9.19.2014

სწრაფი ცვლილებების გამოწვევა და მისი ტექნიკები

სწრაფი ცვლილებების გამოწვევა და მისი ტექნიკები
წარმატების 365 დღე
76–ე დღე
ნეიროლინგვისტური პროგრამირების ერთერთმა შემქნელმა რიჩარდ ბენდლერმა მე–20 საუკუნის 80–იან წლებში გამოსცა წიგნი „შეცვალე შენი ტვინი“, რომელშიც ხაზი გაუსვა სწრაფი ცვლილებების საკუთარ თავში გამოწვევის ღირებულებას, შესაძლებლობებსა და ტექნიკებს. ამ წიგნმა დიდი ბიძგი მისცა სწრაფი ცვლილებების ფსიქოტექნოლოგიათა შემდგომ განვითარებას, რაც ნლპ–ს მიმდევართა ახალმა ტალღამ შექმნა ისეთ თემებზე, როგორიცაა „შეცვალე ტვინი შენი და შეინარჩუნე ცვლილებები“, „ რწმენათა შეცვლა“, „ცვლილებები და წარმატების ფსიქოლოგია“ და სხვა. ჩვენი შინაგანი სამყაროს ერთერთი ძირითადი საშენი მასალა ჩვენივე წარმოდგენებია. წარმოდგენათა ანუ რეპრეზენტატიული სისტემა განსაზღვრავს იმ სურათს, რაც სამყაროს შესახებ გვაქვს. ჩვენი წარმოდგენები იქმნება შეგრძნებათა 5 მოდალობის საფუძველზე, როგორიცაა მხედველობა, სმენა, შეხება, გემო და ყნოსვა. მთელი ჩვენი გამოცდილება, რაც ცნობიერებაშია წარმოდგენილი და ჩვენს არაცნობიერ ბუნებაში ძევს შეგრძნების ამ 5 მოდალობას ეფუძვნება, ხოლო ამ ხუთიდან მაინც სამია მთავარი და წამყვანი სამყაროს სურათის შესაქმნელად: ვიზუალური, სმენითი და შეხებითი ანუ კინესთეტიური  (იმავდროუალდ შინაგანი გრძნობის გამომხატველი) შეგრძნებები. შესაბამისად ჩვენ გვაქვს შემდეგი სახის წარმოდგენები: ვიზუალური (მხედველობითი), აუდიალური (სმენითი) და კინესტეთიური (შეხების, ამავე დროს შინაგანი გრძნობის და შეიძლება მოიცვას ყნოსვითი და გემოს შეგრძნებებზე დაფუძვნებული წარმოდგენები). მაგრამ ამავე დროს შესაძლოა გვქონდეს შერეული  ხასიათის  წარმოდგენები, რომლებიც ერთდროულად შეიცავენ, ვთქვათ, ვიზუალურ და აუდიალურ კომპონენტებს, ან ვიზუალურ დ კინესთეტიურ ხატებს, ან აუდიალურ და კინესთეტიურ ინფორმაციას, ან ყველაფერს ერთად. არსებობენ ადამიანები, რომელთა წამყვანი მოდალობაა ვიზუალური წარმოდგენები და ისინი ყველაფერს მხედველობითი არხით მოიაზრებენ, ქმნიან წარმოდგენათა სურათებს და ვიზუალურ ინფორმაციებზე დაყრდნობით ღებულობენ ამა თუ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. თანამედროვე ცივილიზაციის ძირითადი ტენდენციებიც ხელს უწყობს ვიზუალურ აზროვნებას თავისი გრაფიკებით, მინიშნების სიმბოლოებით, ტაბულებით, ნახატებით, ფოტოებით, სატელევიზიო გადაცემებით, კინოხელოვნებით და სხვა. მეორეს მხრივ არსებობენ ადამიანები, რომელთა წამყვანი მოდალობაა აუდიალური წარმოდგენები და ისინი  მეტწილად ნათქვამს, გაგონილს, მოსმენილს აქცევენ პირველ რიგში ყურადღებას და სამყაროს მათეულ სურათში ბგერას, სიტყვას, ჟღერადობას, რითმსა და რიტმს წამყვანი ადგილი უკავია. ესენია, მაგალითად, მუსიკოსები, პოეტები, მწერლები, მსახიობები, დეკლამატორები, ორატორები და სხვანი. მესამე კატეგორიის ადამიანები უპირატესად კინესთეზიური წარმოდგენებით ანუ შინაგანი გრძნობების საშუალებით იკვლევენ გზას ამ სამყაროში. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სამივე მოდალობა კარგად აქვს განვითარებული და თანაბარი სიხშირითა და ინტენსივობით გამოიყენებენ ცხოვრებაში. მაგრამ შემჩნეულია, რომ მოდალობათა კომბინირების დროსაც რომელიმე მოდალობაა წამყვანი, ვთქვათ ვიზუალური, და თავდაპირველად მისით ხდება გარემოს  მოვლენებზე რეაგირება, ხოლო შემდეგ ჩაერთვება სხვა მოდალობა, მაგალითად, კინესტეზიური (გრძნობითი). მაგალითად, ფობიის დროს, რაც შესაძლოა  სივრცეში გადაადგილებასთან (მაგალითად, თვითმფრინავით მგზავრობა)  ან სიმაღლის შიშთან იყოს დაკავშირებული, ადამიანი ჯერ ვიზუალურად წარმოიდგენს სიმაღლეს ან თვითმფრინავით მგზავრობას და მას ავტომატურად მოსდევს შიშის კინესთეზიური გრძნობა; ან კიდევ, წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანი ელვისებურად წარმოისახავს მიზან–მიღწეულ სიტუაციას და   ეს კი იმთავითვე იწვევს მოტივირების კინესთეზიურ მდგომარეობას ანუ მოქმედების იმპულსს. ნლპ–ს მიხედვით ფობიის მოხსნისათვის უნდა გაწყდეს ის კავშირი, რაც საშიში სიტუაციის  ვიზუალურ წარმოდგენასა და  შიშის კინესთეზიური მდგომარეობას შორის არსებობს და ამისათვის შექმნილია სპეციალური ტექნიკები; რაც შეეხება წარმატებულ ქცევას,  კავშირი მიზან–მიღწეული ვიზუალურ წარმოდგენასა და მოტივირების კინესთეზიურ გრძნობას შორის კი არ უნდა გაწყდეს, პირიქით, უნდა გაძლიერდეს, რისთვისაც სულ სხვა ტექნიკათა წყებაა შემუშავებული. ამ და სხვა მსგავს იდეებთან დაკავშირებით რ. ბენდლერმა შეიმუშავა სწრაფი ცვლილებების ტექნიკები.
ტექნიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი ვიზუალური, აუდიალური და კინესთეზიური წარმოდგენები მისი იმ ცალკეული პარამეტრების ანუ მხრეების მეოხებით, რასაც სუბმოდალობები ეწოდება. სუბმოდალობები ის პატარა „აგურებია“ ან ელემენტებია, რითაც შენდება ვიზუალური, აუდიალური და კინესთეზიური წარმოდგენის ხატები.
ვიზუალური წარმოდგენის სუბმოდალობებია: 1) მკაფიოობა, სიკაშკაშე ან სიბნელე; 2)ფერადი ან შავ–თეთრი; 3) წარმოდგენის სურათის მოძრაობა ან უძრაობა; 4) წარმოდგენის ვიზუალური ხატი პანორამულია ან ჩარჩოშია ჩასმული; 5) წარმოდგენის ხატის სიდიდე (დიდია, საშუალო ზომის თუ პატარა); 6)გამოსახულების ცენტრალური ობიექტის სიდიდე; 7) თქვენ სჩანხართ „სურათის კადრში“ ან „ხართ კადრს გარეთ“; 8) ფერებით დატვირთულია თუ ერთფეროვანია; 9) ფერისა და ფორმის კონტრასტები; 10) თუ მოძრაობა არის , იგი სწრაფია თუ ნელი; 11) რომელი დეტალებია მოქცეული ფოკუსში, ან ფოკუსი იცვლება თუ არა; 12) ხატების რაოდენობა; 13) წარმოდგენის ხატის ადგილმდებარეობა ( თქვენგან ზევით, ქვევით, უკან, მარჯვნივ თუ მარცხნივ) არის წარმოდგენის ხატი განთავსებული და სხვა.
აუდიალური წარმოდგენის ხატების სუბმოდალობებია: 1) ხმის ინტენსივობა (ხმამაღლა ისმის თუ ხმადაბალია....); 2) ტემბრი; 3) რიტმი; 4)ინტონაცია; 5) ტემპი; 6)პაუზა; 7)ტონალობა; 8)საზეიმო ბგერებია თუ დეპრესიული, დამაწყნარებელი თუ აღმაგზნებელი; 9) ბგერის ან ხმაურის ადგილმდებარეობა, ლოკაცია; 10) ბგერა სივრცეში გადაადგილდება თუ ერთ ადგილზე ისმის და სხვა.
 კინესთეტიური სუბმოდალობებია : 1) ტემპერატურა (ცხელი, გრილი,ცივი); 2) გძნობითი ტონი სიამოვნება, უსიამოვნება..); 3) ვიბრაცია, 4) სიხარული ან წყენა და სხვა გრძნობები: 5) სიმძიმე და სისუბუქე,  წონა; 6) მოძრაობა, სიარული, სირბილი, ფრენა... 7) ხანიერობ; 8) ზეწოლა; 9) წყვეტ ან უწყვეტობა; 10) სიმკრივე; 11) გაღიზიანება, ქავილი...) 12) სიდამწვრის შეგრძნება და გაცივება; 13) კუნთების დაძაბულობა; 14) აღელვება, დამშვიდება და სხვა.  
ჩვენს წარმატებასა და წარუმატებლობას ჩვენვე ვაშენებთ. რაიმე სასურველი შედეგის მიღწევას სჭირდება  გაარკვიო, თუ რა უნდა წარმოიდგინო შედეგის სახით და თუ როგორ უნდა წარმოიდგინო; ანუ  წარმოდგენის შინაარსი მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ და ხანდახან უფრო მეტადაც მნიშვნელოვანია წარმოდგენის ფორმა. წარმოდგენის მოდალობები და სუბმოდალობები ქმნიან წარმოდგენის ფორმას, ხოლო წარმოდგენის ხატი თუ რა იქნება შინაარსის თვალსაზრისით, ეს თვით პიროვნების ნებაზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ წარმოდგენის შინაარსები ანუ რას წარმოვიდგენთ, მაგრამ ნლპ–ი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფორმის ცვლილებას ანუ როგორ წარმოვიდგენთ, რა მოდალობებსა და სუბმოდალობებს ჩავრთავთ ამ შინაარსის წარმოსადგენად და როგორ შევცლით მას. მაგალითად, ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვენი ცხოვრების ერთი სასიამოვნო დღე, იგი  ვიზუალური სუბმოდალობების თვალსაზრისით შეიძლება წარმოგვესახოს მკაფიო ფერად ფერებში, წარმოდგენის სურათი შეიძლება იმდენად ახლომდებარედ წარმოგვიდგეს, თითქოს თვალწინ გვიდგას და ყველაფერს ფარავს, ეს შეიძლება იყოს ფილმივით მოძრავი ხატები და არა სტატიური ფოტოასლი; ამ დღის წარმოდგენა აუდიალურად შეიძლება იყოს დაკავშირებული ხალხმრავალ ხმაურთან, სიმღერასთან და მუსიკასთან , ხოლო კინესთეზიურად შეიძლება ის გამოხატავდეს საზეიმო გაწყობილებას და ერთობის გრძნობას. თუკი თქვენი ცხოვრების ამ კადრს  მრავალჯერ წარმოიდგენთ და ამის შემდეგ წარმოიდგენთ თქვენი ცხოვრების რომელიმე უსიამოვნო ან მტკივნეულ მომენტს, მაგრამ ამ უარყოფით წარმოდგენას მიუსადაგებთ იგივე სუბმოდალობებს, რაც სასიამოვნო დღის წარმოდგენისას გქონდათ (მაგალითად, მკაფიო ფერადი და მოძრავი ვიზუალური ხატები, როცა ეს ვიზუალური ხატები თვალწინ ახლოს დაგიდგებათ, მხიარული მუსიკის და ხმაურიანი პუბლიკის ატმოსფერო, რაც საზეიმო სულისკვეთებითაა გაჟღენთილი), მაშინ იმ უსიამოვნო შინაარსის მქონე წარსული მოგონება შეიძლება განეიტრალდეს და სასიამოვნო მომენტებიც კი შეიძლება აღმოაჩინოთ იმის გახსენებაში, რაც აქამდე მტკივნეული იყო.
ახლა ავიღოთ სხვა სავარჯიშო. მაგალითად, თქვენ რაღაც არ გეხერხებათ ან არ გამოგდით ან ძალიან ძნელად  გამოგდით და გსურთ მიაგნოთ თუ როგორ გამოგივიდეთ ყოჩაღად, კარგად და ადვილად. კარგად დააფიქსირეთ ეს რაღაცა, რაც სათანადოდ არ გამოგდით. ამის შემდეგ წარმოიდგინეთ რაღაც ისეთი რამ, რაც კარგად და წარმატებით გამოგდით. წარმოიდგინეთ თქვენი თავი იმ სიტუაციაში, როცა ის  რაღაც კარგად გამოგდით, დააკვირდით თუ როგორ გამოიყურებით, როცა იმ რაღაცას მოხეხებულად და კარგად აკეთებთ, რა ზომისაა  წარმოდგენის ეს ხატი – დიდია თუ პატარა, ახლოსაა ეს კადრი თქვენთან თუ აღიქმება როგორც შორს მდებარე, თქვენს პირდაპირ ჩანს თუ თქვენგან მარჯვნივ ან მარცხნივ, ფერადია წარმოდგენის ხატი თუ შავ–თეთრი, ნათელია სურათია თუ ბნელი, მკაფიოა თუ ბუნდოვანი, რა ისმის – ხმაური თუ ფუსფუსი, მუსიკა და ჩიტების ჭიკჭიკი, ადამიანები ლაპარაკობენ თუ სიჩუმეა, თუ ლაპარაკობენ – როგორია ხმის ტემბრი ან ლაპარაკის ტემპი, რა გრძნობები გეუფლება, რას ეხები, რა ტემპერატურაა, როგორია განწყობილება. დააფიქსირეთ წაარმოდგენის ეს სუბმოდალობები და შეკრიბეთ ამ მხრივ რაც შეიძლება მდიდარი ინფორმაცია. ამის შემდეგ  წარმოიდგინეთ ის, რაც არ გამოგდით ან ძალზე ძნელად გამოგდით, მაგრამ მიუსადაგეთ ამ წარმოდგენას ის სუბმოდალობები, რაც ამის წინ წარმატებული მოქმედებების წარმოდგენისას დააფიქსირეთ. საკმარისია რამდენჯერმე გააკეთოთ ეს სავარჯიშო, რომ თქვენ მიაგნოთ იმ გასაღებს, რაც უზრუნველჰყოფს უკეთ გამოგივიდეს ის საქმე, რაც აქამდე არ გამოგდიოდათ.
ავიღოთ მესამე სავარჯიშო. იგი ალერგიულ რეაქციებს ეხება. დაადგინეთ რა ტიპის საკვები იწვევს თქვენში ალერგიულ რეაქციას. წარმოიდგინეთ, რომ იმ საკვებს ღებულობთ და თან წარმოიდგინეთ როგორ გაყრით ტანზე ან გაქვთ სხვა ალერგიული რეაქცია.  ამის შემდეგ წარმოიდგინეთ ისეთი საკვების ან ხილის მიღების პროცესი, რაც გსიამოვნებთ და თან არა თუ არ იწვევს ალერგიულ რეაქციას, არამედ ჩინებულად გრძნობთ თავს მისი მიღების შემდეგ. კარგად დააფიქსირეთ რა სახის სუბმოდალობები „კვებავენ“ ამდაგვარი სასიამოვნო, სასარგებლო  და უალერგიო საკვების მიღების წარმოდგენას. გაიმეორეთ ეს წარმოდგენა ბევრჯერ და ბევრჯერვე დააფიქსირეთ ეს სუბმოდალობები. მას შემდეგ, რაც ძვალ–რბილში გაგიჯდებათ სასიამოვნო და უალერგიო საკვების მიღების წარმოდგენა და მისი სუბმოდალობები, დაიწყეთ ალერგიული რეაქციის მომცემი საკვების მიღების წარმოდგენა ოღონდ მას მიუსადაგეთ ის სუბმოდალობები, რაც სასიამოვნო–უალერგიო საკვებთან დაკავშირებით დააფიქსირეთ. ბევრჯერ გაიმეორეთ ასეთი შეუღლებული წარმოდგენა ალერგიის წარმოდგენისა იმ სუბმდალობების ფონთან, რაც სასარგებლო–სასიამოვნო–უალერგიო საკვების წარმოდგენისას ჩნდება. როცა ასეთი შეუღლებული წარმოდგენის პროცესში გაივარჯიშებთ, გაბედულად მიიღეთ რეალურად ის ალერგიული საკვები და თან დაურთეთ მას იმ სასარგებლო დაფიქსირებული სუბმოდალობების წარმოდგენა. მერწმუნეთ, ალერგიული რეაქცია გაივლის.
ახლა მინდა შეითვისოთ ერთი სავარჯიშო, რომელსაც შეიძლება „მოქნევა“ დავარქვათ. იგულისხმება, რომ უნდა ვისწავლოთ რაღაც ცუდის სწრაფი მოქნევა და მისი სწრაფი ჩანაცვლება რაღაც კარგით.
ნაბიჯი პირველი
წარმოიდგინეთ თქვენი რაიმე მავნე ჩვევა, საზიანო ქმედება ან სიტუაცია, რომელშიც რეგულარულად მოექცევით ხოლმე. დახატეთ წარმოდგენის ეს სურათი დიდად, იგი თითქოს თვალწინ გიდგათ და ყველაფერს ფარავს, მასზე მკაფიოდ ჩანს თქვენი მავნე ან საზიანო ქცევა ან სიტუაცია, ვიზუალურად გამოკვეთილია ეს ხატი. დაურთეთ მას უსიამოვნო სიტყვები ან ბგერები და ხმაური, რაც თან ახლავს. შეიგრძენით ის შეგრძნება, რაც ამ მავნე ჩვევის ან საზიანო შედეგის გამო გეუფლებათ.
ნაბიჯი მეორე
წარმოიდგინეთ თქვენთვის სასურველი, სასარგებლო ქმედებები, ჩვევები ან სიტუაციები, რაც გსურთ გქონდეთ. ამ სასურველი რეალობის წარმოდგენის ხატი ჯერჯერობით ბუნდოვანია და პატარა, იგი ჯერჯერობით განთავსებულია თქვენს მიერ წარმოდგენილი საზიანო ქმედება–სიტუაციების დიდი და თვალწინ მდებარე ხატის მარჯვენა კუთხეში და იგი თითქოსდა ძალიან მკრთალია და პატარა.
ნაბიჯი მესამე
დაიწყეთ სიტუაციის მკვეთრი და სწრაფი ცვლილება–ტრანსფორმაცია. კერძოდ, სწრაფად წარმოიდგინეთ, რომ ის დიდი და მკაფიო, უსიამოვნო სიტყვებისა და ხმაურის შემცველი და მავნე ჩვევების გამომხატველი წარმოდგენის ხატი იმსხვრევა ნაწილებად, იფანტება და გაიბნევა. მის ადგილს სწრაფად იკავებს აქამდე პატარა და მარჯვენა კუთხეში განთავსებული სასურველი სიტუაციებისა და ქმედებების გამომხატველი ხატი. იგი უეცრად დიდდება, იძენს მკაფიოობას, სასიამოვნო ფერებს, თვალწინ დაგიდგებათ, სასიამოვნო სიტყვებითა და ბგერებით ივსება და თან გეუფლებათ კმაყოფილების ან სიხარულის გრძნობა. გაიმეორეთ ამგვარი ტრასფორმაციის სცენა 5–ჯერ მაინც  ერთი ვარჯიშის ფარგლებში. თუკი რეგულარულად ივარჯიშებთ „მოქნევაში“, სწრაფი და სასიკეთო ცვლილება აუცილებლად გეწვევათ.
ჩემთან ბევრჯერ მოსულა  ადამიანი და უთქვამს: „დეპრესიაში ვარ“. თანაც ზოგიერთი ამას სიამაყნარევი ინტონაციით ამბობს, თითქოს დეპრესიაში ყოფნა პრესტიჟის საკითხი იყოს. ბევრი ფსიქოთერაპევტი დიდი ხნის განმავლობაში ხანგრძლივ საუბარს მიმართავს ამგვარ პაციენტებთან, რათა მიაკვლიოს დეპრესიის მიზეზს. ისინი მოითხოვენ ადამიანისაგან ბევრი მოჰყვეს საკუთარ თავზე. ისინი იჩიჩქნებიან ამ ადამიანის განცდებში, სადაც ბევრი ტკივილიცაა და ბევრი სულიერი ნაგავიც. ეს ფსიქოთერაპევტები რაც უფრო ბევრს მოაყოლებენ დეპრესიულ ისტორიას, მით უფრო მეტ შანსს აჩენენ, რომ დეპრესია კიდევ უფრო გაღრმავდეს. საქმეში ერთვება საკუთრივ ფსიქოთერაპევტის ფუნდამენტალური და მცდარი დაშვება, თითქოს სწრაფი ცვლილებები ზედაპირულია და ჭეშმარიტი ცვლილება ნელი ტემპით უნდა განხორციელდეს. ამ დროს ჩვენი ტვინი საკმაოდ დინამიური და სწრაფად მოქმედი სისტემაა და ცვლილებებიც სწრაფად ეხერხება. თუკი თქვენ რაიმეს აკეთებთ სწრაფად, მაშინ სწრაფად იწვევთ ცვლილებას აწმყოში, რითაც თქვენ თავს უდასტურებთ, რომ თქვენი შესაძლებლობები ამოუწურავია. საჭიროა მნიშვნელოვანი გარღვევის გაკეთება და არა მრავალი თვეებისა და წლების განმავლობაში ტვინის ჭყლეტა. კვანტური ფიზიკის თანახმად ელემენტარულ ნაწილაკებში  ცვლილებები ხდება არა ნელა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არამედ ე.წ. კვანტური ნახტომებით. ან კიდევ, ხომ იცით როგორ უყურებთ ფილმს. დროის მოკლე პერიოდში ასობით კადრი ერთიანდება და იქმნება მთლიანი სურათი. რა იქნებოდა, რომ დღეს ან ერთი საათის განმავლობაში ჯერ ერთ კადრს უყურებდეთ, მერე მეორეს და ა.შ. ცხადია თქვენ ვერ გაიგებდით რა ხდება, ვერ ნახავდით ფილმს. ჩვენი ცხოვრებაც ფილმია და მისი კადრები ინტეგრირებულია ერთ მთლიანში და ამის საფუძველზე აღვიქვამთ მოძრაობას. ცხოვრება კი მოძრაობაა და არ გაქვავებული ფოტოსურათი.
აიღეთ ორიენტაცია სწრაფ ცვლილებებზე, რადგან ჩვენ სწრაფი ცვლილებების სამყაროში ვცხოვრობთ.



Комментариев нет :

Отправить комментарий