1.04.2013

წარმატება და 100%-იანი პასუხისმგებლობა


წარმატების 365 დღე

დღეს თქვენი წარმატებული ცხოვრების მე–2 დღეა. გთავაზობთ  წარმატების მიღწევის 365 დღიან პროგრამას.
 თქვენ რეგულარულად  მიიღებთ საგულისხმო ინფორმაციას, რჩევასა და სავარჯიშოს, თუ როგორ მიაღწიოთ  ყველაზე სანუკვარ მიზანს. თუკი  ფეისბუკში სხვებსაც  გაუზიარებთ  ამ გზავნილს, ამით  შეიქმნება სასიკეთო ენერგო–ინფორმაციული ველი, რაც მოგიტანთ სიკეთეს თქვენ და სხვასაც.


მე–2 დღე

“წარმატების 365 დღის”
პროგრამის პირველი დღის მასალებში  მიზნის შემუშავების მნიშვნელობასა და სავარჯიშოზე ვისაუბრეთ. ამჯერად მინდა გაუწყოთ პრინციპი: წარმატების გარდაუვალი მიღწევის წინაპირობაა – თქვენს მიერ დასახული მიზნის მიღწევაზე 100% -იანი პასუხისმგებლობა თქვენსავე თავზე უნდა აიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების გარდაუვალი მიღწევის რეჟიმში კი არ მოექცევით, არამედ იღბლის მაძიებლის როლში „ჩაჯდებით“, ხოლო იღბალი არაფრით თქვენზე არ არის დამოკიდებული. წარმატების გარდაუვალობასა და იღბლის სათუოობას შორის განსხვავება, თქვენთვის, ვგონებ, ნათელია.

გთხოვთ შემოხაზოთ წრე, მას გარს შემოავლეთ უფრო ფართო მეორე წრე, ხოლო ამ უკანასკნელს შემოავლეთ მესამე კიდევ უფრო ფართო წრე. პირველ ცენტრალურ წრეში ჩაწერეთ ის მიზნები, რომელთა განხორციელებაც თქვენს სრულ კონტროლს ექვემდებარება და შეგიძლიათ მასზე აიღოთ სრული 100%-იანი პასუხისმგებლობა (მაგ.: „დღე და ღამეს გავასწორებ, რათა წარჩინებით დავამთავრო უნივერსიტეტი“). მეორე წრეში ჩასვით ის მიზანი, რომლის განხორციელებაზე ნაწილობრივ გაქვთ კონტროლი და შეგიძლიათ მხოლოდ ნაწილობრივ აიღოთ პასუხისმგებლობა, სხვა მხრივ კი კონტროლი და პასუხისმგებლობა სხვის მხარეზეა (მაგ.: „ხელი შევუწყო ჩემს შვილს წარჩინებით დაამთავროს უნივერსიტეტი და გახდეს კარგი სპეციალისტი“). მესამე წრეში ჩაიწერება ის მიზნები, რომელთა განხორციელებაც მთლიანად სხვათა კონტროლს ქვეშაა და თქვენ ვერავითარი პასუხისმგებლობა ვერ დაგეკისრებათ მის მიღწევაზე (მაგ.: „ხელისუფლებამ შექმნას ისეთი პირობები, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეს კარგი სწავლისა და წარჩინებულ პროფესიონალად ჩამოყალიბების მაღალი მოტივაცია“).


ამ სამი წრის მიზნებიდან მხოლოდ ის იმსახურებს ძალისხმევას, რაც 100%–ით თქვენი კონტროლისა პასუხისმგებლობის ქვეშაა. რაც შეეხება მეორე და მესამე წრის ანუ ნაწილობრივი კონტროლის ან კონტროლის სრული არ ქონის სიტუაციას, აქ გაქვთ არჩევანი: (1) ან გააუქმოთ ეს მიზნები და არ დახარჯოთ ენერგია მათ განხორცილებაზე, (2) ან ხელახლა გადააფორმულიროთ ისინი იმდაგვარად, რომ ტრანსფორმირდნენ 100%–იანი თქვენი კონტროლის ქვეშ მყოფ მიზნებად, რათა სრული პასუხისმგებლობა აიღოთ მთ განხორციელებაზე. მაგალითად, მეორე წრის მიზანი (მაგ.: „ხელი შევუწყო ჩემს შვილს წარჩინებით დაამთავროს უნივერსიტეტი და გახდეს კარგი სპეციალისტი“) გადაფორმულირდეს შემდეგნაირად: „ხელი შევუწყო ჩემს შვილს სწავლაში, დროზე გადავიხადო სწავლის საფასური, შევუქმნა მყუდრო პირობები“. რაც შეეხება შვილის სურვილსა და მონდომებას - „წარჩინებით დაამთავროს უნივერსიტეტი და გახდეს კარგი სპეციალისტი“, ეს უკვე მისი არჩევანი და პასუხისმგებლობაა. დაბეჯითებით არ გირჩევთ ჩამოართვათ მას მისი წილხვედრი არჩევანი, გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა. მესამე წრის მიზანი („ხელისუფლებამ შექმნას ისეთი პირობები, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეს კარგი სწავლისა და წარჩინებულ პროფესიონალად ჩამოყალიბების მაღალი მოტივაცია“) შეიძლება გადაფორმულირდეს, მაგალითად, ასე: „მხარში ამოვუდგე და ჩემი წვლილი შევიტანო ხელისუფლების ისეთ პროექტებში, რომლებიც ელტვიან ჩვენს შვილებს ჰქონდეს კარგი სწავლისა და წარჩინებულ პროფესიონალად ჩამოყალიბების მაღალი მოტივაცია“.
ასეთ გადაფორმულირებას ანუ ე.წ. რეფრეიმინგს დიდი ძალა აქვს. იგი ზრდის ცხოვრების ხარისხისა და  მიზანდასახულობის დონეს

თუ უფრო ღრმად გსურთ ჩაერთოთ წარმატების მიღწევის პროცესში, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და ფინანსური ხელმოკლეობის დაძლევის“  საქველმოქმედო ტრენინგში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12, მობ. 577 76 45 80; e-mail nodarsar@gmail.com

Комментариев нет :

Отправить комментарий