9.19.2014

დროითი ჰორიზონტი, პრობლემების გადაწყვეტა და მიღწევის სტრატეგიები

ნოდარ სარჯველაძე
დროითი ჰორიზონტი, პრობლემების გადაწყვეტ და მიღწევის სტრატეგიები
 წარმატების 365 დღე
70–ე დღე
ყველა პრობლემას, მის გადაწყვეტასა  და ყველა მინაღწევარს აქვს თავისი დროითი ჰორიზონტი. დროითი ჰორიზონტი გულისხმობს პრობლემისა  და  მიზნების ხანგრძლივობას, გრძელვადიანობას ან მოკლევადიანობას.  ამას გარდა, დროითი ჰორიზონტი  გულისხმობს,  ერთის მხრივ, თუ დროის რა მონაკვეთზეა ორიენტირებული პრობლემა  – წარსულზე, აწმყოზე თუ მომავალზე, ხოლო მეორეს მხრივ რა გადასახედიდან,, რომელი რაკურსიდან – წარსულის, აწმყოს თუ მომავლის – გადმოსახედიდან ხორციელდება პრობლემის   ანალიზი ან გადაწყვეტა. ეს გახლავთ ჩემი კონცეპცია ფსიქოლოგიური დროის შესახებ და იგი ფსიქოლოგთა წრეებში ცნობილია პიროვნების თვითმიმართების დროის სახელწოდებით.  პიროვნება მიმართებათა სისტემაა და იგი მიმართებებს  ამყარებს სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან. საკუთარ თავთან მიმართებას ვუწოდოთ  თვითმიმართება. იგი დროითი განზომილების სახით წარმოგვიდგება სამ ნაირსახეობად:  1) პირველია, როცა ადამიანი მიმართულია  საკუთარი ცხოვრების, საკუთარი პიროვნების წარსულ მონაკვეთზე და პასუხია კითხვაზე „რა ვიყავი?“ და მას რეტროსპექტული „მე“ შეიძლება ვუწოდოთ; 2) მეორე გულისხმობს საკუთარი პიროვნების აწმყო მონაკვეთზე მიმართულობას, იგი პასუხია კითხვაზე „როგორი ვარ?“  და შეიძლება ვუწოდოთ აქტუალური „მე“; 3) მესამე ნაირსახეობის თავისებურება ისაა, როცა პიროვნება მომავალზეა მიმართული, იგი პასუხობს კითხვას „ვინ, რა და როგორი გავხდები?“  და იგი პროსპექტული „მე“–ს სახით გვევლინება. რეტროსპეტული „მე“, აქტუალური „მე“ და პროსპექტული „მე“ პიროვნების „მე“–კონცეპციის დროითი წახნაგებია.
ამას გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს დროით ჰორიზონტსა და გადასახედს. ჩვენ შეგვიძლია ან აწმყოს ან წარსულის ან მომავლის გადასახედიდან შევხედოთ წარსულ ანუ რეტროსპექტულ „მე“–ს („რანი ვიყავით“).  თუკი რეტროსპექტულ  „მე“–ს  აწმყოს გადასახედიდან ვუყურებ, შეიძლება დისტანცირება გავაკეთო იმისაგან, თუ რა ხდებოდა  ჩემს წარსულში, ხოლო აწმყოსთან კონტაქტი შევინარჩუნო და გავაძლიერო კიდეც, წარსულის მოგონება წარსულშივე დავტოვო და მას შეცხედო  ისე, როგორც დღევანდელობას ესაჭიროება. ამ პოზიციაში  ამას გარდა შემიძლია აწმყოში არსებული ჩემ პიროვნულ რესურსებს თავი მოვუყარო და მივმართო იქეთ, რომ წარსულში დარჩენილი გადაუწყვეტი და წერტილ დაუსმელი პრობლემები გადავწყვიტო და ამოვწურო (ამის ერთერთ ტექნიკას „წარსულის ფორმატის რეიმპრინტირება“ ჰქვია და იგი კარგად მუშაობს წარსულის ხარისხიანი მონელების პრობლემაზე; არის კიდევ „გამოგლოვების“, გაცნობიერების, კათარზისული, განცდათა ვენტილიაციის მეთოდები, რისთვისაც დაინტერესებული მკითხველი შემიძლია გავატარო ამ სასარგებლი ტექნიკების პროცესში).  თუ ჩემს რესტროსპექტულ  „მე“–ს წარსულის გადასახედიდან ვუმზერ, მაშინ მე მთლიანად გადავსახლდები  წარსულში, აწმყოსთან კონტაქტს ვკარგავ და ილუზორულად ვცდილობ წარსულის პრობლემა გადავწყვიტო იმავე ხერხებით, რასაც წარსულში ვიყენებდი; ამიტომაც შეიძლება მიმტყუნოს ადექვატურობის გრძნობამ და გავხდე აწმყოს მოცემულობასთან არაადექვატური, აწმყო ხელებიდან გამიფრინდეს, ცხოვრებამ გვერდით ჩაიაროს.  თუკი ჩემს რეტროსპექტულ „მე“–ს მომავლის გადასახედიდან ვუყურებ, მაშინ შეიძლება სრული დეზორიენტაცია დამემართოს: ვერც მომავალს დავგეგმავ ხარისხიანად, ვერც წარსულის განცდებს მოვინელებ, ხოლო აწმყო მთლიანად გაქრება ხედვის არედან.
სხვადასხვა გადასახედიდან დანახული აწმყო ანუ აქტუალური „მე“ („რას წარმოვადგენ დღეს?“ „ვინ ვარ და რა შემიძლია“? „როგორი ვარ“?) ასევე მრავალწახნაგოვანია. თუკი წარსულის ჰორიზონტიდან  ვუყურებთ აქტუალურ  „მე“–ს, მაშინ ნოსტალგია მოგვეძალება ან შეიძლება სინანულის გრძნობა დაგვეუფლოს, რომ ვერ გავამართლეთ ყველა ის იმედი ან ვერ მივაღწიეთ იმ მიზნებს, რასაც ოდესღაც ჩვენს ბავშვობაში ვისახავდით და რომლის მიღწევასაც ამ ზრდასრული ასაკისათვის ვგეგმავდით („გავამართლე ჩემი იმ პატარა „მე“–ს იმედები? მივაღწიე იმ მიზნებს, რასაც ამ ასაკისათვის ვგეგმავდი პატარაობაში? რატომ ვერ მივაღწიე? რა ვუყო ამ იმედგაცრუებას?“). თუკი აწმყოს გადასახედიდან  გადავხედავთ ჩვენს აქტუალურ „მე“–ს, მაშინ მაქსიმალური სახით ხორციელდება  „აქ და ამჟამად“ პრინციპი, როცა სრულად ვერთვებით ცხოვრების ნაკადში, როცა მთლიანად ვაიგივებთ თავს აწმყოსთან  და ვგრძნობთ „ყოფნის სისავსეს“, როცა განცდაში გვაქვს თუ როგორ ვახდენთ თვითრეალიზაციას.  ხოლო როცა მომავლის ჰორიზონტიდან გადმოვხედავთ   აქტუალურ „მე“–ს, მაშინ ვდგებით დაახლოებით იმ პოზიციაში, რასაც ანხორციელებენ ხოლმე წარმატებული ადამიანები: ისინი არა აწმყოდან უყურებენ თავის საოცნებო მიზანს, არამედ უკვე ახლა სვამენ თავის თავს  მიზან–ახდენილ მომავალ პოზიციაში, უკვე ახლა იქცევიან ისე, როგორც იქცევა ამ მიზანს მიღწეული ადამიანი და ამ მიზან–მიღწეული პოზიციიდან უყურებენ თავიანთ დღევანდელობას, იქედან გეგმავენ რა გააკეთონ, რა გზებს მიმართონ, როგორ დაძლიონ დაბრკოლებები.
ახლა ვნახოთ ის ვირტუალური ვარიანტები, რაც შეეხება მომავალ ანუ პროსპექტულ „მე“–ს. თუ წარსულიდან ვუყურებთ პროსპექტულ „მე“–ს,  ეს ის შემთხვევაა, როცა წარსულის ხატი იმდენად დომინანტურია, იმდენად ყველაფერს ზომავთ წარსულის საზომით, რომ იგი არა მარტო დღევანდელობის შეფასებაზე ახდენს ზეგავლენას,  რაც ჩვენს თვალწინაა და რაზეც  კონტროლი პრინციპში შესაძლოა, არამედ მთლიანად გაბატონებულია მერმისზეც, ხვალინდელ დღეზე, მომავალზე, რაც ჩვენი კონტროლიდან გადის, რაც ჯერჯერობით არ დამდგარა და ამდენად ვირტუალურია. ეს არის თვით–დაკონსერვების საზიანო პროცესი, რომელიც სამომავლო ცვლილებისკენ გზას კეტავს. ძალიან კონსტრუქტული და სასარგებლოა, როცა მომავალ ანუ „პროესპექტულ „მე“–ს  აწმყოს ჰორიზონტიდან ვუმზერთ. რამეთუ მომავალი აწმყოში იღებს სათავეს. ეს კი იძლევა შანსს, რათა ამ მოცემულ და ამდენად კონტროლირებად აწმყოში ცვლილებები გამოვიწვიოთ პროსპეტული „მე“–ს ხატში ანუ იმაში „რანაირი ვიქნები, სად და როგორ ვიქნები“ მდგომარეობის ხატში. რახან პროსპექტული „მე“ წარმოდგენის ან წარმოსახვის ხატია, ხოლო წარმოდგენის და წარმოსახვის ხატები შეგვიძლია ვცვალოთ, მაშინ ჩვენზეა დამოკიდებული  თუ როგორი მომავლის მოზიდვას შევეცდებით. ხოლო მოზიდვის ასეთ დაჟინებით მცდელობებს განამდვილების ანუ მატერიალიზაციის თვისება ახასიათებთ. ამდენად აწმყოს გადასახედიდან  პროსპექტული „მე“–ს ხედვა ის პერსპექტიული  ხედვაა, რაც კარმის შეცვლას, წარმატების მიღწევას, სწორ სტრატეგიულ დაგეგმვას აპირობებს. დაბოლოს, თუკი მომავლის ჰორიზონტიდან გავიხედავთ  და ვფოკუსირდებით „პროსპექტული „მე“–ს სხვადასხვა შინაარსებზე, მაშინ საქმე გვაქვს მეოცნებეობასთან, რაც ოცნებებში ფრენის ან ჩახერგილობის ან გადავარდნილობის გამო აქვეითებს ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის მარგი ქმედების კოეფიციენტს.                                     
ამგვარად, ჩვენ გავარჩიეთ პიროვნების თვითმიმართების დროითი ჰორიზონტის 9 ვარიანტი:
1.      აქტუალური „მე“ წარსულის გადმოსახედიდან (არაადექვატურობა);
2.      აქტუალური „მე“ აწმყოს გადმოსახედიდან ( „აქ და ამჟამად“, ყოფნის სისავსე);
3.      აქტუალური „მე“ მომავლის პერსპექტივიდან (წარმატების მიღწევის მექანიზმი);
4.      რეტროსპექტული „მე“ წარსულის გადმოსახედიდან (წარსულში გადასახლება);
5.      რეტროსპექტული „მე“ აწმყოს ჰორიზონტიდან (წარსულის მონელება, პოზიტიურად გადამუშავება);
6.       რეტროსპექტული „მე“ მომავლის პერსპექტივიდან (დეზორიენტაცია);
7.       პროსპექტული „მე“ წარსულის გადმოსახედიდან (თვით–დაკონსერვება);
8.      პროსპექტული „მე“ აწმყოს ჰორიზონტიდან (სტრატეგიული დაგეგმვა, კარმის გაწმენდა–ტრანსფორმაცია);
9.      პროსპექტული „მე“ მომავლის პერსპექტივიდან (მეოცნებეობა);
ჩემს ფსიქოთერაპიულ და კონსულტატიურ პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ პრობლემის გადაწყვეტისა  (Problem solving) და მიღწევის მოტივაციის (Achievement motivation)  მოდელს.  ერთის მხრივ, ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მოვახდინო პრობლემის იდენტიფიცირება და ფორმულირება (არა იმდენად დიაგნოსტიკა, არამედ სწორედ ფორმულაცია), რის შემდეგაც კლიენტთან ან პაციენტთან ერთად ვეძებ და ვადგენ ამ პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიებს (მაგალითად, დეპრესიის, შფოთვის, ფობიის ან ფინანსური ხელმოკლეობისა  და სხვა პრობლემათა იდენტიფიცირება და კონკრეტული ფორმულირება  და გადაწყვეტის გზების დადგენა) ; მეორე მხრივ, ვახდენთ იმის იდენტიფიცირებასა და ფორმულირებას, რის მიღწევასაც ელტვის კლიენტი და ვცდილობთ ასეთი მიღწევის სტრატეგიების შემუშავებას კლიენტთან ერთად. როგორც პრობლემის გადაწყვეტის, ისე მიღწევის სტრატეგიების შემუშავებისას ვიყენებ თვითმიმართების დროითი ჰორიზონტის კონცეპციას და შესაბამის ტექნიკებს, რათა ფორმულირებული პრობლემა  და მიღწევის სტრატეგიები გავატარო ზემოთ მითითებულ  დროითი ჰორიზონტის  9–ვე წახნაგის პრიზმაში. ამით შემუშავდება პრობლემისა და მისი გადაწყვეტის, აგრეთვე მიღწევის დიაპაზონის  დროით–პანორამული სურათი. როცა ხედვები პანორამულია, გადაწყვეტანიცა და მიღწევანიც უფრო ეფექტურია.

გაატარეთ თქვენი პრობლემა და მისაღწევი მიზანი დროითი ჰორიზონტის მრავალწახნაგოვან და პანორამულ პრიზმაში და იზრუნეთ საკუთარი ცხოვრების მაღალ ეფექტურობაზე!

Комментариев нет :

Отправить комментарий