9.19.2014

ოპტიმიზმი და მისი ძალა


წარმატების 365 დღე
72–ე დღე
ხომ გახსოვთ: ჭიქაში ნახევრად ასხია წყალი. ოპტიმისტი ამბობს „ჭიქა ნახევრად სავსეა“, ხოლო პესიმისტი აღნიშნავს „ჭიქა ნახევრად ცარიელია“. ამ ანეკდოტში ხასგასმულია, რომ ერთი და იგივე მოვლენის ხედვა განსხვავებულია ოპტიმისტსა და პესიმისტში. განსხვავება ხედვებშია და არა საკუთრივ საგნებში. მოცემულობა ერთი და იგივეა, ხედვები კი განსხვავებული და სწორედ ხედვების განსხვავება განაპირობებს ოპტიმისტისა და პესიმისტის ცხოვრების თავისებურებებს. ოპტიმისტური ხედვა ვარდისფრად დაგანახვებს მოცემულ რეალობას, რითაც ბედნიერების გრძნობას შედარებით ადვილად ეხსნება გზა, მაშინ როცა პესიმიზმი გზებს უკეტავს ბედნიერების განცდას. შესაძლოა თქვენ ბევრი იცოდეთ ოპტიმიზმისა და პესიმიზმის შესახებ, მაგრამ მაინც მინდა გაგაცნოთ ის მონაცემები, რაც ფსიქოლოგიური კვლევების შედეგად იქნა მოპოვებული.
1. ბედნიერების ძიებისას ოპტიმისტები არიან უფრო აქტიურნი, ვიდრე პესიმისტები. ოპტიმისტები უფრო არიან განწყობილნი, რომ ბედნიერება არსებობს და მიწვდომადია საკუთარი ძალისხმევით, პესიმისტები კი ან თვლიან, რომ ბედნიერება ქიმერაა ან თუ თვლიან, რომ ის არსებობს, აქვთ პასიური მოლოდინის პოზიცია.
2.ოპტიმისტი მოსწავლეები, სტუდენტები და ახალგაზრდები უფრო მაღალ აკადემიურ წარმატებას აღწევენ, ვიდრე პესიმისტები. რახან ოპტიმისტი სტუდენტები თვლიან, რომ მათ შეუძლიათ კარგად დაეფლონ ცოდნას და მიიღონ მაღალი აკადემიური შეფასება, ისინი უფრო გულმოდგინედ სწავლობენ და უფრო სხარტად ითვისებენ სასწავლო მასალას.
3.ოპტიმისტებს სწამთ  საკუთარი  თავისა და შესაძლებლობების, პესიმისტებს ახასიათებთ თვით–დაურწმუნებლობა. პესიმისტები ბედისწერის წინასწარ–განსაზღვრულობასა და ბედის ფატალურობას უფრო იზიარებენ,  ხოლო  ოპტიმისტებს უფრო მეტად მიაჩნიათ, რომ საკუთარი ცხოვრების კაპიტნები არიან და ბედის მართვის სადავეებს  თვითონვე ფლობენ.
4. ოპტიმისტები უფრო ნაკლები სიხშირით გაებმებინ აზარტული თამაშების ხაფანგში, ვიდრე პესიმისტები. ოპტიმისტები როგორც კი აგებენ , იმთავითვე თავს ანებებენ თამაშს, მაშინ როცა პესიმისტები ჩაიციკლებიან წაგებაზე და წაგებულის „ამოქაჩვაზე“, რაც აშკარად წამგებიანია და დამანგრეველი. ოპტიმისტებს სწამთ პირადი ინიციატივის გამოვლენის და ძალისხმევის შედეგად მიზნის მიღწევის, მაშინ როცა  პესიმისტებს ამის არ სჯერათ და უფრო სწამთ შემთხვევის ან იღბლის ან  გამართლების, რაც წამგებიან აზარტულ თამაშში უფრო ითრევს მათ.
5.ოპტიმისტები ისახავენ უფრო კონკრეტულ და მკაფიო მიზნებს, ხოლო პესიმისტები უფრო მიდრეკილნი არიან დაისახონ აბსტრაქტული და ბუნდოვანი მიზნები. ცნობილია, რომ მკაფიო და სპეციფიკურ  მიზნებს მივყავართ მკაფიო და კონკრეტული შედეგებისაკენ, ხოლო ბუნდოვან და არაკონკრეტულ მიზნებს მივყავართ ბუნდოვანი და აბსტრაქტული შედეგებისაკენ. ოპტიმისტი ბიზნესმენი იტყვის „ჩემი შემოსავლები 20%–ით გაიზრდება“ და კიდევაც აღწევს ამ კონკრეტულ მიზანს,  ხოლო პესიმისტი აცხადებს „ყველაფერი კარგად იქნება“ და არც არაფერი იცვლება მის ცხოვრებაში სასიკეთოდ და იგივე ჭაობში უწევს ცხოვრება. ზოგს მიაჩნია, რომ ჩვენში გავრცელებული გამოთქმები – „ყველაფერი კარგად იქნება“ ან „საქართველო გაბრწყინდება“ – ოპტიმიზმს გამოხატავს, მაგრამ ამ ფორმულების არაკონკრეტულობის, აბსტარქტულობისა და ბუნდოვანების მაღალი ხარისხი მეტყველებს მათ შენიღბულ პესიმისტურ  პოზიციაზე, რასაც ბუნდოვან და არაფრისმთქმელ შედეგებამდე მივყავართ.  
6.ოპტიმისტები უფრო ორიენტირებული არიან პრობლემათა გადაწყვეტაზე, ხოლო პესიმისტები გადადებენ პრობლემის გადაწყვეტას ან თავს არიდებენ მას და ამდენად პრობლემათა დამგროვებლების როლში გვევლინებიან.
7.ოპტიმისტები წარუმატებლობის შემთხვევაში კიდევ მრავალჯერ სცდიან თავიანთ შანსს, ხოლო პასიმისტებმა შეიძლება ამ დროს ფარ–ხმალი დაჰყარონ იმ მოტივით, რომ „მაინც არაფერი გამოვა“ . ცნობილია ნათურის გამომგონებლის ედისონის შემთხვევა, რომ მას დასჭირდა 5000 ექსპერიმენტის ჩატარება, რათა ნათურა შეექმნა, ხოლო ყველა წინარე 4 999 მცდელობა, მისი სიტყვებით, მიეძღვნა იმას, რომ მორიგი წარუმატებლობა დაეცხრილა. ამიტომაც ის მცდელობები ძალიანაც აზრიანი მცდელობები იყო.
8.ოპტიმისტი ადვილად არ  მიატოვებს მისაღწევ მიზანს, თუმცა შეიძლება მან ახალ–ახალი საშუალებები გამოძებნოს მიზნის მისაღწევად და უსარგებლო საშუალებები მიატოვოს. ოპტიმისტი დაჟინებით მიმწოლია მიზნის მიღწევის თვასაზრისით.
9.ოპტიმისტები უფრო კომუნიკაბელურები არიან. ისინი უფრო ხშირად თვლიან, რომ სწორედ ადამიანებთან ურთიერთობებით შეიძინეს საუკეთესო თვისებები. მათთვის სოციალური კავშირების ქონა უფრო მიმზიდველია, ვიდრე პესიმისტებისათვის.
10.პესიმისტები  უფრო ხასიათდებიან მარტოსულობით, ვიდრე ოპტიმისტები.
11.ოპტიმისტები უფრო იყენებენ და აღწევენ სოციალურ მხარდაჭერას, ვიდრე პესიმისტები.
12.ოპტიმისტები უფრო ნაკლებ ადანაშაულებენ სხვებს საკუთარ მარცხში ან წარუმატებლობაში, ვიდრე პესიმისტები. ამდენად ოპტიმისტები უფრო ხშირად იღებენ პასუხისმგებობას თვითონვე გადაწყვიტონ საკუთარი პრობლემები, მაშინ როცა პესიმისტები ცდილობენ სხვები დაადანაშაულონ საკუთარ წარუმატებლობაში და მათვე სთხოვონ გადაუწყვიტონ პრობლემები.
13.კვლევებით დადგინდა, რომ ოპტიმისტები უფრო ხშირად იყენებენ უსაფრთხო სექსის საშუალებებს, ვიდრე პესიმისტები.
14.ოპტიმისტები უფრო ხშირად მიმართავენ პრევენციასა და პროფილაქტიკას ჯანმრთელობის  სფეროში, ვიდრე პესიმისტები.
15. ოპტიმისტები უფრო ადვილად უმკლავდებიან სტრესს, ვიდრე პესიმისტები. თუ პესიმისტები გამოხატავენ  წუხილს სტრესის დროს და ამით შემოიფარგლებიან, ოპტიმისტები კი არ წუხან, არამედ მოქმედებენ. კარდიოლოგებს უყვართ ჰყავდეთ ოპტიმისტი ავადმყოფები, რომლების იცავენ ჰოლესტერინის დიეტას, მიმართავენ სპეციალურ მსუბუქ ვარჯიშებსა და მედიტაციას და ნაკლებ წუწუნებენ.
16.ქრონიკული ტკივილების შემთხვევაში ოპტიმისტები უფრო ნაკლებ ყალიბდებიან  ინვალიდებად, ვიდრე პესიმისტები.
17.ოპტიმისტები უფრო ხშირად ღებულობენ ვიტამინებს, ვიდრე პესიმისტები.
18. ოპტიმისტები უფრო ხშირად მიმართავენ რეაბილიტაციურ ღონისძიებებს მწვავე კარდიო–შეტევების შემდეგ, ვიდრე პესიმისტები.
19.ოპტიმისტები გაცილებით ნაკლებად ხასიათდებიან  მოწყვლადობით  დეპრესიის ან  სუიციდალური მცდელობების თვალსაზრისით, ვიდრე პესიმისტები.
20. ოპტიმისტებს გაცილებით ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ, ვიდრე პესიმისტებს.

როგორც ხედავთ, თუ გსურთ აღწევდეთ დასახულ მნებს და გქონდეთ ბედნიერების მაღალი ინდექსი, სასურველია იყოთ ოპტიმისტი. ოპტიმიზმის გამომუშავება და კულტივირება შესაძლებელია, მაგრამ პირველ რიგში ის უნდა გაარკვიოთ თუ რამდენად ხართ ოპტიმისტი ან პესიმისტი. 

Комментариев нет :

Отправить комментарий