9.19.2014

კეთილსინდისიერება, ჯანმრთელობა და ბედნიერება

კეთილსინდისიერება, ჯანმრთელობა და ბედნიერება
წარმატების 365 დღე
75–ე დღე
ამერიკაში, პენსილვანიის შტატში არის პატარა იტალიურ–ამერიკული დასახლება როზეტო, რომელსაც სპეციალური წიგნი მიუძღვნეს ფსიქოლოგებმა ჯ. ბრუნმა და ს. უოლფმა ( John Bruhn and Steward Wolf -  The Roseto Story. An Anatomy of Health. University of Oklahoma Press. 2003). ამ დასახლების მაცხოვრებლებმა იმით მიიქციეს ყურადღება, რომ ეს დასახლება 1887 წელს დაფუძვნდა, მაგრამ მხოლოდ 1971 წელს აღირიცხა პირველი შემთხვევა გულის მწვავე შეტევით და ლეტალური გამოსავლით; ანუ თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში ამ პატარა ქალაქში არ დაფიქსირებულა გულის მწვავე შეტევით სიკვდილის ფაქტი, მაშინ როცა შეერთებულ შტატებში გულს–სისხლძარღვთა დაავადებები ან ინფარქტის შემთხვევები  სტატისტიკურად ყველაზე გავრცელებულად ითვლებოდა.    ამავე დროს ამ თემის მაცხოვრებლები ტრადიციულად  არ გამოირჩევიან ჯანსაღი ცხოვრების წესით. პირიქით, მათში ხშირია სიმსუქნე, ისინი სიამოვნებით მიირთმევენ მაღალი  ცხიმიანობისა და ქოლესტერინის უხვად  შემცველ საკვებს, თამბაქოს თავგამოდებული მომხმარებლები არიან, ახასიათებთ ჰიპოდინამია ანუ ეწევიან მჯდომარე ცხოვრებას და ნაკლებად მოძრაობენ. ჯ. ბრუნი და ს. უოლფი დაინტერესდნენ თუ რაშია მათი ჯანმრთელობის საიდუმლო, მიუხედავად  ცხოვრების საკმაოდ არაჯანსაღი წესისა რატომ არ აღენიშნებათ მათ გულ–სისხლძარღვების მწვავე იშემიური დაავადებები, რაც ესოდენ გავრცელებულია აშშ–ში. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ასეთ ვითარებას განაპირობებდა ის დამცავი სოციალური ძალები, რაც მათი ცხოვრების წესს განაგებდა:
·         ისინი ოჯახებით მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული
·         იყვნენ ღრმა რელიგიური მორწმუნეები
·         ახასიათებდათ ხანდაზმულთა გადამეტებული პატივისცემა
·         ჰქონდათ თავიანთი ჯგუფური იდენტობის („როზეტელები“) და მიკუთვნებულობის უკიდურესად გამახვილებული განცდა
·         თემის შიგნით სუფევდა ურთიერთნდობისა  და ერთმანეთზე დაყრდნობის ატმოსფერო
მკვლევარები დაინტერესდნენ იმ პირველი როზეტოელის პიროვნების თავისებურებებით, რომელიც მწვავე გულის შეტევით გარდაიცვალა 1971 წელს 41 წლის ასაკში. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი თვისი ცხოვრობით  უკმაყოფილო იყო და თავს არ გრძნობდა ბედნიერად. მას უნდოდა კოლეჯში ესწავლა, მაგრამ არ ჰქონდა სწავლის გადასახდელი ფული. იგი მუშაობდა ისეთ სამუშაოზე, რომელსაც ვერ იტანდა. მას ფაქტიურად არ ჰყავდა მეგობრები და ოჯახური ურთიერთობებიც დაულაგებელი ჰქონდა. მას მიჩნდა, რომ როზეტო არ იყო ის ადგილი, სადაც უნდა ეცხოვრა და არ ჰქონდა მიკუთვენებულობის გრძნობა როზეტოელებთან.იგი არ მონაწილეობდა როზეტო საზოგადოებრივ და მოქალაქეობრივ აქტივობებში, რაც ამ დასახლების დამახასიათებელი თავისებურება იყო. ჟ. ბრუნი და ს.უოლფი თვლიდნენ, რომ ამ ადამიანის ახალგაზრდა ასაკში გულის მწვავე ასაკში გარდაცვალება აიხსნება ამ პიროვნების გაუცხოებით როზეტოს ადგილობრივ კულტურასთან და ურთიერთობათა სტრუქტურასთან. სულ სხვა აზრისაა კლინიკური ფსიქოლოგი უ.დ.ჯენტრი (W.D. Gentry). იგი თვლის, რომ ეს ადამიანი ნაადრევად მოკლა ტყუილებში ცხოვრებამ. იგი აცხადებდა, რომ თავდადებული მეოჯახე და ერთგული მეუღლეა, მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ მას ჰქონდა დაძაბული ურთიერთობები მეუღლესთან და ხშირად ღალატობდა მას. მან თავისი ვაჟი კოლეჯში სასწავლად მიაბარა, მაგრამ სწავლის გადასახადს იხდიდნენ მისი უფროსი ძმები, მაგრამ თავის დროზე, როცა მას მართლა თუ უნდოდა კოლეჯში სწავლა მისი ძმები რატომ არ გადაუხდიდნენ მას სწავლის ფულს, თუკი მის შვილს ასე პატრონობდნენ ფინანსურად. ესეც ტყუილი იყო, რომ მას თითქოს მართლაც სურდა თავის დროზე სწავლის გაგრძელება კოლეჯში. ის ამბობდა, თითქოს გულით და სულით ჩაფლული იყო თავის სამუშაოში, რათა გარეგნულად გაემართლებინა თავისი პასიურობა ალტერნატიული სამსახურის პოვნის თვალსაზრისით. ყველა ეს ტყუილი და მისი თანმხლები ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დისკომფორტი ინახებოდა და იკეტებოდა თვითონ ამ პიროვნებაში, რადგან შეზღუდული ადამიანური კავშირების გამო მას არ ჰქონდა საშუალება ვინმესთვის ეთქვა ნამდვილი სათქმელი და გული გაეხსნა. სიმართლის თქმასა და სიმართლით ცხოვრებას ადამიანი მიჰყავს ბედნიერებისაკენ. საჭიროა იყო მართალი როგორც სხვებთან, ისევე საკუთარ თავთან მიმართებაში. ასეთი ცხოვრება კი პატიოსნებას ან კეთილსინდისიერებას  ნიშნავს.
 არ გაინტერესებთ როგორია თქვენი კეთილსინდისიერების დონე? ჩაიტარეთ ტესტი, რომელსაც გთავაზობთ. იყავით გულახდილი, მართალი და გულწრფელი საკუთარ თავთან და შემოხაზეთ მხოლოდ ერთი პასუხი ქვემოთჩამოთვლილ კითხვებზე:
1.      ხანდახან გიფიქრიათ, რომ ტყუილებით ცხოვრობთ?
·         არა – 0
·         შესაძლოა – 1
·         დიდი ალბათობით – 2
·         დანამდვილებით – 3
2.      გაქვთ თუ არა საიდუმლოებანი, რაც არ გსურთ იცოდეს არავინ, თვით ყველაზე საყვარელმა ადამიანმაც კი?
·         არა – 0
·         შესაძლოა – 1
·         დიდი ალბათობით – 2
·         დანამდვილებით – 3
3.       გარშემო მყოფნი თვლიან, რომ  ნდობას იმსახურებთ?
·         დანამდვილებით – 0
·         დიდი ალბათობით – 1
·         შესაძლოა –2
·         არა –3
4.      რამდენად ხართ ჩართული თქვენი ვალდებულებებით, ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეებში?
·         სულაც არა – 3
·         ცოტათი – 2
·         საკმაოდ – 1
·         ძალიან –   0
5.      იზიარებთ გამოთქმას „ მთავარი ის არის, რაც გარეგნულად ჩანს“?
·         არა – 0
·         შესაძლოა – 1
·         დიდი ალბათობით – 2
·         დანამდვილებით – 3
6.      თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის აკეთებთ იმას, რაც უნდა გააკეთოთ?
·         დანამდვილებით – 0
·         დიდი ალბათობით – 1
·         შესაძლოა – 2
·         არა – 3
7.      მოიტყუილებთ ტესტში, თუკი  ამ ტყუილზე დამოკიდებულია ის, რომ მიიღოთ სათანადო დიპლომი ან სამსახური?
·         არა  – 0
·         შესაძლოა –1
·         დიდი ალბათობით – 2
·         დანამდვილებით – 3
8.      ყოველთვის მონაწილეობთ ადგილობრივ, საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებში?
·         ყოველთვის – 0
·         მეტწილად  –  1
·         ხანდახან     –  2
·         არასოდეს   –  3
9.      თვლით, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ თქვენს უფლებებს, ვიდრე თქვენს პასუხისმგებლობებს?
·         არა – 0
·         შესაძლოა – 1
·         დიდი ალბათობით – 2
·         დანამდვილებით – 3
10.  როცა თქვენს განვლილ ცხოვრებისეულ გზას ჩაუფიქრდებით, დაგეუფლებათ ხოლმე სინანულის გრძნობა?
·         არა –  0
·         შესაძლოა – 1
·         დიდი ალბათობით –2
·         დანამდვილებით –3
დააჯამეთ ქულები. თუ თქვენ გაქვთ 15 ქულა ან მასზე ნაკლები, თქვენ მაღალი კეთილსინდისიერების მქონე პიროვნება ბრძანდებით და გაქვთ დიდი შანსები ბედნიერების გრძნობა გეწვიოთ. თუკი თქვენი ქულათა ჯამი არის 16 და უფრო მეტი, თქვენი კეთილსინდისიების დონე შედარებით დაბალია. შეიძლება ამას ვერ აცნობიერებთ ან შინაგნად ეწინააღმდეგებით, მაგრამ დაფიქრება გმართებთ იმაზე, თუ როგორ დაძლიოთ ტყუილები ან სხვა მცირეოდენი ან დიდი გადაცდომები. ეს კი უდაოდ ხელისშემშლელი იქნება ბედნიერების სავალ გზაზე, ხოლო ადამიანი ცხოვრობს იმისათვის, რომ გრძნობდეს ბედნიერებას.
საკუთარ კეთილსინდისიერებისა და შინაგანი სიმართლის კიდევ უფრო გარკვევაში დაგეხმრებათ ერთგვარი თვითანალიზი. ამისათვის შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვები: რამდენად მართალი ვარ სხვებთან ურთიერთობაში? რამდენად მართალი ვარ საკუთარი თავის წინაშე?  რას მაძლევს ტყუილი?  რა მიშლის ხელს, რომ მტკიცედ დავიჯერო და ძვალ–რბილში გამიჯდეს „ტყუილს მოკლე ფეხი აქვს“?  რატომ ვერ ვხდები, რომ ტყუილის დასაფარად ახალი ტყუილის თქმაა საჭიროა, ხოლო ამ ახალი ტყუილის გადასაფარად კიდევ ახალი ტყუილის გამოგონება და ასე დაუსრულებლად?  რამდენად გადაწონის ტყუილით მიღებულ სარგებელს ის დანაკარგი ან ზარალი, რასაც იგივე ტყუილი მაძლევს სამომავლოდ? რატომ უნდა ვათრიო ტყუილების ტვირთი, როცა შეიძლება გულწრფელი ვიყო და მძიმე ტვირთისგანაც განვთავისუფლდე? გახსოვდეთ: არსებობს განსხვავება გულახდილობასა და გულწრფელობას შორის. თქვენ არ ხართ ვალებული გული ყველას გადაუხსნათ და არ შეინახოთ თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაცია გადამეტებული გულახდილობისა გამო,  მაგრამ სასურველია იყოთ გულწრფელი იმაში, რასაც ამბობთ და აკეთებთ. ამით გაიზრდება თქვენი სიჯანსაღისა და კეთილდღეობის მიღწევის შანსი. სცადეთ!













Комментариев нет :

Отправить комментарий