9.19.2014

ღირებულებები – ჩვენი ცხოვრების ხერხემალი

წარმატების 365 დღე
71–ე დღე
ღირებულებები ბედისწერის ფუძეში ძევს. ისინი განსაზღვრავენ, თუ რა რის ჩვენთვის ძვირფასი და ფასეული, რას აქვს ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა, რა არი ცხოვრების საზრისი. ღირებულებები არა მხოლოდ ფიქრი, აზრები და წარმოდგენებია იმის შესახებ, თუ რას ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არამედ ამავე დროს ის ემოციები და გრძნობებია, რაც გვიზიდავს, რისკენაც მივისწრაფვით და გვანიჭებს სიამოვნებას, ან კიდევ რაც აგვარიდებს საფრთხეს და უსიამოვნებას,  რითაც გვაზიარებს დაცულობისა და გარანტირებულობის განცდასთან.   ამ ემოციებიდან გამომდინარე ღირებულებები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან: 1) ღირებულებები, რომლებიც გამოხატავენ რაღაცისკენ სწრაფვასა და მიზიდულობას – სიყვარულისკენ, თავისუფლებისკენ, სამართლიანობისაკენ, მშვიდობისაკენ, სიამოვნებისკენ, კეთილდღეობისაკენ, სიმდიდრისკენ, ინტიმისა და სექსისკენ,  მეგობრობისკენ, ოჯახური სიამტკბილობისკენ, გამრავლებისკენ, ბუნების სილამაზით ტკბობისკენ  და სხვა;  2) ღირებულებები, რომლებიც გამოხატავენ საფრთხის, უსიამოვნების, ტკივილის თავის არიდებას და მისგან განრიდებას, როგორიცაა უსაფრთხოება, მარცხის არიდება („არ ჩავიჭრა“), არ დამიწუნონ ან არ გამაკრიტიკონ ან არ გამკიცხონ, არ დავრჩე უგულვებელყოფილი, არ უარმყონ, არ გამიბრაზდნენ, არ მქონდეს იმედგაცრუება და სასოწარკვეთა, არ მქონდეს მარტოობა, არ მქონდეს დეპრესია, არ დამამცირონ, არ დამადანაშაულონ, ვგრძნობდე დაზღვეულობას, დაცულობასა და უსაფრთხოებას და სხვა.  ასე და ამდაგვარად ჩვენ შეიძლება გვქონდეს  –კენ ღირებულებები (რაღაცის–კენ მისწრაფების) და  –გან (რაღაცის–გან განრიდების) ღირებულებები. მეორეს მხრივ გამოჰყოფენ ბოლოვადურ ანუ თავისთავად ღირებულებებს და ინსტრუმენტალურ ღირებულებებს. ბოლოვადურია ის ღირებულება, რაც თავისთავად არის უაღრესად მნიშვნელოვანი და იგი თქვენთვის ფასობს იმდენად, რამდენადაც თავად არის მეტად ღირებული იმისდა მიუხედავად თუ რა კავშირშია მასთან სხვა ღირებულებები. თავის დროზე ი. კანტმა შემოიტანა ასეთი დაყოფა და ის ლაპარაკობდა ფარდობით და აბსოლუტურ ღირებულებაზე. მაგალითად, თავისუფლება შეიძლება თქვენთვის იყოს თავისთავადი ღირებულება (ბოლოვადური ან აბსოლუტური), რისკენაც იმისთვის ისწრაფვით, რომ საკუთრივ იგია თქვენთვის საბოლოოდ ძალზედ მნიშვნელოვანი. ინსტრუმენტალურია (ფარდობითია)ის  ღირებულება, რომლსაც თავისთავად კი არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა თქვენთვის, არამედ იმდენად არის ნამეტნავად ფასეული, რამდენადაც სხვა ღირებულებების რეალიზაციას უწყობს ხელს. მაგალითად, ფული თქვენთვის შეიძლება იყოს ინსტრუმენტალური ღირებულება, რადგან იგი საშუალებაა, რათა უფრო ძალუმად განხორციელდეს თავისუფლებისკენ მისწრაფება როგორც  ბოლოვადური ღირებულება. ამდენად ამ შემთხვევაში თავისუფლება ბოლოვადური ღირებულებაა, რომლის მიღწევისთვისაც როგორც საშუალება თქვენთვის მნიშვნელოვანია ფულის კეთება და ამდენად ფული ინსტრუმენტალური (ფარდობითი) ღირებულებაა ამ კონტექსტში. თქვენ წარმოიდგინეთ, ცხოვრებაში შეიძლება შეგხვდეთ ისეთი ადამიანიც, რომლისთვისაც საბოლოო მიზანი ფულის კეთებაა, ხოლო თავისუფლებისაკენ სწრაფვა და თავისუფალი ქცევა შეიძლება იყოს მისთვის საშუალება ფულის კეთებისათვის და ამდენად ინსტრუმენტალური ღირებულება. აქედან გამომდინარე ესა თუ ის ღირებულება აბსოლუტურია (ბოლოვადურია) თუ ფარდობითია (ინსტრუმენტალურია) დამოკიდებულია იმაზეც, თუ თვითონ ინდივიდი რას ანიჭებს აბსოლუტურ ან ფარდობით მნიშვნელობას. ღირებულებები კომპასის როლს ასრულებენ და ისინი განსაზღვრავენ  თუ რა მიმართულებას შეიძენს ცხოვრების ნაკადი, რა ქმედებებში კრისტალიზირდება ის სცენარი, რაც ბედისწერის სახით არის ჩაწერილი ჩვენი ტვინის ღრმა სტუქტურებსა და არაცნობიერი განწყობების ქსელურ ლაბირინთებში. ბედისწერა როგორც სცენარი ერთგვარი ქსოვილია და მას სწორედ ჩვენი ღირებულებები, რწმენები, მოლოდინები და „მე“–კონცეფცია ქსოვენ. სწორედ მათი გამოისობით იძენს ბედისწერა წინასწარი განსაზღვრულობის ფუნქციას. მაგრამ ეს სცენარი მაინც არ არის გაქვავებული და უცვლელი. იგი სწორედ რომ განიცდის ცვლილებას იმის კვალობაზე, თუ რამდენად აქვს ადამიანს იმის ნება, რომ ცვლილება მოახდინოს თავის ცხოვრებაში, რამდენად აკეთებს იგი შესაბამის არჩევანს და ღებულობს ცვლილების შესატყვის გადაწყვეტილებას. ღირებულებები განსაზღვრავენ ყველა ჩვენს გადაწყვეტილებას და ამდენად ჩვენს ბედისწერას. თუკი მკაფიოდ ვსაზღვრავთ, თუ რა არის ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, მაშინ ადვილად ვღებულობთ სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ თუკი ბუნდოვანია ჩვენთვის, თუ რა არის მნიშვნელოვანი, თვითონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეიძლება გადაიქცეს სატანჯველად. ამდენად საკუთარი ღირებულებების გაუცნობიერებლობის გამო არ აგვცდება ტანჯვა, უსიამოვნება და მარცხი. და პირიქით, საკუთარი ღირებულებების მკაფიო გაცნობიერება ხელს უწყობს გადაწყვეტილების ადვილად და უმტკივნეულოდ  გამოტანას. ჩვენი წარმატება და წარუმატებლობაც საკუთარი ღირებულებებიდან გამომდინარეობს და წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისათვის სრულიად აუცილებელია გაცნობიერებულიც გვქონდეს საკუთარი ღირებულებები და ვმოქმედებდეთ კიდეც ამ ღირებულებების შესაბამისად. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების წინაპირობაა ღირებულებებსა და ქმედებებს შორის კონგრუენტულობა ანუ შესატყვისობა. და პირიქით, ხშირად წრუმატებლობისა და ბედით უკმაყოფილების წყარო ღირებულებათა სისტემის შინაგან კონფლიქტშია, რაც თავს იჩენს საკუთარი ღირებულებების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებასა და ქმედებებში.
ახლა კი მოკლე ფორმულის სახით წარმოგიდგენთ ბედისწერის არსს, მისი გარდაუვალობის ანუ განსაზღვრულობის და მასში ცვლილების შეტანის ანუ მისი მართვის შესაძლებლობებს. ბედისწერა წარმოადგენს ცხოვრების გზის სცენარს, რაც ჩაწერილია ჩვენი ტვინის ნეირო–ასოციაციურ კავშირებსა და ჩვენი ფსიქიკის სიღრმეებში. ეს სცენარი არის პიროვნების გაცნობიერებული ან ქვეცნობიერი ღირებულებების, მისი რწმენების, მოლოდინებისა  და „მე“–ს კონცეფციის ურთიერთ–მიმართებათა სისტემა. სწორედ ღირებულებების, რწმენების, მოლოდინებისა და „მე“–ს კონცეფციის ურთიერთმიმართება ქმნის ბედისწერის სცენარს, მის ქსოვილს. ადამიანი გადაწყვეტილებას ღებულობს სწორედ ღირებულებების, რწმენების, მოლოდინებისა და „მე“–ს კონცეფციის  ურთირთქმედების საფუძველზე. ამდენად ყველა გადაწყვეტილება ბედისწერულია, რაგინდ მარტივი და ზედაპირული  ან სწრაფად მიღებული არ იყოს იგი.  ყველა გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების მიხედვით ქმედება ბედისწერულია არა მარტო იმ გაგებით, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება სათავეს იღებს ამა თუ იმ ღირებულებასა, რწმენასა და მოლოდინებში; იგი ბედისწერულია იმითაც, რომ უკუკავშირის მეოხებით გადაწყვეტილების და შესაბამისი ქმედების შედეგები უკუზეგავლენას ახდენს ქვემდებარე ღირებულების ან რწმენის ან კიდევ მოლოდინთა ან „მე“–ს კონცეფციის სისტემის ცვლილებაზე;
რახან ესოდენ დიდი ბედისწერული მნიშვნელობა აქვს ღირებულებებს, ჯერ შევეცადოთ გავერკვეთ საკუთარ ღირებულებებში, კარგად გავაცნობიეროთ იგი. შემდგომში ამ გაცნობიერების საფუძველზე, შეიძლება ღირებულებების გადაფასებასა და შეცვლაზე ვიმუშავოთ და გავივარჯიშოთ, რაც თავის მხრივ ცვლილებებს შეიტანს ჩვენი ცხოვრების გზის სცენარში ანუ ბედისწერაში.
მაშ, ასე. გთავაზობთ საკუთარი ღირებულებების გაცნობიერების სავარჯიშოს.
ნაბიჯი პირველი
შემიძლია შემოგთავაზოთ ორი ვარიანტი, რომლითაც შეძლებთ ჩამოაყალიბოთ თქვენი პიროვნული ღირებულებები. პირველი ვარიანტია დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: „რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში?“ და პასუხად ჩამოთვალოთ 10 ველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვენს ცხოვრებაში თითო ან ორი სიტყვით. მაგალითად, მავანმა შეიძლება ჩამოთვალოს: 1) შვილები, 2)ოჯახი, 3)პროფესიული საქმიანობა, 4)დაფასება (პრესტიჟი), 5)სამშობლო (პატრიოტიზმი), 6)მეგობრობა, 7) საზოგადოებაში ცნობადობა, 8) ფული, 9) თავისუფლება, 10) ინტიმი. სხვა ადამიანმა შეიძლება ჩამოთვალოს სულ სხვა ღირებულებები და შეადგინოს ამისგან მეტად განსხვავებული 10 ღირებულებიანი სია. მთავარია თქვენ ჩამოთვალოთ პირადად თქვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები და არა ის, რომ მაინცადამაინც გაიმეოროთ  ვინმეს ნათქვამი ან გადაამღეროთ ის, რაც თქვენს ირგვლივ არის გავრცელებული. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, იგი შეიძლება ცალკე განვიხილოთ ამ სავარჯიშოს ბოლოს, როგორც დანართი.
ნაბიჯი მეორე
თქვენ მნიშვნელოვნად წაიწიეთ წინ იმით, რომ გამოავლინეთ და გადაარჩიეთ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები. მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განსაზღვროთ ამ ღირებულებათა  ძალა და მნიშვნელობის ხარისხი თქვენთვის. საჭიროა თითოეული ღირებულების მისამართით დასვათ კითხვა: „მაინც რატომაა ეს ღირებულება მნიშვნელოვანი ჩემთვის?“ ან „რითაა იგი ესოდენ ფრიად მნიშვნელოვანი?“ ან „რა არის ამ ღირებულებაში ისეთი, რაც მის დიდ მნიშვნელობას განსაზღვრავს?“ ან „რა არის ყველაზე მთავარი და არსებითი ამ ღირებულებაში?“ ან „რით გამოირჩევა ეს ღირებულება და რის გამოა იგი ასე ძალიან ფასეული?“
 ვთქვათ, ასეთი კითხვების დროს წარმოიშვა ერთი ან რამდენიმე განსხვავებული პასუხი. მაგალითად, ოჯახის როგორც ღირებულების მიმართ დასვით კითხვა „რის გამოა ოჯახი ჩემთვის უმაღლესი ღირებულება?“ და უპასუხეთ „ იმიტომ, რომ მე იგი მაძლევს სიყვარულს, მხარდაჭერას და დაცულობას“. ამგვარად, დამატებით  გამოიყო 3 ახალი ღირებულება სიყვარულის, მხარდაჭერის მიღებისა და დაცულობის სახით. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ დასვათ დამატებითი კითხვა: „რა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის 1) სიყვარული, 2) მხარდაჭერა თუ 3) დაცულობა?“. ამდაგვარი კითხვების დასმით და მათზე პასუხის გაცემით თქვენ ღებულობთ ღირებულებათა ახალ კატეგორიებს, რაც შეგიძლიათ მიუწეროთ პირველი ნაბიჯის დროს უკვე ჩამოწერილ 10 უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. თქვენ შეგიძლიათ ის, რაც მეორდება, შეკვეცოთ და ერთ კატეგორიაში მოათავსოთ, ხოლო რაც განცალკევებულია, ის გაბედულად მიუმატოთ თქვენს ნუსხას.
ნაბიჯი მესამე
მნიშვნელოვან ღირებულებათა ასე და ამგვარად გაფართოებული ნუსხიდან ხელახლა ამოკრიფეთ 10 მნიშვნელოვანთა შორის უმნიშვნელოვანესი ღირებულება. შეიძლება ამჯერად უკვე ცვლილება განიცადოს პირველად ჩამოთვლილმა მნიშვნელოვან ღირებულებათა ათეულმა. ამის შემდეგ მოახდინეთ ღირებულებათა დალაგება რეიტინგის პრინციპით და 1–დან 10–მდე რიგში განათავსეთ თქვენი ათი ღირებულება მნიშვნელობის ხარისხის მიხედვით. პირველ ადგილზე გასულ ღირებულებას მოჰყვება მეორე ადგილზე მითითებული ღირებულება, მეორეს მოყვება მესამე ადგილზე განთავსებული და ა.შ. ეს იერარქია შეგიძლიათ პირდაპირ შეადგინოთ, მაგრამ მეორეს მხრივ, შეიძლება უფრო შრომატევად გზას დაადგეთ, რაც მეტ სიზუსტემდე მიგიყვანთ: აიღეთ ერთი რომელიმე ღირებულება და დააწყვილეთ რომელიმე სხვა ღირებულებასთან, ამის შემდეგ ამ ორიდან რომელსაც მისცემთ უპირატესობას, ის შეაჯერეთ სხვა რომელიმესთან და ისევ მიეცით უპირატესობა რომელიმე ერთს, უპირატესობა მიღებული ღირებულება ისევ დააწვყვილეთ სხვა რომელიმე ღირებულებასთან და გაიმეორეთ უპირატესობის მინიჭების  ეს პროცედურა მანამ, სანამ არ დაადგენთ ღირებულებების რიგით მიმდევრობას უპირატესობის  ხარისხის მიხედვით. ღირებულებათა ასეთი რეიტინგი იძლევა საშუალებას დაადგინოთ თქვენი ღირებულებების იერარქია. თქვენთვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებათა გამოკვეთა და უმნიშვნელოვანესთა შორის იერარქიის დადგენა მოგცემთ საშუალებას უკეთ გაერკვეთ საკუთარ ბუნებასა და მისიაში.
ნაბიჯი მეოთხე
დღეში ერთხელ მაინც გადახედეთ თქვენი ღირებულებების ათეულს და მის იერარქიას. ცხოვრების საკვანძო ან კრიტიკულ პერიოდებში შეგიძლიათ გადაახალისოთ და შეცვალოთ თქვენი ღირებულებების სისტემა, შეიტანოთ მასში ახალი ელემენტები ან გადააადგილოთ ისინი იერარქიის კიბეზე. ღირებულებათა ცვლა გამოიწვევს ახალი გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო ეს კი ნელნელა შეცვლის ცხოვრების სცენარს.
დაადგინეთ თქვენი ღირებულებები და იცხოვრეთ მათთან თანხმობაში, ხოლო სათანადო ჟამს გადახედეთ მათ და შეიტანეთ ცვლილებები – ამით შეძლებთ მართოთ თქვენი ცხოვრების სცენარი ანუ ბედისწერა!
დანართი
პირველი ნაბიჯისთვის წინარე პროცედურისგან განსხვავებით შემოგთავაზებთ ღირებულებათა სია, სადაც 120 ღირებულებაა მითითებული. დავყოთ ეს 120 ღირებულება ათ ჯგუფად ისე, რომ თითოეულში შედიოდეს 12 ღირებულება. თითოეული ამ ჯგუფიდან, რომელშიც ესა თუ ის 12 ღირებულებაა თავმოყრილი,  ამოარჩიეთ ერთი ისეთი , რომელიც ამ 12–დან ყველაზე უმნიშვნელოვანესია თქვენთვის. ასეთი ამორჩევა შეიძლება განახორციელოთ ამ თორმეტი ღირებულების წყვილებად დაყოფით, თითოეული წყვილში ერთს მიანიჭეთ უპირატესობა და მეორე წაშალეთ და ასე გააგრძელეთ წყვილებად დაყოფა და ერთის დატოვება მეორის წაშლის ხარჯზე, სანამ არ შემოგრჩებათ ერთი თქვენთვის  ყველაზე უმნიშვნელოვანესი მნიშვნელოვანთა შორის. ამის შემდეგ გადადით მეორე, მესამე და ა.შ., სანამ საბოლოოდ მეათე ჯგუფის ყველაზე უმნიშვნელოვანეს ღირებულებას არ გაარკვევთ. ამის შედეგად მიიღებთ თქვენთვის უმნიშვნელოვანეს 10 ღირებულებას. ამის შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ მე–2, მე–3, მე–4 ნაბიჟებით წინსვლა, როგორც ეს ზემოთ იყო მითითებული.
ქვემოთ კი მოცემულია ეს 120 ღირბულებიანი ნუსხა, რაც ათ ხსენებულ ჯგუფად არის დაყოფილი:
ღირებულებები                                                                                                          პირველი ჯგუფი
1)ანგარიშვალდებულება,  2) ენთუზიაზმი, 3)წარმატების მიღწევა, 4) კონტროლი, 5) თვითგამოხატვა,6)  რისკიანობა, 7) თანამშრომლობა, 8) მეგობრობა, 9) სიყვარული,  10)  სამართლიანობა, 11) ალტრუიზმი, 12) რწმენა,
მე–2 ჯგუფი
13) პატივმოყვარეობა, 14) თავაზიანობა, 15) ოჯახის სიყვარული,  16)  გულწრფელობა, 17) კრეატიულობა ( შემოქმედებითობა), 18)ერთგულება, 19)პატრიოტიზმი,  20) გაწონასწორებულობა (ზომიერება), 21) ცნობისმოყვარეობა, 22)იყო საუკეთესო, 23) თავგადასავლები, 24)გადაწყვეტილების მიმღებლობა,
მე–3 ჯგუფი
 25)დემოკრატიულობა, 26) ინტიმური ცხოვრება,  27) სიმშვიდე, 28) მზრუნველობა,   29) ღვთისმოსაობა, 30)გულმოდგინეობა (ბეჯითობა), 31) სიხარული, 32) წესრიგი, 33)წინდახედულობა, 34)მრავალფეროვნება, 35) კოლექტივიზმი,  36)თანაგრძნობა,
მე–4 ჯგუფი
 37)ეკონომიურობა, 38) შეჯიბრებითობა , 39)თანმიმდევრულობა, 40) კმაყოფილება, 41)ელეგანტურობა, 42) მარადიულობა, 43) სრულყოფილებისკენ სწრაფვა, 44)თავისუფლება, 45) იუმორი ( ხუმრობა),  46) გართობა, 47) მიტევების უნარი, 48) ხელგაშლილობა,
მე–5 ჯგუფი
49)სიკეთე, 50) ზრდა– განვითარება, 51) ბედნიერება, 52)შრომისმოყვარეობა, 53) ჯანმრთელობა, 54)დახმარება (მხარდაჭერა) 55)საზოგადოებაში ცნობადობა, 56)პატიოსნება, 57)პატივისცემა, 58)მორიდებულობა, 59)დამოუკიდებლობა, 60) შინაგანი  ჰარმონია,
მე–6 ჯგუფი
 61)ინტუიცია (ინტუიტური წვდომა), 62) ინტელექტი, 63)სტატუსი ( საზოგადოებრივი მდგომარეობა), 64)ლიდერობა, 65) მემკვიდრეობა, 66)თავგანწირვა,  67) მართვა,  68)პოზიტიურობა, 69) პრაქტიკულობა,  70)პროფესიონალიზმი, 71)ხარისხზე ორიენტაცია, 72)საიმედოობა,
მე–7 ჯგუფი
 73) თვითპატივისცემა (თვითდაფასება), 74)შედეგზე ორიენტაცია, 75)სიმკაცრე, 76)უსაფრთხოება, 77)თვითრეალიზაცია, 78)თვითკონტროლი, 79)უანგარობა, 80) თვითკმარობა, 81)მგძნობიარობა, 82)  უშფოთველობა, 83)განჭვრეტის უნარი, 84)სპონტანურობა,
მე–8 ჯგუფი
 85)სტაბილურობა, 86)სტრატეგიულობა, 87)სიძლიერე, 88)წარმატება, 89) გუნდურობა, 90)მადლიერება,  93)ტოლერანტობა ( შემწყნარებლობა), 94)ტრადიციულობა, 95)მოგზაურობა, 96) ნდობა,
მე–9 ჯგუფი
 97)ჭეშმარიტების მაძიებლობა,  98)განუმეორებლობა (უნიკალობა), 99)ურთიერთგაგება, 100) ცოდნა, 101)სიბრძნე, 102) ქველმოქმედება, 103) მთლიანობითობა (ინტეგრირებულობა), 104)მოხერხებულობა, 105) ექსტაზი, 106)ხელოვნება, 107) მეცნიერება, 108)ზნეობა,
მე–10 ჯგუფი
 109) სიმდიდრე, 110)ნიჭიერება, 111) სპორტულობა, 112)რელიგიურობა, 113) წიგნიერება,  114) გაღება (გაცემა),  115)ინდივიდუალიზმი, 116)მდგრადობა, 117) მიღება (დახმარების, მხარდაჭერის, მოწონების, სტიმულის, მაღალი ანაზღაურების....), 118) ვნება–გატაცება,   119) დაზღვევა (გარანტიების ძიება),  120)არ იყო იგნორირებული. 










Комментариев нет :

Отправить комментарий