9.19.2014

პესიმიზმიდან ოპტიმიზმისაკენ: შინაგანი ტრანსფორმაციის გზა
წარმატების 365 დღე
73–ე დღე
პესიმისტი მთელი ცხოვრება პესიმისტად რჩება თუ არის იმგვარი შინაგანი ტრანსფორმაციის რაიმე შანსი, რომ ოპტიმისტად გადაიქცე?  დიახ, ასეთი შანსები არსებობს. ასეთი შინაგანი გარდაქმნის პირველი ნაბიჯია გაარკვიო თუ რამდენად ხარ ოპტიმისტი ან პესიმისტი. ამისათვის გთავაზობთ  მარტივ  ტესტ–კითხვარს.
ოპტიმიზმ–პესიმიზმის ტესტი
წრით შემოხაზეთ ის პასუხები, რაც შეესაბამება თქვენს შინაგან პასუხებს დასმულ კითხვებზე.
1.მაშინაც კი, როცა არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, თქვენ იმედიანად შეჰყურებთ მომავალს.
·         უაღრესად მცდარია –0
·         მცდარია–1
·         მართალია–2
·         უაღრესად მართალია–3
 2. 2.თქვენ გწამთ, რომ ცხოვრებაში არის უამრავი სიტუაცია, რომელიც ცუდად არის აწყობილი.
·         უაღრესად მართალია–0
·         მართალია–1
·         მცდარია–2
·         უაღრესად მცდარია–3
3.თქვენ გწამთ, რომ იმაში, რაშიც მარცხი განიცადეთ წარსულში, თქვენ მეტი ალბათობით მარცხს იწნევთ მომავალშიც.
·         უაღრესად მართალია–0
·         მართალია–1
·         მცდარია–2
·         უაღრესად მცდარია–3
4. როცა ცხოვრებაში ხართ გამოწვევის წინაშე, თქვენი პირველი აზრი, რაც თავში მოგდით, ყოველთვის არის პოზიტიური.
·         უაღრესად მცდარია–0
·         მცდარია–1
·         მართალია–2
·         უაღრესად მართალია – 3
5.   5.რახან ადამიანები რაღაცის შესახებ ამბობენ „შეუძლებელია“–ო,  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რაღაცა მართლაც შეუძლებელია
·         უაღრესად მცდარია –0
·         მცდარია–1
·         მართალია–2
·         უაღრესად მართალია–3
6.თქვენ ყოველ დღეს მიესალმებით „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ და მას აღიქვამთ როგორც ახალ შესაძლებლობას
·         უაღრესად მცდარია–0
·         მცდარია–1
·         მართალია–2
·         უაღრესად მართალია–3
ახლა მოახდინეთ ქულების დაჯამება. თუკი 9 ქულა და 9–ზე მეტი დააგროვეთ, მაშინ ლაპარაკია იმაზე, რომ იხრებით ოპტიმიზმისაკენ. თუ 9–ზე დაბალია, თქვენ მიდრეკილი ხართ პესიმიზმისაკენ. თუ თქვენი ქულები 15–დან 18–ის ფარგლებშია, მაშინ ხართ ჭარბი ანუ „გამოუსწორებელი“  ოპტიმისტი.
თუ თქვენ  ოპტიმისტი ხართ, მაშინ ყველა იმ უპირატესობას ფლობთ, რაც ოპტიმიზმის შესახებ წინარე  სტატიაში (72–ე დღე) იყო ჩამოთვლილი.
პრობლემა იწყება მაშინ, თუ ხართ პესიმისტი. ამასთან ერთად, თქვენ შეიძლება იყოთ შენიღბული პესიმისტი, ანუ გარეგნულად ისე ჩანდეს, რომ ოპტიმისტი ხართ და მუდამ მზად ხართ გამოიყენოთ რომელიმე ვითომ–ოპტიმისტური ფრაზა (მაგ., „ყველაფერი კარგად იქნება“ , ან „კარგად წავა საქმეები“ და მისთანანი), მაგრამ რეალურად გაქვთ მოლოდინები, რომ მოვლენები უარყოფითი ან უსიამოვნო ან უსარგებლო სცენარით  განვითარდებიან. ასეთი ორმაგი დამოკიდებულება – გარეგნულად გამოხატული იმედიანი დამოკიდებულება, მაგრამ  უარყოფითი შინაგანი მოლოდინების ფონი – ქმნის შენიღბული პესიმისტის პროფილს. იგი გარეგნულად ოპტიმისტია, სულის სიღრმეში კი პესიმისტი. შენიღბული პესიმისტობის სათავე ბავშვობის წლებშია, როცა  ბავშვი იზრდებოდა ან ალკოჰოლიკი მშობლის ან ოჯახური სკანდალების სიტუაციაში ან ირგვლივ გულგრილობა და ურთიერთ გაუცხოება სუფევდა. ასეთი რთული საოჯახო სიტუაციები, ერთის მხრივ,  უკეთესი მომავლის სურვილს უსახავს მოზარდს, თორემ სხვანაირად  – „მომავლის პოზიტიური ხატის“ გარეშე ვერ აამოქმედებს იგი შეგუების მექანიზმებს, მაგრამ მეორეს მხრივ იგივე რთული საოჯახო გარემო აყალიბებს უარყოფითი მოლოდინების სისტემას, რაც  შემდგომში მთელი ცხოვრება მიჰყვება ადამიანს. ასეთი განსვლა მომავლის პოზიტიურ ხატსა და ცხოვრების რეალურ მოლოდინებს შორის ქმნის სიღრმისეული პესიმიზმის წინაპირობას (ზედაპირზე ოპტიმისტი, სიღრმეში კი პესიმისტი). მაგრამ ნებისმიერი სახის პესიმიზმი – ზედაპირული თუ ღრმა – ერთგვარი გამოწვევაცაა, რომ იგი დაძლეულ  იქნას. შეიძლება თუ არა პესიმიზმის დაძლევა? შეიძლება, ოღონდ შემდეგი ნაბიჯების გადადგმით.
    ნაბიჯი I.  მიიღეთ და შეიწყნარეთ თქვენი პესიმიზმი.  თქვენთვისვე  აღიარეთ თუ რაოდენ პესიმისტი ხართ, არ არის სავალდებულო სხვასაც მოუყვეთ ამის შესახებ. ნუ გაუჩაღებთ ბრძოლას თქვენში არსებულ პესიმიზმს;  რაც უფრო გაუძალიანდებით მას ან შეეცდებით იგი დართგუნოთ საკუთარ თავში, მით უმეტესად გააძლიერებთ თქვენს პესიმისტურ ნაწილს. უბრალოდ აღიარეთ და მიიღეთ იგი, როგორიც არის და რა ზომითაც მოცემულია თქვენში.
ნაბიჯი II. მიიღეთ და აღიარეთ, რომ პირველი აზრი, რომელიც თავში მოგდით ყოველთვის ნეგატიურია. მაგრამ არ გაჰყვეთ ამ პირველად ტვინში მოსულ  ნეგატიურ აზრს, მყისიერად მიატოვეთ იგი.
ნაბიჯი III. მუდამ გახსოვდეთ, რომ მეორე აზრი, რომელიც პირველი ნეგატიური აზრის მყისიერი მიტოვების შემდეგ უნდა გააჟღეროთ და ჩაანაცვლოთ თქვენს ტვინში, უნდა იყოს ოპტიმისტური. მაგალითად, თავში მოვიდა პირველი აზრი „არ ვარ დარწმუნებული თუ შევძლებ ამის გაკეთებას“ გარდაიქმნეს აზრად „ვააა, რა კარგი ახალი შესაძლებლობაა“ ან „თუ შევეცდები, გამომივა“.
ნაბიჯი IV. გამიჯნეთ წარსული აწმყოსა და მომავალისაგან. ჩასძახეთ თქვენს თავს : „ეს იყო მაშინ;  ხოლო ეს არის ახლა“ და   „ეს იყო მაშინ; ის არ იქნება ხვალ ან ზეგ ან მასზეგ ან მომავალში“. პესიმისტისათვის დამახასიათებელია, რომ მას სწამს თუკი წარსულში რაღაცაში მარცხი განიცადა ან არ გაუმართლა, ის მარცხი აწმყოშიც გადმოდის და მომავალშიც იგივე საქმეში არ გაუმართლებს. სინამდვილეში კი აწმყოში მას აქვს არჩევანი ახლებურად იმოქმედოს და შესაბამისად სულ სხვა შედეგი მიიღოს ამ ახლებური მოქმედებისა გამო: სულ სხვა შედეგი მიიღოს ახლა და აქ, ან ხვალ და განსხვავებულ სიტუაციაში.  ამიტომაც უნდა გამიჯნოთ თქვენს გონებაში წარსული აწყოსა და მომავლისაგან.
ნაბიჯი V. რამენაირად წაახალისე, „დააჯილდოვე“ და შეაქე შენი თავი თუკი  გამოიწვევთ იმ ცვლილებებს, რაც დაკავშირებული იყო პესიმისტური აზრის მიტოვებასთან, ოპტიმისტური ნოტით მის ჩანაცვლებასთან, აწმყოს, წარსულისა და მომავლის ერთმანეთისგან გამიჯვნასთან.
ნაბიჯი VI. შეიმუშავეთ ჩვევა, რომ არასოდეს არ დაამთავროთ თქვენს მიერ წარმოთქმული  ან გაფიქრებული აზრები ნეგატიური ფრაზით, არამედ დაასრულეთ იგი პოზიტივით.  მაგალითად, არ თქვათ „მე მაინც მოვახერხებ ამის და ამის  გაკეთებას, თუმცა შეუძლებელი ჩანს მისი გაკეთება“, არამედ ბრძანეთ “ თუმცა კი შეუძლებელი ჩანს  ამისა და ამის გაკეთება, მაგრამ მე მაინც მოვახერხებ ამასა და ამას “. სასურველია, რომ თქვენს ტვინში ჩაიბეჭდოს ბოლო ფრაზა როგორც პოზიტივი.
ნაბიჯი VII. სცადეთ იტრიალოთ ოპტიმისტი ადამიანების გარემოცვაში, ერიდეთ პესიმისტებთან  ხშირ კონტაქტს. პესიმიზმი ერთგვარად გადამდებია.
ნაბიჯი VIII. რახან ჩაფლული ხართ ნეგატიურ აზრებში, საჭიროა „ამოხტეთ“ ამ ნეგატიური აზრების ჭაობიდან. ამისათვის უნდა შეიმუშავოთ სამოქმედო გეგმა, რათა გარდაქმნათ თქვენი განწყობები და მოიყვანოთ სისრულეში ეს გეგმა. იგი ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) დააფიქსირეთ რაიმე მნიშვნელოვანი და ღირებული მიზანი, რომელიც არ არის ძალიან ძნელად მისაღწევი, მაგრამ რომლის მიღწევასაც გაურბოდით. სჯობს დაიწყოთ პატარ–პატარა მიზნების მიღწევით და ნელნელა გადახვიდეთ უფრო რთულზე; ნუ ისურვებთ რევოლუციას და ნაუცბათევად გრანდიოზულ მიღწევებს, ამჯობინეთ ევოლუცია და თანდათანობითი   გაძლიერება. მაგალითისათვის ავიღოთ ისეთი მიზანი, როგორიცაა მანქანის მართვის უფლების მოპოვება.
ბ) ჩამოაყალიბეთ ის მოტივი, რაც გიბიძგებთ, რომ მართვის უფლება გქონდეთ და აითვისოთ მანქანის ტარების უნარ–ჩვევები. ფოკუსირება გააკეთეთ არა მანქანის ყოლაზე, არამედ სწორედ მართვის უფლებასა და მანქანის ტარების უნარ–ჩვევებზე. მაგალითად, ასეთი მოტივი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ–ჩვევების ან მართვის უნარების დიაპაზონის გაფართოება.
გ) შეაფასეთ ათ–ბალიან შკალაზე (ანუ 0–დან 10 დიაპაზონში) რამდენად გსურთ მართვის უფლების მოპოვება და მანქანის მართვის ცოდნა, თუკი 0 არის ასეთი სურვილის სრული არ ქონა, ხოლო 10 გახლავთ ასეთი სურვილის მაქსიმალური გამოვლენა.
დ) ჩამოაყალიბეთ სამი ისეთი რამ, რაც აუცილებლად საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად. მაგალითად, (1) მანქანის მართვის კურსებზე ჩაწერა, (2) საგზაო მოძრაობის ნიშნების დასწავლა, (3) მანქანის ტარებაზე სიარული გამოცდილ მასწავლებელ–მძღოლთან.
ე) დაადგინეთ ის დაბრკოლებები და მათი დაძლევის გზები, რაც დაკავშირებულია ამ მოქმედებათა განსახორციელებლად. შეიმუშავეთ შინაგანი რწმენა, რომ დაძლევთ დაბრკოლებებს.
ვ) დაიწყეთ იმ მოქმედებათა თანმიმდევრობით განხორციელება, რაც დაკავშირებულია მიზნის მიღწევასთან. მაგალითად, თავდაპირველად შეარჩიეთ და ჩაეწერეთ მანქანის ტარების სასწავლო კურსებზე, ამის შემდეგ შეიძინეთ საგზაო მოძრაობის ნიშნების გზამკვლევი და დაიწყეთ მისი დასწავლა და პარალელურად დაიწყეთ სპეციალისტ –მძღოლთან მანქანის ტარების პრაქტიკული კურსის გავლა.
არ დაგავიწყდეთ თქვენი თავი წაახალისოთ, შეაქოთ და „დააჯილდოვოთ“ ყველა ამ ნაბიჯის შესრულების შემდეგ.
პესიმისტური განწყობები შეიცვლებიან ოპტიმისტურ განწყობებად მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი მიმართავს სათანადო ქმედებებს, რათა ქმედებებმა მოიტანონ პოზიტიური შედეგი ნაცვლად პესიმისტური ნეგატიური შედეგისა. ქმედება და ისევ ქმედება ცვლის ჩვენს განწყობებს ჩვენდა სასიკეთოდ. საქმეს არ შველის მხოლოდ სიტყვები და აზრები თუკი უმოქმედოთ ვიქნებით. ე.წ. ბიჰევიორული ანუ ქმედებითი ფაქტორის როლი დიდია განწყობების შეცვლაში და მათ შორის პესიმისტური განწყობის ოპტიმისტურად შეცვლაში.
ჩამოიტოვეთ პესიმიზმი და ერთი ადგილის ტკეპნა. გადადით პესიმიზმიდან ოპტიმისტურ ლიანდაგზე – გახადეთ თქვენი ცხოვრება შედევრად!

თუ მართლაც დაინტერესდით  პიროვნული ტრანსფორმაციით, გაიარეთ შესაბამისი ტრენინგი პროგრამით „წარმატების 365 დღე“. 

Комментариев нет :

Отправить комментарий