9.16.2015

თვითშეცნობა: კარები, საიდანაც შენში სამყარო შემოდის

წარმატების 365 დღე
98–ე დღე
უხსოვარ დროში დაიწყო ადამიანმა სამყაროს შემეცნება. მაგრამ მან აქვე იგრძნო, რომ საკუთარი შინაგანი სამყაროს თვითშეცნობა არანაკლებ რთული ამოცანაა, ვიდრე გარე სამყაროს, ვარსკლავებით მოჭედილი ცის, საოცრებებით აღსავსე ბუნების, ღვთაებრივისა და   ზებუნებრივის არსის შემეცნება.  ამას მოწმობს  ძველინდური უპანიშადების, ვედებისა და ბჰაგავატგიტის, ჩინური გარდაქმნების წიგნისა და დაოსიზმის, შუმერული გილგამეშის, ბიბლიის, სიკვდილ–სიცოცხლეზე ტიბეტური და ეგვიპტური ტექსტების  შინაარსი. ანტიკური საბერძნეთის დელფოს ორაკულის აპოლონისეულ ტაძრის შესასვლელში  ეწერა მაქსიმა: „შეიცან თავი შენი“.  რისთვის უნდა შეიცნოს ადამიანმა საკუთარი თავი? ვიღაცა იკითხავს: რა ხეირია თვითშეცნობაში? რაში დამეხმარება იგი მე? დაბოლოს ასეთი კითხვაც დაისმის: რა საზრისი აქვს თვითშეცნობას? ყველა კითხვა, რაც ახლა ზემოთ ჩამოვთვალე, ეხება თვითშეცნობის მოტივაციას. რისთვის? რატომ? რა სარგებლობას მომიტანს, რაში დამეხმარება? რა საზრისი აქვს?  - ყველა ეს კითხვა თვითშეცნობის მოტივაციას, მის მამოძრავებელ ძალას წარმოაჩენს. ამ თემებს ქვემოთ გავშლით და შევეცდებით მათზე ჩემოვაყალიბოთ შესაძლო პასუხები. მაგრამ თვითშეცნობასთან დაკავშირებით სხვა კითხვებიც ისმის: 1) რა შემიძლია მე? 2) რა უნდა ვაკეთო მე? 3) რისი იმედი უნდა მქონდეს მე? 4) ვინ (რა, როგორი) ვარ მე? ეს ბოლო 4 კითხვა გენიალურ იმანუილ კანტს ეკუთვნის და იგი შეეცადა პირველი სამი კითხვისათვის გაეცა პასუხი, ხოლო ბოლო მეოთხე კითხვაზე - „ვინ ვარ მე?“ - პასუხის გაცემის დაწყებაც კი ვერ მოასწრო.  ამ ამოცანის გადაწყვეტა მე-20 საუკუნეში აღმოცენებულმა ფილოსოფიურმა ანთროპოლოგიამ სცადა (მაქს შელერი და სხვები).  ამდენად, ადამიანის არსის გასაგებად ფილოსოფიური თვითჩაღრმავება (რეფლექსია) იმთავითვე ამოცანად განუწესა ღმერთმა და შემოქმედმა ადამიანს. და არა მარტო ფილოსოფიური ხედვა, არამედ რელიგიური ცხოვრებაც ადამიანს მოუწოდებს ჩაიხედოს საკუთარ არსებაში. მეორეს მხრივ, ფსიქოლოგიური მეცნიერება იკვლევს პიროვნების თვისებებსა და ხასიათის ავისებურებებს, აღქმისა და წარმოდგენის, მეხსიერებისა და ფანტაზიის, აზროვნებისა და ცნობიერება-თვითცნობიერების, გრძნობისა და ნებისყოფის კანონზომიერებებს და სხვა. მესამეც, ბიოლოგიური მეცნიერებები, ანთროპოლოგია და ნეირომეციერება მნიშვნელოვნად ამდიდრებს ადამიანის ცოდნას ადამიანის ბუნების შესახებ. მეოთხე, ადამიანთმცოდნეობაში თავისი წვლილი შეაქვს მეცნიერების ისეთ დარგებს, როგორიცაა ისტორია, კულტურული ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ლინგვისტიკა, ეთნოლოგია. მეხუთეც, ხელოვნება, მწერლობა, დრამატურგია და პოეზია,  მუსიკა და ფერწერა ადამიანური ეგზისტენცის ისეთ სიღრმეებს სწვდება, რასაც მეცნიერება და ფილოსოფია თავიანთი შემეცნებითი ინსტრუმენტებით  ვერც კი ეხებიან ან ვერც კი ჰხედავენ. როგორც ვხედავთ, სხვადასხვა რაკურსითა და საშუალებებით უზარმაზარი შემეცნებითი ძალისხმევაა მიმართული ადამიანის არსის შესაცნობად, მაგრამ რაც უფრო დიდია პროგრესი, მით უფრო მკაფიოდ იკვეთება,  რომ უსასრულოდ ბევრია კიდევ შესაცნობი. რახან უსასრულოდ ბევრია კიდევ შესაცნობი, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოდნის სიღრმე უძიროა და პრინციპულად შეუძლებელია იმ პუნქტამდე მისვლა, როცა გაბედულად იტყვი: ახლა ყველაფერი ვიცი. ამის საპირისპიროდ გაბმული თვითშემეცნების პროცესში მუდმივად იმ მდგომარეობამდე მიდიხარ, როცა იტყვი: ვიცი ის, რომ  არაფერი არ ვიცი. ამდენად შედეგის თვალსაზრისით ცოდნის დაგროვებისა და შემეცნების პროცესს არა იმდენად სასრული პროდუქტის სახე აქვს, რამდენადაც უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია: მას ახალი შესაძლებლობების მუდმივი გაფართოებისა და განახლების  ფუნქცია აკისრია. შემეცნებაში პროგრესს ბოლო პუნქტი არა აქვს, არამედ პროგრესის ბოლო წერტილი ახალი პროგრესის საწყისი პუნქტია. თვითშეცნობის პროცესიც უსასრულოა პროგრესიის თვალსაზრისით. ყველაფერს ისიც ემატება, რომ თითოეული ჩვენთაგანი უნიკალური არსებაა და განუმეორებლობის დაღს ვატარებთ. მართალია თითოეული ადამიანი ხასიათდება იმ თვისებებით, რაც ადამიანთა მოდგმას გააჩნია ან მის სოციალურ ან ეთნიკურ ჯგუფს ახასიათებს და ამდენად ყველა ჩვენთაგანი ზოგად კანონზომიერებებში „ვჯდებით“, მაგრამ იმდენად „გვაზის“ უნიკალურობის დაღი, რომ ჩვენი ფასი სწორედ ჩვენივე განუმეორებლობით განისაზღვრება.
ყველაფერი ის, რაც აქამდე მიმოვიხილე, ეხებოდა საზოგადოდ ადამიანის ბუნების შემეცნებას. ერთია ზოგადად ადამიანის ბუნება და მეორეა კონკრეტული ადამიანის მიერ საკუთარი თავის თვითშეცნობა. ადამიანს აქვს მისწრაფება არა მხოლოდ გაუგოს სხვებს, არამედ სხვებმაც გაუგონ მას. მაგრამ გასაღები თვითშეცნობასა და თვითგაგებაშია. თუკი საკუთარ თავს შეიცნობ და გაიგებ, მაშინ სხვებიც ადვილად გაგიგებენ. თვითშეცნობით მთელი სამყარო შეგიცნობს და გაგიგებს; თვითშეცნობის მეოხებით მთელი სამყარო შემოდის შენში; მთელი სამყარო ღიაა შენთვის, როცა საკუთარი თავი შეცნობილი გყავს. შენ სამყაროს შვილი ხარ, შენს დაბადებაზე სამყარომ იზრუნა, სამყარო კეთილგანწყობილია შენდამი, ღმერთს უყვარხარ. ღმერთს უყვარხარ  იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე შენ გიყვარს იგი. თვითშეცნობის მეოხებით სამყაროს ეხსნები და ისიც გეხსნება შენ თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებით. ხოლო თვითშეცნობის გზა მედიტაციაზე გადის. 
თვითშეცნობისათვის თქვენ შეგიძლიათ მიბრძანდეთ ფსიქოლოგთან და გაიაროთ სხვადასხვა ტესტებსა და ფსიქოდიაგნოსტიკურ ინსტრუმენტებში; ფსიქოლოგი მოგაწვდით საგულისხმო ინფორმაციას თქვენი ინტელექტის, ემოციური სამყაროსა  და პიროვნული თავისებურებების შესახებ, მაგრამ ეს არ იქნება ჭეშმარიტი თვითშეცნობა.  ეს იქნება ფსიქოლოგის მიერ თქვენი ინფორმირება თქვენივე პერსონის შესახებ მეცნიერულად აპრობირებული მეთოდების მეოხებით. ამ შემთხვევაში პროფესიონალური სამყარო გიმეცნებთ თქვენ და გაწვდით ინფორმაციას თქვენს შესახებ, რაც შეიძლება ფრიად სასარგებლო იყოს თქვენთვის. მაგრამ ეს მაინც არ არის თვითშეცნობა. თვითშეცნობის არსი იმაშია, რომ თქვენ საკუთარი ძალისხმევით ჩაღრმავდებით საკუთარ არსებაში, დააკვირდებით თქვენს აზრებს, წარმოდგენებსა და წარმოსახვებს, განცდებსა და მოგონებებს, ემოციებსა და ქმედებებს, რის საფუძველზეც საკუთარი თავის შესახებ შექმნით სუბიექტურ სურათს. ფსიქოლოგების ტერმინოლოგიით ეს ერთგვარი ინტროსპექცია ანუ შინაგანი დაკვირვების პროცესია, რითაც შენვე იღებ ინფორმაციას შინაგანი სამყაროს შესახებ. ამ თვითდაკვირვების შედეგად მიღებული სუბიექტური სურათი, მე-ს ხატი და მე-კონცეფცია შედარებით მდგრადი და სტაბილურია, მაგრამ იმავდროულად იცვლება, ქმნადია და დინამიურია.
მაგრამ თვითშეცნობაცაა და თვითშეცნობა. რანაირად შეიძლება კონკრეტულმა ადამიანმა საკუთარი თავი შეიცნოს, როცა მას მრავალი წახნაგი, ნაწილი და განზომილებები აქვს, რომლებიც ურთიერთ-გადაჯაჭვულია. ადამიანი 4 განზომიელებიანი არსებაა: მას აქვს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და ღვთიური (გონითი) განზომილებები ან წახნაგები ან ნაწილები.
გავაკეთებ მოკლე განსაზღვრებებებს თითოეული განზომილების შესახებ.
·         როგორც კონკრეტულ ბიოლოგიურ არსებას, მას გააჩნია ძვლოვან-სისხლძარღვოვან-სასუნთქ-მოტორულ-ნივთიერებათა ცვლის-სენსორული-ნერვული და სხვა სისტემები.  ბიოლოგიური ორგანიზმი ფუნქციონირებს როგორც უჯრედოვან და ცალკეული სისტემის დონეზე, ისე მთლიან-ორგანიზმიკულ დონეზე.
·         კონკრეტული პიროვნების ფსიქოლოგიურ მხარეს შეადგენს შეგრძნებისა და აღქმის, მეხსიერებისა და წარმოდგენის, წარმოსახვისა და ფანტაზიის, აზროვნებისა და ნებელობის, განწყობის, ხასიათისა, ტემპერამენტის, ინტერესებისა და მოტივაციის  თავისებურებები.  
·         პიროვნების სოციალური განზომილება მოიცავს იმ სტატუსს, რაც ამ პიროვნებას უჭირავს სოციალურ ურთიერთობათა ქსელში, სოციალურ განწყობებსა და წარმოდგენებს, მის ეთნიკურ ან სოციალურ სტერეოტიპებს, ნორმებსა და სტანდარტებს, ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან და სხვათა დამოკიდებულებას მისდამი, სოციალური ზეგავლენის წყაროებსა და ეფექტებს.
·         ადამიანის გონით (ღვთიურ) განზომილებას შეადგენს მისი მიმართება უნივერსუმთან, ღმერთთან, მარადიულობასთან, ზებუნებრივ ძალებთან, მისი სწრაფვა განღმრთობისაკენ, მისი რწმენათა სისტემა და ფილოსოფიური მედიტაციები, მსოფლმხედველობითი განწყობები და ფუნდამენტალური ღირებულებები, აგრეთვე მისი ის ქმედებები და მოღვაწეობა, რაც უნივერსალურ და უმაღლეს ღირებულებებზეა  დაფუძვნებული.
ადამიანი როგორც ბიო-ფსიქო-სოციო-გონითი არსება თვითშეცნობის დროს შიგნიდან იმეცნებს საკუთარ თავს ამ ზემოთხსენებული 4 წახნაგის სხვადასხვა ასპექტის კუთხით. მაგრამ ამავე დროს ასეთი თვითშეცნობის მეოხებით თავად სამყარო იმეცნებს და სრულჰყოფს საკუთარ უკიდეგანო შესაძლებლობებსა და თავისებურებებს.
მე ვიცი 2 მედიტაციური ტექნიკა, რაც ეფექტურად ემსახურება თვითშეცნობის პროცესს. ერთია გ.გურჯიევის მეთოდი „სდექ“ და მეორეა რ. მახარშის „ვინ ვარ მე?“. გ.გურჯიევის „სდექ“ მედიტაცია გუისხმობს გაბმული მოქმედების პროცესში მოულოდნელად ყველანაირად შეჩერებას და ყურადღების სრულ ფოკუსირებას საკუთარ თავზე, თუ რას გრძნობ, განიცდი, რას ფიქრობ იმაზე თუ სად ხარ, ვინ ხარ, რას აკეთებ, რა არის შენი ცხოვრების საზრისი, რას გრძნობს სხეული, რა ურთიერთობებში ხარ ჩართული, როგორ მიმდინარეობს შენი ფიქრი და აზროვნება, რა გსურს, რა ადგილი გიჭირავს ამ უსასრულო სამყაროში და ა.შ. რ. მახარშის მედიტაციური ტექნიკა ძალიან მარტივია და გულისხმობს ერთი და იგივე კითხვის - „ვინ ვარ მე“ - ხშირ-ხშირად დასმას საკუთარი თავისადმი.  გ.გურჯიევმა თავის მეთოდს თვითშეხსენების მეთოდი უწოდა, რაც გულისხმობს იმას, რომ საკუთარი თავი დაკარგული და დავიწყებული გვყავს და ისევ ვუბრუნდებით მას, მასთან შეხვედრა გვაქვს. ასევეა რ. მახარშის „ვინ ვარ მე?“ მედიტაციის დროსაც. განმეორებითი თვითშეკითხვის დროს საკუთარ თავს ვხვდებით. თუ დავაკვირადებით ქართულ სიტყვას „ შე-ხვედრა“, ვნახავთ, რომ მის ფუძეშია სიტყვა „ხვედრი“. გამოდის, რომ როცა ვინმეს ან რაიმეს ხვდები, ეს შენი ხვედრია. გ.გურჯიევისა და რ. მახარშის მედიტაციურ ტექნიკებში შენი ხვედრი ხდება საკუთარ თავთან შეხვედრა. ამ იდეებიდან გამომდინარე შევიმუშავე და გთავაზობთ თვითშეცნობის მედიტაციურ 4 ტექნიკას. პირველი ეხება ჩვენს ბიოლოგიურ განზომილებასთან მედიტაციურ შეხვედრას, მეორე - ფსიქოლოგიურ განზომილებასთან, მესამე - ჩვენს სოციალურ ნაწილთან კონტაქტს, მეოთხე კი გონით (ღვთიურ) საწყისთან ზიარებას.
თვითშეცნობის მედიტაციური ტექნიკები (ოთხდღიანი მედიტაციური სავარჯიშოები)
1.    ბიოლოგიურ განზომილებასთან შეხვედრა.
ერთერთ ჩვენს სტატიაში უკვე ვისაუბრეთ მედიტაცია ვიპასანაზე, როცა თავდაპირველად ხდება სხეულის სხვდასხვა ნაწილების დაკვირვება, ამ ნაწილებზე ცნობიერების შუქის მინათება და მასზე ყურადღების  გამახვილება. შემდეგ გადავინაცვლებთ ემოციებისა  და ბოლოს კი აზრების დაკვირვებაზე. მაგრამ ამჯერად შემოიფარგლეთ მხოლოდ სხეულის სხვადასხვა ნაწილების  (დაწყებული ფეხის თითებითა და დამთავრებული თავით) მედიტაციური შეგრძნობა-მოსმენა-ხილვა-დკვირვება-მოაზრებით.  მთლიანად ხდებით სხეული და გადაიქეცით სხეულზე დაკვირვების პროცესად, მთელი თქვენი არსება მიუერთეთ დაკვირვება-მონიტორინგისა და მოწმედ ყოფნის ამ პროცესს.
შიგადაშიგ თქვენს თავს დაუსვით კითხვები: 1) ვინ ვარ მე როგორც სხეული?; 2) რა შეუძლია ჩემს სხეულს ან მის ამათუ იმ ორგანოს?; 3) რა შემიძლია შევცვალო და როგორ?; 4) როგორ უნდა იმოქმედოს ჩემმა სხეულმა ან მისმა ამათუ იმ ნაწილმა?; 5) რისი იმედი შეიძლება მქონდეს ჩემი სხეულის ამა თუ იმ ნაწილთან დაკავშირებით?; 6)რა საზრისი ან ღირებულება აქვს ჩემი სხეულის მედიტაციურ გაცნობიერებას?; 7) რა სარგებლობას უნდა ველოდო სხეულის ამ გამუდმებული გაცნობიერების პროცესიდან?
არსებულ რელიგიებში სხეულთან დაკავშირებით ყოველთვის ორმაგი სტანდარტი არსებობდა: ერთის მხრივ, სხეული ყოველთვის იყო დართგუნვის, გვემის ან იგნორირების საგანი და, მეორეს მხრივ, იგი გადამეტებული კულტივირების („ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“) ან ჰედო ნისტური დამოკიდებულების ობიექტი. ადამიანის საჭიროებებიდან, მოთხოვნილებებიდან და სურვილებიდან უმეტესობა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია სხეულთან და მისი საჭიროებების დაკმაყოფილებასთან. ჭამა-სმა, ჩაცმა-დახურვა,  უსაფრთხოება და დაცულობა, ჯანმრთელობა და ა.შ. მოცემულობა ასეთია: ბუნებამ, სამყარომ, უნივერსუმმა ადამიანის სხეულის იმდაგვარ ჩამოყალიბებაზე, როგორიც ის აქვს თანამედროვე ადამიანს, მილიონობით წელი მოანდომა. შედეგად შექმნა მართლაც სასწაული ადამიანის სხეულის სახით მთლიანად, და კერძოდ კი, ტვინის სახით. მოცემულობაა აგრეთვე ის, რომ სხეული და სული ერთიანია მიუხედავად იმისა, რომ სხეულის სიკვდილის შემთხვევაში სული აგრძელებს არსებობას ჩვენთვის უხილავი და უცნობი სახით.  სხვათაშორის საინტერესოა სიტყვა „სხეული“ : თუ დავუკვირდებით, სხეული შედგება სიტყვისაგან  „ს..ული“ და იქ ორი წერტილის ნაცვლად ჩასმული სიტყვისაგან „ხე“. ეს ფრიად ნიშანდობლივია. სხეული განსულიერებულია - ესაა მოცემულობა. ამის დასტურია ათასნაირი მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები ფსიქიკისა და სხეულის (ფიზიოლოგიურის) მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ.
მაინც რითაა სასარგებლო და რა საზრისი აქვს ამდაგვარ მედიტაციას? იგი სხეულის შიგნიდან გაგების, სხეულის სიბრძნის დაუფლების, ტკივილისა და ჯანმრთელობის მართვის უნარების გამომუშავებისა და დახვეწის საშუალებაა. სხეულის ფლობა და მისი თვითმართვა-კონტროლი მეტად მნიშვნელოვანი თვისებაა ჰარმონიულად წარმატებული ადამიანის ცხოვრებისათვის. დაბოლოს სიცოცხლის ხარისხისა და ხანგრძლივობის ზრდის, სიჯანსაღის შესანიშნავი საშუალებაა მედიტაციური ვარჯიშები; ხოლო ჯანმრთელობა და სიჯანსაღე მართალია არ არის ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი გაუფასურებულია, როცა ჯანმრთელობა და სიჯანსაღე შერყეულია.
გააკეთეთ ეს მედიტაციური სავარჯიშო დილით, შუადღეს და საღამოს. ეს იქნება ოთხდღიანი მედიტაციური ციკლის პირველი დღე.
2.    ფსიქოლოგიურ ნაწილთან შეხვედრა.
 დაიწყეთ მედიტირება თქვენს ფსიქიკურ სამყაროზე. აღიქვით თუ როგორ აღიქვამთ, დაინახეთ თქვენი ხედვა, მოუსმინეთ თუ როგორ გესმით ან უსმენთ, შეეხეთ იმას, თუ როგორ ეხებით საგნებსა და მოვლენებს, შეიგრძენით თქვენი შეგრძნებები და გრძნობები, დააკვირდით და მოიაზრეთ თუ როგორ აზროვნებთ, წარმოიდგინეთ თუ როგორ წარმოიდგენთ ან გაიხსენებთ ან დაიხსომებთ ან დაივიწყებთ რაიმეს, წარმოისახეთ თუ როგორ ოცნებობთ და წარმოისახავთ არსებულსა და არ-არსებულს, დაუკვირდით და რეაგირება მიეცით იმას, თუ როგორ რეაგირებთ ამა თუ იმ მოვლენაზე, თქვნი ნების გამოხატვით შეიცნეთ თქვენი ნებელობა, იმპულსური ან ნებისყოფით წარმართული ქცევა, დაისახეთ მიზნად მიზანდასახულობა, ჩასწვდით და თვალის გაუსწორეთ თქვენი ხასიათისა და ტემპერამენტის თავისებურებებს, უნიკალურად გაითავისეთ საკუთარი პიროვნების უნიკალობა. მოკლედ, მიანათეთ ცნობიერების შუქი თქვენს პიროვნებას, ფსიქიკასა და შინაგან სამყაროს. დაბოლოს, იმედიტირეთ იმაზე, თუ როგორ მედიტირებთ.
დასვით კითხვები: 1) ვინ ვარ მე?; 2) რა შემიძლია მე და როგორ განვახორციელო ჩემი შესაძლებლობები?; 3) რა შემიძლია შევცვალო ჩემში და როგორ?; 4)რა უნდა ვაკეთო მე?; 5) რისი იმედი მქონდეს?; 6) რა საზრისი აქვს საკუთარ შინაგან სამყაროზე მედიტირებას? 6) რა სარგებლობას მომიტანს ეს მედიტაცია და რა ხეირია მასში? 7) რას უნდა ველოდო მედიტაციის შედეგად? თქვენ დასვით კითხვები, პასუხები თვითონ მოგძებნიან. არ არის აუცილებელი წიგნებიდან ამოკითხულით ისარგებლოთ, აქ უფრო მნიშვნელოვანია თქვენი შინაგანი განცდა და თქვენეული მიგნებები. აქ თქვენ თვითონ უნდა გამდიდრდეთ პიროვნული გამოცდილებით და არა ვინმეს მიხედვით იმოქმედოთ. თქვენი უნიკალური გამოცდილება არის ის წიაღი, საიდანაც ამოიზრდება უნიკალური წარმატებისა და ბედნიერების შეგრძნების ნერგი.
თქვენ შეგიძლიათ ამ სავარჯიშოს მიმართოთ მედიტაციური ციკლის მეორე დღეს და  დღეში სამჯერ ჩაატაროთ იგი.
3.    სოციალურ განზომილებასთან კონტაქტი
ჩვენი ცხოვრება გადაკვეთების ადგილია. მასში ერთმანეთთან გადაიკვეთება საუკუნეები, მრავალ ადამიანთა აურაცხელი ურთიერთობები, ათასნაირი ზეგავლენები. აქციეთ მედიტაციის საგნად ის ურთიერთობები, რომელშიც ჩართული ხართ. თქვენი ოჯახი, ნათესავ-მეგობრები, უახლოესი და შორეული წინაპრები, პროფესიული წრე ან  ყოფილი და ახლანდელი თანამშომლები, საზოგადოება, თქვენი ქვეყანა, უცხოელი მეგობრები, მასწავლებლები ან წიგთა და ნაწარმოებთ ავტორები, რომელთაგან ბევრი რან შეითვისეთ.... ჩვენ ვცხოვრობთ უკიდეგანო სამყაროსა და უსასრულო ურთიერთობათა ქსელში. ჩვენი „მე“ ჩვენი კანით არ მთავრდება. კანის იქეთ უსაზღვრო სამყაროა, რომელიც ჩვენი ნაწილია და რომლის ნაწილიც  ჩვენ ვართ.
დასვით კითხვები: 1) ვინ ვარ მე და რა არის ჩემი ურთიერთობების ქსელები?; 2) რა შესაძლებლობების რეალიზება შემიძლია იმ ურთიერთობათა ქსელებში, რომელშიც ჩართული ვარ? ; 3) რა შემიძლია შევცვალო ურთიერთობებში და როგორ?; 4) რა უნდა ვაკეთო ამ ურთიერთობათა ქსელებში? რა ვალდებულებები მაქვს?; 5) რა საზრისი აქვს ამ ურთიერთობათა ქსელებში ყოფნას და მასზე მედიტირებას?; 6) რისი იმედი მაქვს ამ ურთიერთობათა ქსელებში ცხოვრების პირობებში?; 7) რას უნდა ველოდო ამ მედიტირებისაგან?
ათასნაირმა მიგნებებმა შეიძლება ამოჰყოს თავი ურთიერთობათა ქსელებზე მედიტაციისას, რამაც შეიძლება ცხოვრებისეული წარმატება გარდაუვალი გახადოს.
ამ მედიტაციას შეგიძლიათ მიმართოთ მედიტაციური ციკლის მესამე დღეს.
4.    ღვთიურ (გონით) ნაწილთან ზიარება
კაცობრიობის დასაბამიდნ ადამიანს, ი. კანტის სიტყვების პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, „მის გარეთ აოცებდა ვარსკლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი მის შიგნით“. ამ უკიდეგანო სამყაროში ადამიანი ეძებდა სამყაროს პირველსაწყისს და პიროვნულ საყრდენს. ამიტომაც იგი მიმართავდა ზებუნებრივ ძალებს, ღმერთს. უნივერსუმთან მიმართება უბიძგებდა ადამიანს განბრძნობისაკენ, სამყაროს საიდუმლოს ამოხსნისაკენ, ფილოსოფიური ჩაღრმავებისაკენ. ქრისტეს მოსვლამ ღმერთის განკაცება ამცნო ადამიანებს, რამაც კაცის განღმრთობისაკენ სავალი გზა დასახა. მედიტაციური ანუ მღვიძარების გზა ყველა წამყვანი რელიგიებისათვის იყო და არის დამახასიათებელი. ღვთიური (გონითი) ნაწილი ყველა ადამიანს აქვს და ამ აზრითაც პრინციპები -  „ღმერთი ჩვენს შიგნით არის“ ან „ღმერთმა კაცი შექმნა ხატად თვისად“  - ადამიანის გონითი (ღვთიური) განსაზღვრულობის გაჟღერებაა.
მედიტაციური ციკლის მეოთხე დღე სწორედ უნივერსუმთან, ღმერთთან თქვენს მიმართებას შეიძლება მიეძღვნას. ამით თქვენ უნივერსუმის კარებს აღებთ. თქვენ უკვე გადიხართ თქვენი სხეულის, თქვენი შინაგანი სამყაროსა და „მე“-ს, თქვენი ურთიერთობების ქსელების მიღმა და ახდენთ ტრანსცენდირებას, უსაზღვროდ ფართოვდება თქვენის ცნობიერების საზღვრები და ბოლოს ხდებით სუფთა ცნობიერება. თქვენ კონტაქტს ამყარებთ მარადისობის უშრეტ წყაროსთან და იგი ულევად მიედინება თქვენში და თქვენი ნაწილი ხდება უკიდეგანო სამყარო, რომლის ნაწილიც თქვენ ხართ. აქამდე კი მისვლაა საჭირო და ეს მდგომარეობა რეგულარული მედიტაციით მიიღწევა.
შედით სამყაროსთან, უნივერსუმთან, ღმერთთან დიალოგის, „მე და შენის“ ურთიერთობის რეჟიმში. დასვით კითხვები: 1) ვინ ვარ მე ამ უკიდეგანო სამყაროში? ; 2) რაში ვჭირდები მე ღმერთს, უნივერსუმს?; 3) რას შემიძლია მივაღწიო მე განღმრთობის გზაზე და როგორ?;
სწორედ ეს გახლავთ ოთხდღიანი მედიტაციური ციკლის მეოთხე დღის შინაარსი. გააკეთეთ იგი დღეში სამჯერ.
სამყარო ადამიანის ცნობიერებით იმეცნებს საკუთარ თავს. ამიტომაც თვითშეცნობით იხსნება კარები, საიდანაც შენში სამყარო შემოდის. ადამიანი ცდილობს დაიპყროს ბუნება, მაგრამ ეს ილუზიაა, ის ვერც იმარჯვებს და ვერც იპყრობს ბუნებას. ადამიანი ხომ თვითონაც არის ბუნება. ბუნება ცდილობს საკუთარ სრულყოფას ადამიანის გონების გამოყენებით. მაგალითად, ავიღოთ ხელოვნური ორგანოები, მაგალითად, ხელოვნური გული. ხელოვნურმა გულმა შეიძლება ჩაანაცვლოს ბუნებრივი გული. ხელოვნურ გულს არასდროს ექნება კარდიალური შეტევები. თუკი რაიმე ამ ხელოვნურ გულში გამოვიდა მწყობრიდან, იგი შეიძლება შეიცვალოს. მეცნიერების ყოველი აღმოჩენა, ხელოვნების ყოველი ნიმუშის შექმნა მიიღწევა იმით, რომ ბუნება თანაგვიგრძნობს ჩვენ და გვაზიარებს თავის საიდუმლოებებს. ჩვენი გონება თვითონ არის ბუნება, რომელიც ცდილობს საკუთარი თავის სრულყოფასა და შემეცნებას. გონების ასეთი ძალა გაცნობიერების წყალობით ხორციელდება, ხოლო მუდმივი გაცნობიერება ანუ მედიტაცია (მღვიძარება) არის საშუალება  ჰარმონიაში ვიყოთ საკუთარ სხეულთან, საკუთარ შინაგან სამყაროსთან, სოციუმთან, ადამიანებთან და ღმერთთან ურთიერთობებში.
ვიცი, რომ დაკავებულობის, დროის უქონლობის ან სიზარმაცის გამო გაგიჭირდებათ ამ მედიტაციური ტექნიკების თქვენს ცხოვრებაში დანერგვა. მაგრამ რას იზამთ, მარადისობისკენ, ბედნიერებისა და წარმატებისკენ სავალი გზა მედიტაციურ აქტივობას უკავშირდება, რადგან მისი მეოხებით მუდმივი გაცნობირების პროცესის თანაზიარი ხდებით, ხოლო მარადიულობა  სუფთა ცნობიერებას უკავშირდება და არა წარმავალ მატერიალურ რეალობას რაგინდ მომხიბლავი არ იყოს იგი. ჩვენი იმდენად ვართ მარადიული , რამდენადაც სამყაროს მიერ საკუთარი თავის გაცნობიერების პროცესთან ვართ წილნაყარნი, ხოლო მღვიძარება ანუ მედიტაცია პერმანენტული გაცნობიერების პროცესია. ამ დროს ცნობიერება მოწმის, მხილველის, მჭვრეტელის, გასხივოსნებულის პოზიციაშია, როცა დრო იკარგება და ცნობიერება სრულიად ერწყმის სამყაროს პირველსაწყისებს. ვიცი, რომ დაიზარებთ, ან სამუდამოდ გადადებთ ამ პროცესს, მაგრამ მაინც თუ გადაწყვეტთ აიმაღლოთ სიცოცხლის ხარისხი და ბედნიერების ინდექსი, მაშინ დაასტრუქტურეთ თქვენი ცხოვრება ოთხდღიან ციკლებად. ამ ციკლის პირველი დღე მოანდომეთ სხეულზე მედიტაციას დღეში სამჯერ 10-10 წუთით, მეორე დღე - შინაგან ფსიქოლოგიურ სამყაროზე მედიტაციას, მესამე დღე - სოციუმთან, ადამიანურ ურთიერთობებთან, წინაპრებთან და მთელ ისტორიულ პროცესთან მჭვრეტელობით (მედიტაციურ) დამოკიდებულებას, მეოთხე დღე კი ღმერთთან, უნივერსუმთან, სამყაროს პირველსაწყისებთან მედიტაციურ თანაზიარობას. დღეში სულ 30 წუთი დაგეხარჯებათ, მაგრამ ეს სულიერი გამოცდილება აკუმულირდება და თავის დროზე მოგცემთ კეთილისმყოფელ ნაყოფს. დამილოცნია თქვენი ამ  გზაზე მოგზაურობა და მეც ამიერიდან ვიმედიტირებ თქვენს მომავალ ბედნიერებასა და წარმატებაზე. იბედნიერეთ!!







Комментариев нет :

Отправить комментарий