9.19.2014

შეუპოვრობა, გამძლეობა, გაუტეხლობა – წარმატებისა და ბედნიერების წინაპირობა

წარმატების 365 დღე
74–ე დღე
ამერიკელმა ფსიქოლოგმა სალვატორე მადდიმ  კვლევათა სერია მიუძღვნა შეუპოვრობის, გაუტეხლობის, გამძლეობის ფენომენს. მოდით შევთანხმდეთ: ერთი წუთით ტერმინოლოგიურად შეუპოვრობაში გავაერთიანოთ ისეთი თვისებები, როგორიცაა გამძლეობა, გაუტეხლობა. ს. მადდიმ შეუპოვარი პიროვნების ფსიქოლოგიაზე დაიწყო საუბარი. მან მიუთითა, რომ შეუპოვრობა ეფუძვნება სამ კოპონენტს: კონტროლს (თვითკონტროლს), ვალდებულებასა (პირგაუტეხლობასა) და სამყაროს როგორც გამოწვევის აღქმას.  შეუპოვარი ადამიანი, ერთის მხრივ, კონტროლზე იყვანს საკუთარ ცხოვრებასა და ბედისწერას, იგი თვლის, რომ ბედი თვითონ უნდა მართოს; იგი შემთხვევასა და იღბალს კი არ მიენდობა, არამედ თვითონ ცდილობს შექმნას იღბალი, ხოლო  შემთხვევა („ზურგის ქარი“) მის ნებაზე დაიყოლიოს; იგი  როგორც წარმატებას, ისევე მარცხს თავის თავზე მიიწერს და თვლის, რომ ყველაფრის მიზეზი მისი ნება, ცოდნა და წარმოდგენებია; მას ახასიათებს ძლიერი თვითკონტროლი და თავის სურვილებსა და იმპულსებს ადვილად შეიკავებს, რათა ისინი ჩააყენოს დასახული  მიზნის მიღწევის სამსახურში. მეორეს მხრივ, შეუპოვრობა იმითაც ხასიათდება, რომ ადამიანი იღებს და ასრულებს ვალდებულებებს; იგი გასცემს იმ დანაპირებს, რომელსაც გარდაუვალად აღასრულებს; მისი სიტყვა და საქმე ერთია (როგორც ფრანგები იტყვიან ausitot dit, ausitot faire – ნათქვამია, გაკეთებულია); იგი სულითა და გულით ერთვება საქმესა და ადამიანებთან ურთიერთობაში, პასუხისმგებლობით ეკიდება ამ ურთიერთობებს, მისი ვალდებულებები ადამიანებისადმი მზრუნველობით არის დატვირთული. მესამეც, შეუპოვარი ადამიანისათვის დამახასიათებელია ხედვა, რომლის თანახმადაც ცხოვრება არის გამოწვევა და ამ გამოწვევაზე პასუხი: შეუპოვარი ადამიანი ჭირსაც და ლხინსაც, წარმატებასა და მარცხს უყურებს როგორც გამოწვევას, მისი შესაძლებლობების გამოცდისა და მოსინჯვის შანსს, გაკვეთილს, რისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება. ამგვარად, შეუპოვარი ადამიანი იმიტომაც არის გამძლე და იმიტომაც ვერ გატეხავს მას ცხოვრების ქარტეხილები და სტრესები, რომ კონტროლზე ჰყავს აყვანილი საკუთარი ცხოვრება, სრული პასუხისმგებლობითა და მოვალეობის მაღალი გრძნობით ერთვება საზოგადოებრივ საქმიანობასა და ადამიანებთან ურთიერთობებში, პრობლემებსა და სირთულეებს აღიქვამს იმ რესურსებად, რითაც უპასუხებს ცხოვრების გამოწვევებს.  შეუპოვარი ადამიანები უბრალოდ კი არ ისახავენ მიზნებს და ცდილობენ მის მიღწევას, არამედ შეუპოვრად ილტვიან დასახული მიზნების მიღწევისათვის, არაფრით არ ეპუებიან სირთულეებს და სალ კლდესავით გაუტეხელნი არიან უბედობის ჟამს. 
ამჯერად მინდა ორი საკითხი შემოგთავაზოთ: 1) ტესტის მეოხებით დაადგინეთ  თუ რაოდენ შეუპოვარი ბრძანდებით, და 2) სპეციალური ტექნიკების გამოყენებით გაზარდეთ თქვენი შეუპოვრობის დონე.
დავიწყოთ ტესტით. სწრაფად შემოხაზეთ ერთი პასუხი, რომელიც თქვენთვის უფრო შესაფერისია.
1.      სამუშაო ყოველთვის მიტაცებს და ენთუზიაზმით ვერთვები მასში.
ა) მართალია
ბ) მცდარია
2.      რასაც მე ვღებულობ ცხოვრებაში, ამას არავითარი კავშირი არა აქვს იღბალთან.
ა)მართალია
ბ) მცდარია
3.      მხოლოდ მოქალაქეები არიან პასუხისმგებელნი და არა პოლიტიკოსები, რომ ქვეყანას ჰყავს ცუდი მთავრობა.
ა) მართალია
ბ) მცდარია
4.       როცა რაიმე საქმეს ვიწყებ ვინმესთან ერთად, პირველ რიგში ყურადღებით ვეცნობი ყველა დოკუმენტებსა და ინსტრუქციებს.
ა)მართალია
ბ)მცდარია
5.      მე არ ვითხოვ მივიღო ბევრი რჩევები.
ა)მართალია
ბ)მცდარია
6.      მე მიყვარს სახლის გარეთ რაიმეს მირთმევა, რადგან მიყვარს გავსინჯო სხვავდასხვა კერძები.
ა)მართალია
ბ)მცდარია
7.      მე ძალზე იშვიათად ვფლანგავ ფუჭად დროს.
ა)მართალია
ბ)მცდარია
8.      თუ ხალხი პატივს არ გცემს, ეს იმიტომ ხდება, რომ ასე იმსახურებ.
ა)მართალია
ბ)მცდარია
9.      მე  მეგობართა სხვადასხვა ქსელებში ვარ ჩართული.
ა)მართალია 
ბ)მცდარია
10.  მე შემიძლია რისკი გავწიო სპორტში.
ა)მართალია
ბ)მცდარია
11.   მე მწამს, რომ მოსწავლეები და სტუდენტები თვითონ აღწევენ ცოდნის მაღალ ხარისხს იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რას აძლევენ მას მასწავლებლები ან პროფესორები.
ა)მართალია
ბ)მცდარია
12.  მე არ შემიძლია ველოდო, სანამ სხვა მომცემს დილითვე სამუშაოს; მე თვითონ ვიწყებ რაიმის კეთებას.
ა)მართალია
ბ)მცდარია
13.  ადამიანები  მარცხს განიცდიან მხოლოდ მათივე შეცდომების გამო.
ა)მართალია
ბ)მცდარია
14.  მე მაქვს მოლოდინი, რომ ვიქნები ძალიან დაკავებული პენსიაზე გასვლის შემდეგაც.
ა)მართალია
ბ)მცდარია
15.  როცა რაღაცას ვეძებ მაღაზიაში შესაძენად და ვერ ვპოულობ, მე ვაგრძელებ მის გაფაციცებით ძიებას მანამ, სანამ არ ვიპოვი.
ა)მართალია
ბ)მცდარია

შეაჯამეთ თუ რამდენჯერ გქონდათ პასუხი „მართალია“. თუ თქვენი ქულები 0–დან 5–მდეა, მაშინ გაქვთ შეუპოვრობის დაბალი დონე. თუკი თქვენი ქულები 6–დან 10–მდეა, თქვენი შეუპოვრობის დონე საშუალოა. ხოლო თუკი ქულები 11–ია ან აღემატება 11–ს, მაშინ თქვენი შეუპოვრობის დონე მაღალია.
ამჯერად მსურს სტრსთან შეუპოვარი გამკლავების სავარჯიშო შემოგთვაზოთ
ნაბიჯი I. თავდაპირველად მკაფიოდ განსაზღვრეთ სტრესის გამოწვევი მოვლენა, ამბავი თუ ხდომილება ანუ სტრესორი, რაც იწვევს სტრესს. შესაძლოა, მაგალითად, თქვენ გეგონოთ, რომ თქვენს სტრესს იწვევს სამსახურის დაკარგვა, მაგრამ რეალური სტრესის გამომწვევი იყოს არა იმ სამსახურის დაკარგვა, რაც ნერვიულობით ისედაც „სისხლს გიშრობდათ“ (ანუ თვითონ სამსახური იყო სტრესორი და ის მოგაცილათ ცხოვრებამ), არამედ ის, რომ უმუშევარი ხართ და მოკლებული ხართ შესაძლებლობას გადაიხადოთ გადასახადები და არჩინოთ ოჯახი. ამავე დროს, არა მხოლოდ ნამდვილი სტრესორი გაარკვიეთ, არამედ გაიცნობიერეთ ყველა ის რეაქციები, განცდები და აზრები, რაც სტრესულმა ვითარებამ გამოიწვია.
ნაბიჯი II. ხელახლა მოახდინეთ თქვენი პრობლემის ფორმულირება. შეუცვალეთ პრობლემას კალაპოტი და ხედვის კუთხე. შეეცადეთ პრობლემაში დაინახოთ გამოწვევა და ცხოვრების გაუმჯობესების ახალი შესაძლებლობები. შეეცადეთ დაინახოთ ის სრულიად ახალი გაკვეთილი და ახალი გაგება, რაც თავში არც კი მოგივიდოდათ, რომ არა ეს პრობლემა.  ამისათვის პრობლემის მისამართით დასვით კითხვები და მოიპოვეთ პასუხები: „ რა პრობლემა მომაცილა და ჩამომაშორა ამ ახალმა პრობლემამ?“ „ რა არის ამ პრობლემაში სასიკეთო?“, „რას შეიცავს იგი როგორც თესლს, რომლიდანაც უნდა ამოიზარდოს ახალი მდგომარეობა?“, „რა გამოწვევების წინაშე მაყენებს იგი?“, „ რა ახალ პერსპექტივები ჩნდება მისი გადაწყვეტის შემდეგ?“, „ამ პრობლემის გადაწვეტა რა უფრო მძიმე პრობლემებს მომაცილებს, რაც  მომავალში შეიძლება აღმოცენდეს  მისი გადაუჭრელობის გამო?“, „ როგორ ვიგრძნობ, რომ პრობლემა უკვე გადაწყდა? რა დავინახავ, გავიგონებ და ვიგრძნობ ისეთს , რაც დამიდასტურებს, რომ პრობლემა ამოიწურა?“, „ რა ახალი საინტერესო პრობლემების წინაშე დამაყენებს ამ პრობლემის გადაჭრა?“, „ ვთქვათ, პრობლემა უკვე ახლავე გადაწყდა. პრობლემა–გადაჭრილი მდგომარეობის გადასახედიდან როგორ ჩანს ცხოვრება, როგორ გამოვიყურები მე, რა მდგომარეობაში არიან ჩემი ახლობლები?“. ამდაგვარი გამაძლიერებელი და მასტიმულირებელი კითხვების დასმითა და მათზე პასუხის გაცემით თქვენ უკვე კონტროლზე აგყავთ პრობლემა, არა ის ბატონდება თქვენზე, არამედ თქვენ მართავთ მას. ამასთანავე თქვენ ახალ ჩართულობას გრძნობთ პრობლემაში, კერძოდ, პასუხისმგებლობით დამოკიდებულებას მისი გადაჭრის მიმართულებით. თქვენ უკვე ამ კითხვების მეოხებით პრობლემას გადააქცევთ გამოწვევად, ხოლო ამის შემდეგ პრობლემა კარგავს პრობლემურობასა და დამაბრკოლებლობას,  იგი რესურსად გადაიქცევა. პრობლემის რესურსად გადაქცევის მომენტი კი წამყვანია წარმატების მიღწევასა და საკუთარი ეფექტურობის ზრდაში. ამგვარად, შეუპოვრობის სამი კომპონენტი – კონტროლი+ვალდებულება (პასუხისმგებლობა) +გამოწვევაზე პასუხი – უკვე პრობლემის გადაფორმულირების ფაზაში სახეზეა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავარია ამ კონტროლის, ვალდებულებისა და გამოწვევაზე პასუხის განწყობა კონკრეტულ ქმედებებში გადაიზარდოს, რისთვისაც საჭიროა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. თუ ჩვენს მაგალითს გავიმეორებთ და უმუშევრობას როგორც სტრესის წყაროდ განვიხილავთ, ზემოთაღნიშნული კითხვების დასმითა და პასუხების მოპოვებით უმუშევრობა აგვყავს კონტროლზე, ვცდილობთ პასუხისმგებლობა სწორედ ჩვენ და არა სხვა ვინმემ აიღოს მის გადაწყვეტაზე. ამით უმუშევრობას განვიხილავთ როგორც  გამოწვევას, რომელიც ჩვენი შესაძლებლობების გამოცდასა და ახალი პერსპექტივების გაშლაში შეგვიწყობს ხელს. მე პირადად ეს 25 წელია ამ რეჟიმში ვცხოვრობ. ვეძიებ და ვპოულობ პროექტებს, ვღებულობ დაფინასებას , მაგრამ პროექტსა და პროექტს შორის ხანდახან უმუშევრად ვარ და ვეძებ ახალ შესაძლებლობებს. ჯერჯერობით როგორც წესი ვპოულობ, იმედია ასე გაგრძელდება. ცხოვრებას არ ვუჩივი, პირიქით ერთი წარმატებიდან მეორე წარმატებისაკენ მივემგზავრები გამუდმებით.
ნაბიჯი III. იმ კონკრეტული გზებისა და რესურსების დაძებნა, რაც სტრესული სიტუაციის ტრანსფორმირებასა და მის გამკლავებას უწყობს ხელს. თუ ისევ უმუშევრობის თემას ავიღებთ, მისი შეუპოვრად დაძლევის გზები და რესურსები არის ინფორმაცია სამუშაო ადგილებისა და ვაკანსიების შესახებ, საკუთარი თავის რეგულარული შეთავაზება სხვადასხვა დამსაქმებელს, საკუთარი უნარ–ჩვევების განმტკიცება სხვადასხვა  პროფესიებში, თვითდასაქმების შანსებისა და პერსპექტივების დასახვა, სოციალური კავშირების გაფართოება, ინტერვიუში გავლის ჩვევების დახვეწა, თვითპრეზენტაციის უნარების შემუშავება, ახალი პროექტების წერა და მოფიქრება და სხვა.
ნაბიჯი IV. შედით იმ როლში, რომ თითქოს თქვენი პრობლემა უკვე გადაიჭრა. პრობლემა– გადაწყვეტილი მდგომარეობის გადასახედიდან გამომდინარე რა სამოქმედო გეგმას შეადგენდით თქვენი პრობლემის გადასაჭრელად? რა ჩანს იქიდან, რასაც ჰქვია უკვე მიზან–მიღწეული მდგომარეობა? რა ნაბიჯები უნდა გადადგათ და რა თანმიდევრობით? რა დაბრკოლებები დაგხვდებათ ან რას გეგმავთ მათ გადასალახად? პრობლემის გადაჭრილი მდგომარეობის მკაფიო წარმოდგენა და ამ როლში „ჩაჯდომა“ უფრო გაგინათებთ გონებას და უფრო გაგიადვილებთ დაგანახოთ მიღწევის რეალური გზები, ვიდრე ანერვიულებულ და შფოთვიან მდგომარეობაში მყოფი შეძლებდით ამას, რადგან შფოთვასა და მოუსვენრობას  ყოველთვის ბუნდოვანება შეაქვს ხედვებსა და მსჯელობებში. შექმენით რეალისტური და ეფექტური სამოქმედო გეგმა. თუკი უმუშევრობის სტრესულ მდგომარეობას ავიღებთ ისევ და ისევ მაგალითად, ჩადექით თქვენთვის სასურველ მდგომარეობაში თითქოსდა უკვე „ზიხართ“ დასაქმებული ადამიანის როლში და დაძლიეთ უმუშევრობა, ხოლო ამის შემდეგ ამ გადმოსახედიდან გადმოხედეთ რა გზის გამოვლა დაგჭირდათ ამ მდგომარეობამდე მოსაღწევად და რა საფეხურების გამოვლა დაგჭირდათ, რომ ამ მიზან–მიღწეულ მდგომარეობამდე ამოსულიყავით.
ნაბიჯი V. დაიწყეთ შემუშავებული სამოქმედო გეგმის სისრულეში მოყვანა, იმოქმედეთ თანმიმდევრულად და დაჟინებით, მაგრამ იმავდროულად შემოწმეთ თუ როგორ მუშაობს გეგმა;  თუკი რაიმე კომპონენტი არ მუშაობს, ჩაანაცვლეთ ახალი ნაბიჯით. თუკი მთელმა გეგმამ არ იმუშავა, მიზანი (ისევ მაგალითად, უმუშევრობის დაძლევა) უცვლელი დატოვეთ, მაგრამ შეადგინეთ ახალი ალტერნატიული სამოქმედო გეგმა და დაიწყეთ მისი ამოქმედება და ასე იმოქმედეთ მანამ, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევთ.
ნაბიჯი V. მიზნის მიღწევის შემდეგ მოუწყვეთ თქვენს თავს პატარა ზეიმი, დააჯილდოეთ იგი შექებით ან რაღაც სასიამოვნოს მირთმევით ან რაიმე არაორდინალური საჩუქრის ბოძებით. თქვენი შეუპოვრობა იმსახურებს დაფასებას!
ჩაერთეთ პროგრამა „წარმატების 365 დღის“ ტრენინგებში და მოიგებთ!



                                                                                                                           
      





Комментариев нет :

Отправить комментарий