9.18.2014

წარმატება, შინაგანის გარეგანთან შესაბამისობა და იდეის მატერიალიზაცია

ნოდარ სარჯველაძე
წარმატება, შინაგანის გარეგანთან შესაბამისობა და იდეის მატერიალიზაცია
წარმატების 365 დღე
68–დღე
ბიბლიაში ნათქვამია: „ნაყოფთაგან შეიცან“. ის რაც ჩვენს შინაგან ბუნებაშია, იგი აუცილებლად ვლინდება ჩვენს ქცევასა და მის შედეგებსა და პროდუქტებში. ფსიქოანალიზის მიერ აღმოჩენილი პროექციის მექანიზმი ითვალისწინებს, რომ ადამიანი რეგულარულად საკუთარ შინაგან ზრახვებსა და თვისებებს ავლენს თავის გარეგნულ ქცევებში ან  გარეშემყოფებს მიაწერს მისთვის დამახასითებელ ნიშან–თვისებებს. მაგალითად, აგრესიულად განწყობილი პირები ხშირად სხვებს ამხელენ და მიაწერენ აგრესიას. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი კი წერს: „ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი ცხოვრების გარეგანი ასპექტები იმით, რომ შეცვლიან საკუთარი გონების შინაგან დამოკიდებულებებს“. მაგრამ ყველაზე გენიალურად შინაგანის გარეთ გამოტანისა და გარეგანით შინაგანის წვდომის კანონი დიდმა შოთამ გამოხატა: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“.
ყველაფერი შინაგანიდან გარეგანისაკენ მიედინება. კონფლიქტები, რომლებიც ამა თუ იმ ახლობელთა მიმართ გვიჩნდება, ხშირად სათავეს იღებენ და ასახავენ ჩვენს შინაგან კონფლიქტებს, რომლებიც გადაწყვეტილი არ არის და შინაგან დისჰარმონიას განაპირობებს. ჩვენი ჯანმრთელობის დარღვევის ხილული სიმპტომები შინაგანი ფსიქოლოგიური პრობლემების გარეგამოვლენაა. ჩვენი ფულადი შემოსავლები და ფინანსური მდგომარეობა ჩვენივე აზრების, წარმოდგენებისა და შინაგანი განწყობის შესაბამისია. ის, თუ რა რეაქციებს ავლენენ ადამიანები ჩვენი მისამართით,  ეს არის იმის ასახვა, თუ შინაგნად რა დამოკიდებულება გვაქვს ამ ადამიანებთან. თვით თქვენი კარადა, რომელშიც ტანისამოსს ინახავთ ან თქვენი მანქანის ინტერიერის ან თქვენი სამუშაო მაგიდის მდგომარეობა ასახავს რით ცხოვრობთ, რა გაწუხებთ ან რაზე ზრუნავთ.
ადამიანები ხშირად აიძულებენ სხვებს შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, მაგრამ იმავდროულად  უცვლელად ტოვებენ საკუთარ შინაგან სამყაროს, საკუთარ აზრებს,  წარმოდგენებსა და ქცევებს. ეს დიდი და გავრცელებული ილუზიაა. თქვენ მხოლოდ მაშინ შეძლებთ რაიმე  შეცვალოთ თქვენს ირგვლივ,  თუ კი შესძლებთ, რომ შეცვალოთ საკუთარი თავი. ჩვენ მუდმივად ვასხივებთ საკუთარ თავს. ჩვენ შეგვიძლია მოვიტყუილოთ, მაგრამ ჩვენი შინაგანი ბუნება არ ტყუის და იგი თავის თავს აუტენტურად ავლენს სხეულის ენასა და ჩვენი არსების ვიბრაციებში. ამიტომაც პირველ რიგში ჯერ თვითონ უნდა გარდაიქმნათ იმად, ვინაც მართლაც ისე შეიცვალა, რომ ნაღდად შეუძლია ცვლილებების გამოწვევა გარეშემყოფებში და მხოლოდ მაშინ შესძლებთ გამოიწვიოთ სასიკეთო ცვლილებები სხვებში. ამ გადასახედიდან ხშირად სულ ცოტა სასაცილონი ჩანან ის რეფორმატორები, რომლებიც სარეფორმო ნაბიჯებს მხოლოდ დირექტივების სახით დგამენ ან სხვადასხვა ფორმალობებსა და რეგულაციებს  იცავენ, მაგრამ თვითონ კი არავითარ ცვლილებებს არ განიცდიან არც კომპეტენციებში, არც აზრებსა და წარმოდგენებში, არც ქცევებსა და ცხოვრებასთან დამოკიდებულებაში. ისინი ახალ ღვინოს ძველ ტიკში ასხამენ, ხოლო საბოლოოდ რეფორმის ნაცვლად ბუტაფორია გამოსდით.
შინაგანის გარეგანში გამოვლენის გარდა მეტად საყურადღებოა იდეის მატერიალიზაციის  კანონზომიერება , რასაც ჰეგელი უწოდებდა იდეის განამდვილების კანონს, ხოლო წარმატების მიღწევის სპეციალისტი ბრაიან ტრეისი მენტალური ექვივალენტობის კანონად თვლის. მინდა მაგალითი მოვიყვანო ჩვენი ქვეყნის ცხოვრებიდან. მახსოვს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა 1988 წლის სექტემბერ–ნოემბრის მიტინგების დროს, რაც ეროვნული მოძრაობის სულისკვეთებით იყო  გაჟღენთილი და დიდი ენერგიით მიმდინარეობდა, წამოაყენეს ასეთი იდეა: ჩვენ რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთის იმპერიას, თუ საჭირო იქნა გავიღოთ მსხვერპლი, რის შემდეგაც საერთაშორისო სამართალი განსჯის რუსეთს და ჩვენც მივიღებთ ნანატრ დამოუკიდებლობას. ეს იდეა განამდვილდა 1989 წლის 9 აპრილის განთიადისას, როცა რუსმა მოძალადეებმა დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი და ამას მსხვერპლად შეეწირა 21 ქართველი, ხოლო მომდევნო 1991  წლის 9 აპრილს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია და გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა. იდეები ისწრაფვიან განამდვილებისაკენ.  თავდაპირველად ჩვენ ვაყალიბებთ და ვირჩევთ იდეებსა და აზრებს, მაგრამ ნელნელა ისინი თვითონ იკრეფენ ძალას, ხდებიან ჩვენი ბატონ–პატრონნი, გვიპყრობენ და  განაგებენ ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ ვართ ჩვენი აზრების განხორციელება. აქედან კი ისევ და ისევ ის გამომდინარეობს, რომ თუკი შევცვლით ჩვენს აზრებს, ამით არის შანსი რომ შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება. წარმატება კი ცვლილებით იწყება. შეარჩიეთ ახალი პოზიტიური იდეები, ამით თქვენ კონტროლზე აგყავთ ყველაფერი ის, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. თქვენ თესავთ პოზიტიურ იდეებს და იმკით პოზიტიურ შედეგებს კარმის კანონების შესაბამისად. ამასობაში კიდევ უფრო აძლიერებთ თქვენს ძალებში რწმენას, რითაც  კიდევ უფრო ზრდით პოზიტიური შედეგების მოლოდინს და ამას მიჰყავხართ თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების კანონის ამოქმედებამდე. ამის საფუძველზე თქვენს ცხოვრებაში მოიზიდავთ პოზიტიურ ადამიანებსა და სიტუაციებს. ყოველივე ამით თქვენი ცხოვრების გარეგანი მხარეები სულ უფრო და უფრო მოდიან შესაბამისობაში თქვენს შინაგან ბუნებასთან,  ხოლო ხშირი გამეორებებისა და დაჟინებითი  დანერგვის შემდეგ ეს პოზიტიური იდეა საბოლოოდ მატერიალიზირდება. იგი უკვე მატერიალურ სინამდვილედ გადაიქცევა და განაგრძობს დამოუკიდებელ არსებობას. ასეთია გარეგანის შინაგანთან შესაბამისობისა და იდეის მატერიალიზაციის კანონების დინამიკა რეალურ ცხოვრებაში. ასე  განაპირობებენ ისინი პოზიტივისა და წარმატების  გარდაუვალად მიღწევის პროცესს. ამას ადასტურებს ათასობით მაგალითები ცალკეულ წარმატებულ პირთა და ორგანიზაციაა ცხოვრებიდან. თქვენც შესძლებთ ამას, თუკი გექნებათ ამისი ურყევი ნება. არჩევანი თქვენზეა!












Комментариев нет :

Отправить комментарий