქმესო“. კაცი წავიდა იქვე სოფელში, მიადგა ერთ სახლს და კარებზე დააკაკუნა, რათა წყალი ეთხოვა. კარები გააღო ულამაზესმა ქალწულმა. კაცი გაიტაცა მისი სილამაზის ცქერამ. თავში გაუელვა ღმერთისთვის წყლის გამორთმევამ, მაგრამ ცოტა ხნით გადადო - მოდი ჯერ ამ გოგონას სიყვარულს ავუხსნი და ხელს ვთხოვო, ღმერთი კი მოითმენს წყურვილსო.  კაცმა სიყვარული აუხსნა და ხელი სთხოვა ქალწულს. ქალწულმა უპასუხა, რომ მამას ვკითხავ, ის წყვეტს ოჯახის საქმეებსო, მაგრამ საღამოს მოვაო. საღამოს მამაც მოვიდა და ახალგაზრდა კაცმა სთხოვა ნება დაერთო მის ქალიშვილზე დაქორწინებულიყო. მამა დათანხმდა. გადაიხადეს ქორწილი. შეეძინათ შვილები. გადიოდა წლები. შვილები იზრდებოდნენ,  კაცი ასაკოვანი გახდა, ხოლო ქალწულის მამა გარდაიცვალა. ერთ მშვენიერ დღეს მოხდა მეწყერი და წყალდიდობა. სტიქიამ მთლიანად გაანადგურა კაცის სახლი, ხოლო მისი ცოლ-შვილი აქეთ-იქით მიჰყარა და ძალიან დაშავდნენ. კაცი ადიდებულმა წყალმა გაიტაცა და გონება-დაკარგული მიაგდო იმ ველზე, სადაც ოდესღაც ღმერთს შეხვდა. როცა გონს მოვიდა, დაინახა, რომ საუცხოო ამინდი იყო და ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა.  უცებ ხმა შემოესმა: „ადექი. საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც წახვედი. შენ რომ წახვედი, პაპანაქება შუადღე იყო, ხოლო ახლა უკვე მზე ჩადის. წყალი მოიტანე? მე ისევ მწყურია“. კაცმა მიმოიხედა და დაინახა ღმერთი. კაცმა უპასუხა: „როცა მე წავედი, ერთ მომენტში გადავდევი შენთვის წყალი მომეტანა. იმის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, ათასი რამ მოხდა. გადადებული საქმე ეხებოდა იმას, რომ წყლის მოტანის შემდეგ შენ ბედნიერების მიღწევასა და სურვილების ასრულების ხელოვნებას შემასწავლიდი, მაგრამ მე ეს   გადამავიწყდა კიდეც. ბოლოს საშინელმა სტიქიამ გადაგვიარა, ახლა კი დავრჩი უსახლკაროდ და დახეიბრებული ცოლ-შვილით. შენ კი ამბობ პაპანაქება შუადღე იყო, ხოლო ახლა უკვე მზე ჩადისო.  თანაც ამბობ მწყურიაო, ამდენ ხანს როგორ მოითმინე წყურვილი?“ ღმერთმა უპასუხა: „ჯერ ერთი მე მარადიულობის განზომილებაში  ვცხოვრობ. ამიტომ ის რაც შენთვის მრავალი წელია, ჩემთვის ერთი გაელვებაა; მეორეც, წყურვილს უშენოდაც დავიკმაყოფილებდი, მაგრამ მინდოდა შენც მიგეღო მონაწილეობა იმაში, რომ ხელი არაფერს შეეშალა შენი სწავლებისათვის, მათ შორის წყურვილსაც კი. მესამეც, არასოდეს არ არის გვიან ყველაფერი ხელახლა დაიწყო და, აი, გეტყვი კიდეც ბედნიერების მიღწევისა და სურვილების ასრულების საიდუმლოს: თუკი რაიმე ახლა გასაკეთებელს სახვალიოდ გადადებ, შენი ცხოვრების მომავალ მოვლენათა სცენარი შენთვის სასიკეთოდ არ განვითარდება. სამაგიეროდ, შენი ცხოვრების სცენარი ბედნიერების მიღწევისა და სურვილების ასრულებისაკენ აიღებს გეზს, თუკი დაუყონებლივ შეუდგები იმ საქმის კეთებას, რაც დღეს არის გასაკეთებელი. ახლა ცხოვრება ხელახლა გაქვს ასაწყობი. დაუყონებლივ ადექი და დაიწყე მოქმედება ამ წამსვე “.
თუკი გჩვევიათ სახვალიოდ გადადება, მინდა 4 ნაბიჯიანი სავარჯიშო შემოგთავაზოთ მის დასაძლევად:
·       თავდაპირველად წარმოისახეთ, რომ რაღაც საქმე გაქვთ გასაკეთებელი დღეს და გადადევი სახვალიოდ;
·       ამის შემდეგ წარმოისახეთ ის უკიდურესად უარყოფითი და დამაზიანებელი სცენარი და შედეგები, რომელიც მოჰყვება გასაკეთებელი საქმის გადადებას
·       ამჯერად კი წარმოისახეთ ის სასიხარულო, ბედნიერებისა და კეთილდღეობის ამსახველი შედეგები, რაც მოჰყვება გასაკეთებელი საქმეების დაუყონებლივ გაკეთებას
·       თქვენს გონებაში შექმენით დაუყონებლივ და გადაუდებლად მოქმედების მენტალური სურათი და ეცადეთ მის მიხედვით იცხოვროთ რეალურ ცხოვრებაში.

3.არ შეეგეოთ სიღარიბეს, არამედ ისწრაფეთ სტაბილური წინსვლისაკენ                                      ხელმოკლეობასა და სიღარიბეში მყოფნი ესწრაფვიან სტაბილობას. მათ არ სურთ რისკი გასწიონ, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს; მათ ურჩევნიათ სტაბილური და დაბალი შემოსავალი ჰქონდეთ დღეს, ვიდრე ხვალ აღმოჩნდნენ  გაურკვევლობასთან წილნაყარ სიტუაციებაში, რომელიც დიდ შემოსავლებთან არის დაკავშირებული.
სიღარიბეში მყოფნი ეგუებიან სიღარიბეს, ცხოვრობენ ღარიბული სტანდარტებით და უფრო დიდ ენერგიას ხარჯავენ არსებულ სიტუაციასთან შეგუებისათვის, ვიდრე მისი გარდაქმნისა და შეცვლისათვის.
სტაბილობისაკენ სწრაფვა მისაბაძია, მაგრამ თუკი ის დაკავშირებულია დაბალ საცხოვრებო სტანდარტებთან, მაშინ სტაბილობისაკენ სწრაფვა გადაიზრდება ხელმოკლეობისა და სიღარიბის გათავისებაში. გამიგია, რომ ვიღაცამ ცდა ჩაატარა ბაყაყზე. სპეციალურ ჭურჭელში ჩაასხა მდუღარე წყალი და შიგ ჩააგდო ბაყაყი. ბაყაყი მყისიერად ამოხტა წყლიანი ჭურჭლიდან და ცოცხალი გადარჩა. ამის შემდეგ იმავე ჭურჭელში ნორმალური ტემპერატურის წყალში მოათავსეს ბაყაყი და შემდეგ ძალიან ნელი ტემპებით და ძალიან მცირე დოზებით აცხელებდნენ წყალს, სანამ მან დუღილის უმაღლეს წეტილს არ მიაღწია. ამჯერად ბაყაყი ისე მოიხარშა წყალში, რომ ჭურჭლიდან ამოხტომა არც ერთხელ არ უცდია. ცოცხალი ორგანიზმი სტაბილურად და მდორედ მიმდინარე მომაკვდინებელ გარემოს ეგუება. 
მეორეს მხრივ ცხოვრების სტანდარტების თავისებურება ისაა, რომ ადამიანი სამყაროდან  ღებულობს იმ ზომითა და იმ სტანდარტების მიხედვით, რაც მან განსაზღვრა შინაგანად. მაგალითად, ერთ გლეხს ვკითხე „რა გინდა რომ გქონდეს“ და მივიღე საკმაოდ ტიპიური პასუხი: „ რა უნდა მინდოდეს, შენი ჭირიმე,  - ორი კაპიკი ცოლშვილისათვის და დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის  ფული, მეტი რა მინდა“. ამ მოკლე ფრაზებიდან ჩანს, თუ რაოდენ დაბალი სტანდარტები აქვს ამ ადამიანს და  ცხოვრებაც მას ზუსტად ამდენსავე აძლევს. ასეთი ადამიანების კომფორტის ზონაა დაბალი სტანდარტები და, ექსპერიმენტული გამოკვლევების თანახმად, ლატარიაშიც კი რომ მოიგონ 10-ჯერ მეტი თანხა, ვიდრე მათი სტანდარტებია, მოგებულ ფულს გაანიავებენ, რათა ისევ ცხოვრების იმ დონეზე დაეშვან, რაც მათ შინაგან სტანდარტებს შეესაბამება. ამიტომაც ადამიანი სტაბილურ და იგივე ხელფასის შენარჩუნებაზე თუ იქნება ორიენტირებული, იგი ხელმოკლეობის ორმოში თუნდაც იმიტომ მოექცევა, რომ ცხოვრების სტანდარტები იზრდება და ცხოვრებაც ძვირდება. ღირსეული ცხოვრების გზა გადის სტანდარტების ზრდაზე. მაგრამ აქაც არის ერთი მაგრამ. კერძოდ, თუკი ადამიანი შეეცდება სწრაფად ძალიან დიდი ფინანსური ნახტომის გაკეთებას, მას  ორმოში ჩავარდნა თუ არა, იგივე ხელმოკლეობის ჭაობში ცხოვრება გარანტირებული აქვს. უეცრად, ერთ დღეში დიდი გამდიდრების მოსურნეები ბევრი ვნახეთ წინა საუკუნის 90-იან წლებში, რომლებიც გაკოტრდნენ ან ვალებში ჩავარდნენ ან უსახლკაროდ დარჩნენ ან ტყვია მოხვდათ. ამბობენ, რომ ფინანსური შემოსავლების ზრდა არ უნდა აღემატებოდეს არსებული შემოსავლების  30%-ს. ასეთი 30%--იანი, მაგრამ სტაბილური წინსვლა ფინანსურ დამოუკიდებლობამდე და მატერიალურ კეთილდღეობამდე ნაკლებ სარისკოა და სარგებლობის მოტანიცაა. ამის საპირისპიროდ ადამიანები ხშირად წინსვლისაკენ კი არ მიდიან , არამედ შვებისაკენ და გადარჩენისაკენ არიან ორიენტირებულები. მათი იდეალი აყვავება კი არ არის არამედ გადარჩენაა. მე ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ: ვინც გადარჩენაზეა ორიენტირებული, იგი დაღუპვისაკენ მიექანება, ხოლო ვინც განვითარებაზეა ორიენტირებული, მას გადარჩენა ხელში შერჩება და პლუს მეტსაც მიიღებს. პრინციპი ასეთია: „რაც არ გვკლავს - გვაძლიერებს, ხოლო რაც არ გვაძლიერებს ან არ გვანვითარებს - ის  გვკლავს“.
მოგიყვებით შვებაზე ორიენტაციის  იგავს. ბრძენთან საშველის საპოვნელად მივიდა
გაჭირვებული კაცი და შესჩივლა, რომ ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს თავის 5  სულიან
ოჯახის წევრებთან ერთად და ძალიან უჭირს. ბრძენმა ჰკითხა: „ქათმები გყავს?“ კაცმა
უთხრა კი-ო. ბრძენმა ურჩია იმ პატარა ოთახში შეეყვანა ქათმები,ხოლო 3 თვის თავზე
 მოსულიყო ბრძენთან და მოეყოლა თუ როგორ წავიდოდა საქმე. სამი თვის შემდეგ
 ისევ მოვიდა ბრძენთან და შესჩივლა, რომ უფრო დამძიმდა მდგომარეობაო. ბრძენმა
 ჰკითხა თხა გყავსო? და როცა დასტური მიიღო, ისევ ურჩია იმ პატარა ოთახში შეეყვანა
  თხაც და მოსულიყო 3 თვის შემდეგ. გავიდა ეს დროც და ისევ შესჩივლა კაცმა ბრძენს,
 რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ბრძენმა ჰკითხა თუ ჰყავდა ძროხა და
დასტურის შემდეგ მისი შეყვანაც ურჩია ოთახში, რის შემდეგ ისევ უნდა მოსულიყო
 ბრძენთან. 3 თვის შემდეგ კაცი მოვიდა ბრძენთან ქანცგაწყვეტილი და განადგურებული
 და ამოიბღავლა, რომ მეტის გაძლება აღარ შეძლო, უკვე იხრჩობიან ოჯახის წევრები.
 ბრძენმა ამჯერად შესთავაზა ძროხა გაეყვანა ოთახიდან და მოსულიყო ისევ სამი თვის
 შემდეგ. გავიდა ეს დროც და მოვიდა გაჭირვებული კაცი და ბრძენს უთხრა, რომ სულ
ოდნავ შვება იგრძნო მან და მისმა ოჯახმა. ბრძენმა ამჯერად თხის გაყვანა ურჩია. 3 თვის
 შემდეგ კაცმა ბრძენს მოახსენა, რომ ცოტა მეტი შვება იგრძნეს. ამჯერად ბრძენმა
ქათმების გაყვანაც შესთავაზა და 3 თვის თავზე გაჭირვებულმა კაცმა შვებით
ამოისუნთქა და ბრძენს მოახსენა, რომ კარგად არის. ეს კაცი დაუბრუნდა იმავე
მდგომარეობას, რითაც თავდაპირველად მიმართა ბრძენს და მაშინდელიდან
განსხვავებით ამბობს რომ კარგადაა.  მისი დაბალი სტანდარტები კი იგივეა.
მინდა შემოგთავაზოთ ერთი სავარჯიშო, რათა შეიმუშავოთ საცხოვრებო
 სტანდარტების სტაბილური ზრდის უნარ-ჩვევა:
·       თავდაპირველად შეისწავლეთ საკუთარი საცხოვრებო სტანდარტები და გამოსახეთ იგი ფულად ერთეულებში. ნახეთ როგორია თქვენი შემოსავლები, მისი მდგომარეობა ბოლო 3 წლის განმავლობაში, როგორია თქვენი დანახარჯები, გაქვთ თუ არა დანაზოგები, რამდენი გიჯდებათ კომუნალური და სხვა ტიპის მომსახურება და ტარიფები, მედიკამენტები და მკურნალობა, გართობა და დასვენება და სხვა. შემოსავლად ჩათვალეთ ყველაფერი დაწყებული ხელფასით და დამთავრებული საჩუქრით ან დახმარებით.
·       მეორე ნაბიჯია: რახან მიიღეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის სურათი და გაარკვიეთ თქვენი შემოსავლებისა და გასავლების სტანდარტები, შეეცადეთ შეიმუშავოთ გეგმა თქვენი შემოსავლების ზრდისა დღევანდელი შემოსავლების სტანდარტების 30%-ის ოდენობით. ამავე დროს შეიმუშავეთ გეგმა თქვენი გასავლების ზრდისა დღევანდელი გასავლების 20%-ის ოდენობით. დაბოლოს შეიმუშავეთ გეგმა თქვენი ყოველთვიური შემოსავლების 10% შეიტანოთ საბანკო სადეპოზიტო ან დაგროვებად ანაბარზე (ამ ფინანსური გეგმების შედგენა ცალკე საუბრის თემაა და ამჯერად არ შევეხები, ამაზე ცალკე რუდუნებით საუბარია საჭირო).
·       მიმართეთ კონკრეტულ ქმედებებს ზემოთ აღნიშნული გეგმებისა შედგენის და მათი განხორციელებისათვის. არცერთი დღე არ გამოტოვოთ მიზანმიმართული ქმედებების გარეშე. მთავარია ქმედება, ქმედება და კიდევ ქმედება და არა ქართული ოცნება.

4.გაიღეთ საზღაური, არ მიითვისოთ
ხელმოკლეობასა და სიღარიბეში მყოფნი ესწრაფვიან უფასოდ მიიღონ ის, რაც ყველაზე ღირებულია -   სწავლა და განათლება, ახალი უნარ-ჩვევები. ვისაც ღარიბის აზროვნება ახასიათებს, იგი ცდილობს სხვის ხარჯზე ცხოვრებას. მისი წამყვანი მოტივაციაა დახმარების მიღების მოთხოვნილება, შემწეობისა და შეღავათების ძიება. მისი ცხოვრებისეული ფილოსოფიის ქვაკუთხედია მიიღოს ყველაფერი უფასოდ. იგი მზადაა ათასგვარად იჩალიჩოს, რათა გადასახადები არ გადაიხადოს; იგი მზადაა მიისაკუთროს სხვისი ინტელექტუალური საკუთრება, უფასოდ გადმოქაჩოს ინტერნეტ პროდუქტი ან ფილმი და მუსიკა. ასეთი სერვისები შექმნილია თვითონ ღარიბების მიერ სხვა  ღარიბთათვის. ამგვარად ღარიბები ისწრაფვიან ირგვლივ გამრავლდეს  ღარიბები, ჰყვაოდეს სიღარიბე ნაპარავის ხარჯზე. ისინი ყველაფერ ამას  ამართლებენ იმით, რომ მათაც უნდათ ცხოვრება, მაგრამ ფული არა აქვთ. ეს მხოლოდ გამართლებაა, მაგრამ რეალური და ღრმა მოტივაცია, რაც შეიძლება გაცნობიერებული არც კი ჰქონდეთ, სხვა სიბრტყეშია. კერძოდ, ისინი პიროვნულად პრიმიტიულები არიან, ასეთი ადამიანების პიროვნული ზრდა შეჩერებულია და მათი თვისებები და მოტივაცია ბავშვის განვითარების ორალურ სტადიაზეა შეჩერებული, როცა ჩვილს ერადერთი მოთხოვნილება ამოძრავებს: დედის  ძუძუ მოწოვოს და საკვები მიიღოს, ყველაფერი ისე მიეცეს, რომ მას ძალისხმევა არ დასჭირდეს. „მომეცი“, „მომცენ“, „ჩემია“, „მეკუთვნის“,- აი, ის ძირითადი გზავნილები, რასაც მათი არსება გვატყობინებს. მათ ასულდგმულებთ პრიმიტიული მესაკუთრეობა და მითვისების იმპულსები. თანაც ისინი არასოდეს არ არიან კმაყოფილნი და მადლიერნი მიღებულით, ყოველთვის მეტი უნდათ მიიღონ. ამით  ისინი ჰგვანან უმდიდრეს ადამიანებს - მილიონერებს, მილიარდერებს, ოლიგარქებს. როგორც ნიკოლო კუზანელი იტყოდა - უკიდურესობანი თანხვდებიან ან როგორც ჰერაკლიტე, პლატონი ან ჰეგელი იტყოდნენ - საპირისპირონი ერთმანეთში გადადიან, ისინი ერთიანობას ქმნიან. ღარიბსა და მილიარდერს შორის ის განსხვავებაა, რომ ხელმოკლე, ღარიბი და გაჭირვებული ადამიანი ვერ ღებულობს იმას, რაც ესოდენ სურს მისი საკუთრება იყოს, ხოლო მილიარდერი არათუ ღებულობს, არამედ ამრავლებს კიდეც მიღებულს. განსხვავება დიდია , მაგრამ მსგავსება პრიმიტიულ მესაკუთრეობასა და ორალურ ხასიათშია. მე, მაგალითად, იმასაც კი ვთვლი, რომ მათხოვრობა ბიზნესის ნაირსახეობაა. მათხოვარი აპელირებს იმაზე, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ეგო, რომელიც ცდილობს კარგ კაცად წარმოადგინოს ეს ადამიანი. გაჭირვებულის დახმარება ყველა საზოგადოებაში მაღალ ღირებულებად ითვლება. მათხოვარი თავს აცოდებს ადამიანს, აღვიძებს მასში კეთილმქმედი ადამიანის იმპულსს და ეს უკანასკნელიც მათხოვარს  უხდის ფულს, რითაც იგი ხარკს უხდის საზოგადოებას და მის ღირებულებებს. მათხოვარი კი ნულიდან ღებულობს მოგებას, რომელიც არ იბეგრება.
კორუფციაც ორალურ ხასიათში იღებს სათავეს: ეს ხომ საჯარო სამსახურის ის   ჩინოვნიკებია, რომლებიც „მომეცი-მომცენ-მივიღო“ იმპლუსებით ცხოვრობენ და  პირადი გამორჩენისათვის  სახელმწიფო სამსახურში შედიან, რათა თაგვებივით  გამოხრან სახელმწიფო რესურსები, აიღონ ქრთამები ან კიდევ გახდნენ ბიზნესის „კრიშა“ ან გადმოიფორმონ და მიითვისონ ბიზნესები, მიიღონ პრემიები და სახელფასო დანამატები, ათასნაირი შეღავათები.  მეორეს მხრივ, ეს ხომ ის კორუმპირებული ბიზნესმენებია, რომლებიც „გადააგდებენ“ ბიზნეს პარტნიორებს, გადამალავენ გადასახადებს, „ჩაწყობით“ და მოქრთამვით მოიგებენ ტენდერებს. ან კიდევ ეს ე.წ. ინტელიგენციის ის წარმომადგენლებია, ეს ის მეცნიერები,ხელოვანები, პოეტები და მწერლები არიან, რომლებიც  ძლიერთა ამა ქვეყნისათა პირებთან არიან შეკრულნი, რათა მიიღონ დივიდენდები, შემწეობანი.   ჯამში: არა მარტო ღარიბები და ხელმოკლეები, მათხოვრები და ბოგანოები, არამედ ბევრი ოლიგარქი, ბიზნესმენი, კორუმპირებული სახელმწიფო მოხელე თუ ინტელიგენტი „მომეცი-მომცენ-მივიღო“ სინდრომითა და ორალური ხასიათის ნიშნებითაა შემკობილი. ღარიბებსა და ხელმოკლეებს დასწავლილი უსუსურობის სინდრომი ემატებათ ყველაფერთან ერთად, ხოლო ოლიგარქებს, მილიონერებსა და ბიზნესმენებს  მათგან განსხვავებით დაუფლებისა და მითვისების მოტივაცია უძლიერდებათ. ისინი ერთმანეთს გვანან  პრიმიტიული ორალური ხასიათით, მაგრამ ისინი განსხვავდებიან დასწავლილი უსუსურობის სინდრომის ქონა-არქონით და დაუფლება -მითვისების მოტივაციის სიძლიერის ხარისხის მიხედვით.      
ახლა კი ორიოდე რეკომენდაცია. გახსოვდეს:
·        ყველაფერი რაღაც  ღირს და  ყველაფრისათვის უნდა გადაიხადო საზღაური;
·        თუკი ხელმოკლეობისა და  სიღარიბის ორმოში ჩავარდი, შემწეობას ნუკი ელი და უსუსურობის განცდას ნუკი მიენდობი, არამედ შენს თავს დაჟინებით დაუსვი კითხვები: ა) „ რით გავძლიერდე?  ბ) რა  გავაკეთო ისეთი, რომ უკუსვლის ნაცვლად წინსვლა  დავიწყო? გ)რა ახალი უნარ-ჩვევა შევიძინო, რაც წინსვლაში დამეხმარება? დ)ვინ და რა შემიწყობს ამაში ხელს, ვისი მაგალითი გამომადგება?“
·       შენი ხსნა შემწეობის ძიებასა და გადარჩენაში კი არის არის, არამედ წინსვლასა და ბედნიერების მოპოვებაშია. ამას კი თვითგაძლიერება სჭირდება და არა დასწავლილი უსუსურობა.

5. ნუ ეძებთ მიზეზთა მიზეზებს, ეცადეთ ახალი შესაძლებლობები ეძებოთ
ხელმოკლე და ღარიბი კაცის სათვალავში ასობით მიზეზია, რათა თავი დაისაწყლოს, რომ დაიბადა  ღარიბ ქვეყანაში, რომ ყველა მას უშლის ხელს, რომ ხელფასები დაბალია, რომ მთავრობა ცუდია, რომ ვერ მოვიდა ხელისუფლებაში ხალხის მოყვარული მთავრობა, რომ ყველგან ნეპოტიზმი და კორუფციაა, რომ ამინდები გაუარესდა და ცუდი მოსავალი იქნება, რომ საწყალი ხალხის საშველი არ არის და ასე დაუსრულებლად;
ასეთი მიზეზებისა და დაუსრულებელი მიზეზთა მიზეზების ძიებას ჩივილი და წუწუნი მოჰყვება, რაც სიღარიბის თანმხლები ჩვეულებაა. ცხადია, რომ უფულობა უარყოფით განცდებს იწვევს. მაგრამ თუკი მდიდარი ადამიანისათვის უფულობა და ფინანსური ჩავარდნა გამოწვევაა და ახალი გამოცდილების შეძენაა, რათა უკეთესად ააგოს ცხოვრება, ღარიბისათვის იგი წარუმატებლობის, ბედისადმი უკმაყოფილებისა და წუწუნ-ჩივილის  საწინდარია; მას სურს გამოთქვას თავისი გაჭირვება, რათა ვინმემ შეიბრალოს და მიიღოს მხარდაჭერა, მაგრამ ამით მისი ფინანსური მდგომარეობა არ უმჯობესდება და იგი ისევ ძველებურად ჯიბეგაფხეკილი რჩება. იგი მატერიალური დახმარებისა და მხარდაჭერის გარდა ემოციური თანადგომის მიღებასაც ელტვის გარეშემყოფებისაგან. შეცოდება მაღალი ღირებულებაა მისთვის. დახმარების მიღებისკენ სწრაფვა ადამიანის მიერ შეიძლება არგუმენტირებული იყოს ვითომდაც რაციონალური არგუმენტებით, რომ ყველაფერი გარდაუვალი იყო და მიზეზთა და მიზეზთა გამო „დაემართა“ მას ხელმოკლეობა და სიღარიბე. რაციონალიზაციის (ზ.ფროიდის ტერმინი) ასეთი მოხმობით პიროვნება თავს იცავს იმისაგან, რომ თვალი გაუსწოროს სინამდვილეს და ირაციონალური „მომეცი-მომცენ-მივიღო-მივითვისო“ეგოისტური მისწრაფება არაცნობიერ სფეროში განდევნოს და შეინახოს.  იგი ხშირად ალტრუიზმსა და  ადამიანებზე ზრუნვასაც ავლენს, თუმცა ეს ზრუნვა ყოველთვის არ არის გულწრფელი და უანგარო. შესაძლოა ისეთი შემთხვევებიც შეგვხვდეს, როცა  ალტრუიზმი და  ადამიანებზე ზრუნვა გადაფარვაა იმ ეგოიზმისა და ანგარებითი დამოკიდებულების, რაც ხელმოკლე და ღარიბ ადამიანს შეიძლება გააჩნდეს ადამიანთა მიმართ. შეიძლება იგი აპელირებდეს შეჭირვებულთა თანაგრძნობაზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, შეიძლება კაციჭამია ვირთაგვებივით მივარდეს მეორე გაჭირვებულს შესაჭმელად.
 სიღარიბეში მყოფნი მუდამ იმის განსჯაში არიან, თუ როგორ ფიქრობენ სხვები მათი პიროვნების შესახებ. დღენიადაგ ფიქრობენ იმაზე, თუ „რას იტყვიან ჩემზე“. მათი ათვლის წერტილი სხვათა აზრია საკუთარი თავის შესახებ, მუდმივად სხვებს ადრიან თავს, მუდამ შედარებებით ცხოვრობენ. ამასთან ერთად ისინი უპირატესად მეორე მასავით ხელმოკლეს ადარებენ საკუთარ თავს. მათი წუხილის საგანი შეიძლება იყოს „იმას თუ მისცეს, მე რატომ არ მაძლევენ?“.  შესაძლოა ეს თვისება ბევრ შეძლებულ და მდიდარ ადამიანსაც ახასიათებდეს, მაგრამ ეს იმის სიმბოლოა, რომ გარეგნულად ეს ადამიანი მდიდარი და შეძლებულია, მაგრამ შინაგნად ისეთივე ღარიბია, როგორც ფინანსურად ხელმოკლე ადამიანი. ღარიბთა შორის შესაძლოა კონკურენციაც აღმოცენდეს შემწეობათა მიღების თაობაზე ანუ ვინ მეტ შეღავათებსა და შემწეობას მიიღებს. მაგრამ ამ კონკურენციაში გამარჯვებული დამარცხებულია, რადგან რაც მეტ შეღავათებსა და შემწეობებს მიიღებს ხელმოკლე ადამიანი, მით უფრო ხელმოკლე დარჩება იგი თავისი არსით, რაც ცხოვრების მომდევნო ეტაპებზეც გამოვლინდება. შემწეობების მიღებით დროებით შემწეობას ღებულობ და არა ფინანსურ სტაბილობას. შემწეობას მივუმატოთ შემწეობა უდრის კიდევ უფრო დიდ შემწეობას, ხოლო რაც უფრო მეტ შემწეობას ღებულობ, მით უფრო დამოკიდებული ხდები შემწეობის მიღებაზე და ასე დაუსრულებლად.  შემწეობაზე ორიენტირებულ ხელმოკლე და ღარიბ ადამიანებს შორის ჭეშმარიტი სოლიდარული ურთიერთობები ვერ აიგება. კ. მარქსისა და ფრ. ენგელსის ფორმულა „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“ მდიდართა და კაპიტალისტთა სიძულვილზე იყო აგებული და არა პროლეტარების ურთიერთ სიყვარულზე. ქვეყანა, სადაც დიდია სიღარიბის მაჩვენებელი და ბევრია ხელმოცარული ადამიანები, ძალიან ადვილად შეიძლება იმის პროვოცირება, რომ სიძულვილის ენამ დაისადგუროს სოციუმში. მეორეს მხრივ კი ურთიერთმოძულეობა და საზოგადოების ფრაგმენტაცია კიდევ უფრო უწყობს ხელს სიღარიბის ზრდას.
თუკი მიზეზთა მიზეზების შესახებ ტვინის ჭყლეტა შემოგეჩვიათ, სცადეთ შემდეგი:
·       ყოველთვის, როცა იწყებთ მიზეზების ქექვას, თქვენს თავს შიგნიდან შესძახეთ „სდექ“ ან ხელზე იპწკინეთ ან კიდევ მუხლზე დაირტყით ხელი, ან თავი სწრაფად მიაბრუნეთ მარჯვნიდან მარცხნივ და მარცხნიდან მარჯვნივ, რითაც სპეციალურ „ღუზას“ შეიმუშავებთ, რომ შეწყვიტოთ მიზეზთა ქექვა და ხელმოკლეობის რაციონალიზაცია;
·       სწრაფად გადაერთეთ ახალი შესაძლებლობების და პერსპექტივების ჩამოთვლაზე ან მოფიქრებაზე;
·       სწრაფადვე გადადგით თუნდაც მცირე ნაბიჯი მოფიქრებული ახალი შესაძლებლობისაკენ, ნუკი ილაპარაკებთ ან იოცნებებთ , არამედ იმოქმედეთ რაგინდ მცირე არ უნდა იყოს ეს მოქმედება თავისი მასშტაბებით.

6.დაიწყეთ დაზოგვები და საკუთარი მომავლის ინვესტირება
ხელმოკლენი და სიღარიბეში მყოფნი, რაგინდ პარადოქსულიც არ უნდა ჩანდეს,   ფულს უთავბოლოდ ფლანგავენ. მათ არ იციან რა არის დაზოგვები და თანხების დაგროვება. მდიდრები თავიანთ შემოსავლებიდან ახდენენ ინვესტირებას, რათა სამომავლოდ შექმნან კაპიტალი. ღარიბები კი იმას უჩივიან, რომ ფული არა აქვთ მომავალისათვის საინვესტიციოდ. სინამდვილეში კი მათ ფული სწორედ იმიტომ არ გააჩნიათ, რომ საკუთარი მომავლის ინვესტირებას არ ახდენენ.
სიღარიბეში მყოფნი წარმავალი და ამწუთიერი სარგებლისა და სიამოვნებებისათვის ცხოვრობენ. ისინი არ ცდილობენ ისწავლონ ის, რაც სახვალიოდ გამოადგებათ, ისინი არ მუშაობენ პერსპექტივაზე; მათ სურთ ყველაფერი მიიღონ სწრაფად და ამისათვის ხარჯი და ძალისხმევა არ გაიღონ. ისინი ჰგვანან იმ გლეხს, რომელიც ჭადის ფქვილად გადააქცევს სიმინდის მთელ მოსავალს და არ შემოიტოვებს სიმინდის თესლებს შემდგომი დათესვისა და მოსავლისათვის.
ხელმოკლე ადამიანმა სრულიად აუცილებელია დაიწყოს მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მსვლელობა. კერძოდ, ცხოვრების დინება მისგან მოითხოვს გაჰყვეს ამ დინებას, დახარჯოს რასაც იშოვის, არ დაიწყოს დაზოგვები ან თუ ჰქონდა დანაზოგები მთლიანად დახარჯოს და ბედის ანაბარა იცხოვროს, ეძებოს შემწეობები და დახმარებანი, ხელი ჩაიქნიოს ახალი უნარების ათვისებასა და ახალი, ალტერნატიული შესაძლებლობების ძიებაზე.
---- ნუ აჰყვებით ცხოვრების ძველებურ დინებას, არამედ განაახლეთ თქვენი ხედვები და ქმედებები და დაიწყეთ თქვენი ცხოვრების ფინანსური დაგეგმვა. გადადით გეგმაზომიერების ლიანდაგებზე.
----ნუ აჰყვებით ცხოვრების ძველებურ დინებას, არამედ ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივის მსგავსად შექმენით რამდენიმე ყულაბა: 1) დანაზოგებისათვის, 2) ინვესტირებისათვის, 3)საჭიროებებისათვის, 4) სურვილების დაკმაყოფილებისათვის და
5) მოყვასის ან შეჭირვებულთა დახმარებისათვის.                                                                            ----ნუ აჰყვებით ცხოვრების ძველებურ დინებას, არამედ დაიწყეთ დაზოგვები. ბიბლიური გამოთქმაა: „დამზოგავს ღმერთი დაზოგავს“. დაზოგვები დაგეხმარებათ საჭირო მომენტში გამოიყენოთ საჭირო თანხა, რათა ესა თუ ის კარზე მომდგარი პრობლემა გადაწყვიტოთ ან რაიმე ოცნება აიხდინოთ მომავალში. ბიბლიური მოსეს ყოველი მეათედის პრინციპისა არ იყოს, ნებისმიერი შემოსავლიდან, ხელფასი იქნება ეს თუ ნაჩუქარი თანხა ან ქუჩაში შემთხვევით ნაპოვნი ფული, დანაზოგების ყულაბაში მოათავსეთ შემოსავლის 10%. მაგალითად, თუ თქვენი დღიური შემოსავალია 5 ლარი, იქიდან 50 თეთრი გადაინახეთ დანაზოგების ყულაბაში, ხოლო თუკი 10 ლარია ამ დღის შემოსავალი, 1 ლარი გადაინახეთ; ხოლო თქვენი ხელფასიდან ყოველი 100 ლარიდან 10 ლარი გაიმეტეთ დანაზოგებისათვის და გააგრძელეთ ამ სტილით თქვენი ფინანსური ცხოვრება. 10% ნებისმიერი თანხისა ის ოდენობაა, რომლის არქონა დიდ დანაკლისს არ ქმნის და მისი დანაზოგის ყულაბაში გადანახვა არაფერს არ დაგაკლებთ. მაგალითად, სადაც 10 ლარი გაქვთ დასახარჯი, იქ 9 ლარადაც გამოხვალთ, ხოლო ყოველი ათიდან ერთი ლარი თუ გადაინახება, ეს თავის დროზე შექმნის თანხის კარგ ოდენობას.
----ნუ აჰყვებით ცხოვრების ძველებურ დინებას, არამედ დაიწყეთ თქვენი ხვალინდელი დღისა და შორეული მომავლის ინვესტირება. მილიონერების აზროვნების წესი 20/80-ის პრინციპზეა აგებული. ისინი ნებისმიერი შემოსავლის 20%-ს ინვესტიციისათვის დებენ. თქვენ შეიძლება მილიონერი კი არა ხართ, არამედ ხელმოკლეობას უჩივით, მაგრამ თქვენ ხვალინდელი დღისა და  მომავლის ინვესტირება არანაკლებ  და შეიძლება უფრო მეტადაც კი გჭირდებათ, ვიდრე მილიონერებს. მოდით შევაჯამოთ: თუკი შემოსავლების 10%-ს დანაზოგებში ჩადებთ, ხოლო 20%-ს ინვესტირების ყულაბაში, მაშინ დასახარჯად გექნებათ თქვენი შემოსავლის 70% ანუ ყოველი შემოსული 10 ლარიდან  7 ლარი ან 100 ლარიდან 70 ლარი და ა.შ. ამრიგად, ნებისმიერი შემოსავლის 70% თქვენს სახარჯო ფულს შეადგენს, მაგრამ არსებობს სწორი ხარჯვა და არასწორი ხარჯვა, რასაც ქვემოთ გავშლით.                                                                                                                                           ------ნუ აჰყვებით ცხოვრების ძველებურ დინებას, არამედ დაიწყეთ სახარჯო ფულის სწორი ხარჯვა. მოდით ერთმანეთისაგან გავარჩიოთ საჭიროება და სურვილი. საჭიროებაა ის , რაც აუცილებლობით და გადაუდებლად გჭირდებათ, მაგალითად, საკვები, სითბო, ჭერი, წყალი, ჰაერი, ჯანმრთელობა, გადასახადების გადახდა და ვალების გასტუმრება და სხვა. სურვილებია ის, რომელთა დაკმაყოფილებაც სასიცოცხლო აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ სიამოვნებისა და კომფორტისათვის ფრიად სასურველია, მაგალითად, შოკოლადი, ნაყინი, ქეიფი, დროსტარება და სხვა. სწორი ხარჯვის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ აუცილებელი საჭიროებანი დაიკმაყოფილო, ხოლო შემდეგ დარჩენილი ფული სურვილების დაკმაყოფილებისათვის დახარჯო. თუკი თქვენ ჯერ სურვილებში დახარჯავთ ფულს და საჭიროებებისათვის იგი აღარ დაგრჩათ, მაშინ გაჭირვება აუცილებლად შემოვა თქვენს ცხოვრებაში და თუკი ის ისედაცაა, მაშინ კიდევ უფრო დამძიმდება.  ფული ჯერ ხარჯეთ საჭიროებებში, ხოლო თუ ამის შემდეგ დაგრჩათ თანხები, გაუყევით სურვილების დაკმაყოფილების სასიამოვნო გზას.                          ---------ნუ აჰყვებით ცხოვრების ძველებურ დინებას, არამედ დაიწყეთ ცოტაოდენი ფულის შეგროვება მოყვასის დახმარების ყულაბაში, რათა დაეხმაროთ მოყვასს, მიუსაფარ ადამიანს, ავადმყოფსა და უძლურს.
ამ პატარა სტატიაში შემოგთავაზეთ ჩემი ხედვები ხელმოკლეობისა და სიღარიბის დაძლევის შესახებ. მთავარია გარდაიქმნათ ქაოტურ და დინებას აყოლილი არსებიდან გეგმაზომიერ არსებად. ამის შედეგად თქვენ გაგეხსნებათ ახალი შესაძლებლობები და   ხედვები, ხოლო სამყარო თავის მხრივ თქვენსკენ გადმოდგამს სასიკეთო ნაბიჯებს.




Комментариев нет :

Отправить комментарий